"მე - წიგნი" - პროექტი, რომელიც წიგნის პირისპირ გვაყენებს - კვირის პალიტრა

"მე - წიგნი" - პროექტი, რომელიც წიგნის პირისპირ გვაყენებს

2009 წელს მედია "პალიტრამ" არაერთი საინტერესო იდეა მიაწოდა საზოგადოებას. "მე - წიგნი" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ინტერესი წიგნის მიმართ. სწორედ ამ ფარგლებში ტარდება გამოკითხვაც: "დაასახელეთ 50 ნაწარმოები, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

მარიკა დარჩია, პროექტის ავტორი:

- წელს ედინბურგში ტრადიციული ფესტივალის დღეებში მოვხვდი. როცა სადმე მივდივარ, აუცილებლად უნდა შევიდე წიგნის მაღაზიებში... ამჯერადაც ასე მოვიქეცი და უაღრესად საინტერესო ფაქტს გადავაწყდი: ყოველ ათ წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება გამოკითხვა, რა 50 ნაწარმოები უნდა წაიკითხოს ადამიანმა აუცილებლად. ინგლისურად ასეთი ფორმულირება აქვს, სანამ გარდაიცვლებიო... ჩვენ ასეთი ფორმულირება ვარჩიეთ: "ვიდრე ცოცხალი ხარ". ყველა ქვეყანას ცოტა განსხვავებული ჩამონათვალი აქვს, ყველა მათგანში ადგილი ეთმობა ეროვნულ ლიტერატურას. ჩემთვის გასაკვირი იყო, როცა ჩამონათვალში ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო" ან "მოხუცი და ზღვა" კი არა, არამედ სულ სხვა, ნაკლებად ცნობილი მოთხრობა იყო. სწორედ იმიტომ, რომ ისინი უმრავლესობამ დაასახელა. ჩემთვის, როგორც მკითხველისათვის, ბევრი რამ იყო საკამათო, მაგრამ გაითვალისწინეთ, იმ დროის გამოძახილია.

- ჩვენთან როგორ მიდის პროექტის ფარგლებში გამოკითხვა?

- ჩვენ ცოტა გავაფართოეთ ევროპაში აპრობირებული პროექტი და დავამატეთ შეხვედრები წიგნის მაღაზია "ბიბლუსში". ახალგაზრდები თავად ირჩევდნენ სტუმარს. გარდა შეხვედრებისა, რომლებზეც თავიანთ ჩამონათვალს ტოვებენ, საზოგადოებრივი გამოკითხვები ინტერნეტითაც დავიწყეთ. ფეისბუქზე არის ჯგუფი "ბიბლუსი პალიტრა", რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს. უკვე გვაქვს 400-ზე მეტი დაინტერესებული ადამიანის ჩამონათვალი. იანვრიდან დავიწყებთ ლიტერატორთა, კრიტიკოსთა გამოკითხვას, მათი ჩამონათვალი ცალკე შეგროვდება და გამოიცემა. აუცილებელი პირობაა, 50-დან 7 ნაწარმოები მაინც იყოს ქართველი ავტორის.

გაჩნდა აზრი, რომ ქართველი ავტორების 50 აუცილებლად წასაკითხი ნაწარმოების ჩამონათვალი ცალკე გაკეთდეს. ვფიქრობთ იმაზეც, რომ ცალკე შეგროვდეს ლექსების ჩამონათვალი. ალბათ, გაზაფხულზე შევაჯამებთ შედეგებს, გაზეთ "კვირის პალიტრაში" კი უკვე ჩადებულია გამოკითხვის ბარათი. როდესაც ყველაფერი შეჯამდება, შედეგები გვინდა ამოიტვიფროს მეტალის სანიშნებელზე, რომელიც არ გაფუჭდება და დიდხანს გვექნება როგორც გზამკვლევი. გარდა ამისა, კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.

ჩვენი პროექტით საკრებულო დაინტერესდა. სახელმწიფოს ინტერესებშიც ხომ შედის, რომ ჰყავდეს განათლებული და წიგნიერი საზოგადოება.