რას მიიჩნევს ხალხი 2013 წლის მთავარ მოვლენად
23-12-2013
რას მიიჩნევს ხალხი 2013 წლის მთავარ მოვლენად
თქვენ გეძლევათ სიტყვა!

"ამბობენ, როცა ნაძვის ხეს რთავ, სურვილი უნდა ჩაუთქვა. ერთი ბიჭი მყავს, მინდა მეორე შვილი გოგონა შემეძინოს. ვნახოთ, თუ ამიხდება"


წლის მიწურულს ნებისმიერი ჩვენგანი განვლილ წელს აფასებს და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უყრის თავს. გასული 2013 წელი უდავოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით და, ალბათ, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაშიც მოხდა ისეთი რამ, რაც ყოველთვის გვემახსოვრება.


ნანა მაისურაძე: "ბევრი პოლიტიკური მოვლენა შეიძლება დაასახელო, რაც 2013 წლის მოვლენების ჩამონათვალში შევა -
საპრეზიდენტო არჩევნებით დაწყებული და ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულებით დამთავრებული. მაგრამ შედეგი  იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ყოველი მოქალაქის პირობები. 2013 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან 60 წელი შემისრულდა და რამდენიმე თვის წინ პირველი პენსია ავიღე. პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ წლებია, რაც სპეციალობით აღარ
ვმუშაობ. არაფერს ვთაკილობდი, თავი რომ მერჩინა, ხან რესტორანში ვმუშაობდი ჭურჭლის მრეცხავად და ხანაც სახლებს ვალაგებდი, მაგრამ ჯანმრთელობა შემერყა და ავადმყოფიც არავის უნდა სამსახურში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ველოდი საპენსიო ასაკს, რომ საარსებო წყარო მქონოდა. სიბერე რომ გაგახარებს ადამიანს... ახლა თავად განსაჯეთ, ვიცინო თუ ვიტირო?"

სოსო ქავთარაძე:
"წლის მოვლენა ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ელოდება, რა განაჩენით დასრულდება მისი საქმე. ეს, ალბათ, მომავალი წლის მოვლენა იქნება. წლის მოვლენა იყო ასევე სააკაშვილის ქვეყნიდან და ტელევიზორის ეკრანებიდან "გაუჩინარება". ტელევიზორში რომ ვერ ხედავს, ჩემი ხუთი წლის გოგონა ლამის ყოველდღე კითხულობს, მიშა სად არისო?"

სოფიო ნინიძე: "წელს ჩემი შვილი გამოვიდა ციხიდან და ეს იყო ჩემთვის წლის, საუკუნის და მთელი ცხოვრების მოვლენა. მომავალი წლისგან კი ველოდები, რომ სამსახურს მაინც იშოვის და იპოვის თავის ადგილს, რომლისგანაც 7 წელზე მეტხანს იყო იზოლირებული".

გერონტი დოკვაძე:
"საჩხერელი ვარ, ბიძინას სამშობლოდან. ჩემთვისაც გასული წელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო იყო მნიშვნელოვანი. საჩხერელებს ბიძინამ ბევრი რამ გაუკეთა და იმედია, მომავალშიც ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა, საჩხერელებს იმედი მოგვეცა, რომ უფრო მეტად მოიცლის ჩვენთვის. ჩვენც არ უნდა დავიზაროთ და ყველაფერი კარგად იქნება. მას შემდეგ, რაც ეს ხელობა ვისწავლე, ვაცხობ პურს და ვარჩენ ოჯახს. მომავალი წლისგან ყველაზე სასიხარულოს - შვილს ველოდები, ვაჟი მეყოლება!".

ლაშა ჯიქია: "ქვეყნისთვის თუ ვიმსჯელებთ, გასული 2013 წელი არაფრით არ იყო გამორჩეული. არჩევნებში მარგველაშვილმა კი არ გაიმარჯვა, ისევ ივანიშვილს გამოუცხადა ხალხმა ნდობა, ისევე როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ბიძინამ კი რა ქნა? დაიხურა ქუდი და წავიდა! რომ მოდიოდა პოლიტიკაში, მაშინ გვეკითხებოდა ამომრჩევლებს და წასვლა აღარ იყო ჩვენთვის საკითხავი? მომავალი წლის მოვლენა კი ის იქნება, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი კოალიცია ხუხულასავით დაგვენგრევა თავზე და ისევ "ნაციონალების" საჯიჯგნი გახდება ქვეყანა".

მარიკა სუხიშვილი:
"ვფიქრობ, წლის მოვლენა სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავები და ის ფარული ჩანაწერები იყო, რომლებიც საზოგადოების ნაწილმა დახურულ ჩვენებაზე ვნახეთ. ეს იყო სარკე, ანარეკლი იმ რეალობისა, რომელშიც ვცხოვრობდით და რისი დანახვაც მომავალში ნამდვილად არ მინდა".

გივი მახარაშვილი: "ჩვენთვის, გლეხობისთვის, ცუდი წელი ნამდვილად არ ყოფილა. გაზაფხულზე ხვნა-თესვისთვის ბარათები დაგვირიგეს, შემოდგომაზე ყურძნის კარგი მოსავალი მოვიდა და ფასიც კარგი ჰქონდა. აქეთ, ჩემო ბატონო, ქართული ღვინო შევიდა რუსეთის ბაზარზე... ერთი ეგ არის, აჭარელი გლეხები მეცოდებიან, ციტრუსი რომ უფუჭდებათ. მთავრობამ ახლა ქარხნების გახსნაზე უნდა იფიქროს, რომ ჩვენი პროდუქცია ჩვენვე დავამზადოთ და ჩვენვე მოვიხმაროთ. როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი პროდუქციის გამსაღებელი?!"

მაყვალა სოლომონია:
"უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო, რომ ყველა მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო. სამი შვილის დედა ვარ და ჩემთვის ეს დიდი შეღავათია, მაგრამ რაც დრო გადის, გულზე დარდი მაწვება, რომ სასწავლო წლის ბოლოს თითქმის ყველა ამ სახელმძღვანელოს საფასურის გადახდა მომიწევს. წიგნები იმდენად უხარისხოა, რომ მალე შეილახა. არადა, წინ კიდევ ნახევარი წელია".

ნათია ომანაძე: "ეს წელი ჩემთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ახალი სამსახური მაქვს და რაც მთავარია, ძალიან მომწონს. ამბობენ, როცა ნაძვის ხეს რთავ, სურვილი უნდა ჩაუთქვა. ერთი ბიჭი მყავს, მინდა მეორე შვილი გოგონა შემეძინოს. ვნახოთ, თუ ამიხდება".

ნოდარ მამასახლისი: "რა ვიცი, გენაცვალე, მარტო ვმუშაობ და როდის იქნება მზად! ეს ისე, ხუმრობით. ყველამ უნდა გავანძრიოთ ხელი და სოფელიც აშენდება! გასულ წელსაც, წინა წლებშიც, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა - კარგიც და ცუდიც. მცირედით პენსიები გაიზარდა, მაგრამ იქით ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ ქართულ სოფლებში. ხალხს იმის შიში აღარ აქვს, რომ ქონებას უსამართლოდ წაართმევენ ან ციხეში გამოამწყვდევენ, მაგრამ ბევრი ელოდება წართმეულის უკან დაბრუნებას. სახელდახელოდ მოწყობილი კარვები სავსეა უპოვრებითა და უსახლკაროებით, მთავრობაში კიდე ახალ ჯიპებზე ფიქრობენ, პარლამენტში კი, დეპუტატები მუშტი-კრივში აცდენენ დროს. რამდენი ასეთი მაგალითი ჩამოვთვალო."
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით