ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ფაქტები, ადამიანები - კვირის პალიტრა

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ფაქტები, ადამიანები

წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით, ფეხი აგვეწყო  საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის, ყური მუდამ თქვენს მაჯისცემაზე გვქონოდა - გავამართლეთ  თქვენი მოლოდინი?...

ბოლოს, როცა განვლილი წლის ნამუშევარს გადავხედავთ ხოლმე, ვრწმუნდებით, რომ ეს შევძელით... და ასე გრძელდება აგერ უკვე 17 წელია!.. დიახ, რუბრიკა - რეიტინგი უკვე 17 წლისაა!..

წელსაც, წლის მიწურულს, მთელი წლის ნამუშევრის შეჯამების დრო დგება და რეიტინგი საშუალებას გაძლევთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, როგორი იყო მათ მიმართ თქვენი განწყობა, როგორი იყო თქვენი მაჯისცემა.

2013 წელი პოლიტიკურად მეტად აქტიური წელი იყო, მოსახლეობა კი  - პოლიტიზებული, - ასეთი შეფასება მისცა მკითხველმა საქართველოს მოსახლეობას...

როგორც აღმოჩნდა, მკითხველებს ყველაზე მეტად აინტერესებთ: შიდაპოლიტიკური მოვლენები, სოციალური თემები და მსოფლიო პოლიტიკა.

წლის დასაწყისშივე მკითხველმა ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები დაასახელა: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, თეა წულუკიანი; დაახლოებით ნახევარ წელიწადში კი რეიტინგში თეა წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა.

ყველაზე ძალაუფლებისმოყვარე პოლიტიკოსები: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა.

ყველაზე ამბიციურები: მიხეილ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე.

ინტელექტუალები: ლევან ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი.

ყველაზე დემოკრატიულად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსები: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, თეა წულუკიანი.

ყველაზე გამბედავი ადამიანები: ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ ბედუკაძე, კობა დავითაშვილი.

მკითხველი ყველაზე დადებითად ბოლო პერიოდის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას როლს აფასებს.

მკითხველთა კრიტიკას ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და კონსტანტინე კუბლაშვილი იმსახურებენ.

მკითხველის აზრით, აგვისტოს მოვლენების გამოძიება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს არ აძლევს ხელს. ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა კი - სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს. ამ სამეულსვე აკისრებს მკითხველი წინა ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებაზე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას.

პოსტისთვის შესაფერისნი: ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი.

მკითხველებმა სასურველი პრეზიდენტის ერთგვარი პორტრეტიც შექმნეს: საქართველოს პრეზიდენტისთვის აუცილებელია  შემდეგი მახასიათებლები: პატრიოტიზმი, გაწონასწორებულობა, ინტელექტი.

უფლება რომ ჰქონდეთ, პოსტებზე სალომე ზურაბიშვილს (30.9%), გოგა ხაინდრავასა (8.6%) და ვანო მერაბიშვილს (7.8%) დააბრუნებდნენ.

საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას მეტ-ნაკლებად გამოხატავს - ასე ფიქრობს რესპონდენტთა 53.1%.

საპრეზიდენტო არჩევნებს მკითხველთა 76.7% დემოკრატიულად აფასებს.

ამ არჩევნებისგან კი მკითხველთა მოლოდინი ასეთი იყო: დასაქმება, ეკონომიკური წინსვლა, კომუნალური ტარიფების შემცირება.

ივანიშვილის ერთწლიან საქმიანობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მკითხველთა 73.3% დადებითად აფასებს.

ასევე დადებითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილებასაც. ამ ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ დარგებად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებს ასახელებენ. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობას გაუმჯობესებულად მკითხველთა 75.9% მიიჩნევს. მათი აზრით, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ასევე სიტყვის თავისუფლების კუთხითაც.

ხელისუფლების დაპირებებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვნად დასაქმებას, სამართლიანობის აღდგენასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მიიჩნევენ, რადგან მათი აზრით,

ყველაზე აქტუალური პრობლემა უმუშევრობაა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მხრივ მდგომარეობა გამოსწორებულია, მკითხველთა უმრავლესობამ ის იმ სფეროთა შორის დაასახელა, სადაც აუცილებელია ძირეული ცვლილებები, ესენია: სასამართლო სისტემა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო, სასჯელაღსრულების სისტემა.

არჩილ კბილაშვილის გადადგომის რეალურ მიზეზად კი მკითხველთა 53.5% მთავარი პროკურორის პოსტზე მის წარუმატებელ საქმიანობას (სისუსტეს) ასახელებს.

სასამართლო სისტემას მკითხველთა 66,5% არ ენდობა.

არ არის აუცილებელი, თბილისის მერი იყოს თბილისელი, - ასე ფიქრობს რესპონდენტთა 57.8%.

საქართველოში დღეს ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები არიან: სასულიერო პირები, პოლიტიკური ელიტა, წარმატებული ბიზნესმენები.

მკითხველთა 54.9% მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების დონე არ იცვლება. ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 250-დან 300-ლარამდე თანხას უნდა შეადგენდეს.

პოლიტიკურ ოჯახურ წყვილთაგან მკითხველთა ყველაზე მეტ კეთილგანწყობას იმსახურებენ: ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი, კახა კალაძე და ანუკი არეშიძე.

მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე მკითხველთა 41,8% ძალიან უარყოფითად აფასებს.

მკითხველთა 77%-ს პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებების არ სჯერა.

სექტემბრის თვეში მკითხველებმა ის საკითხები დაასახელეს, რაშიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ ხელისუფლებას: ე.წ. კოაბიტაცია, საკადრო პოლიტიკა, დაპირებების შეუსრულებლობა.

მკითხველებს წლის თითქმის ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენაზე შეეძლოთ აზრის დაფიქსირება:

ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება სამართლიანობის აღდგენად შეაფასა მკითხველთა 84.2%-მა, მხოლოდ 2.8%-მა უწოდა მას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

17 მაისის აქციაზე მკითხველთა 76.8%-მა დადებითად შეაფასა პოლიციის როლი.

მკითხველთა უმრავლესობის (72.7%) აზრით, საქართველოს მთავრობამ ავღანეთიდან უნდა გამოიყვანოს ქართული ჯარი.

აბორტის აკრძალვის მომხრე რესპონდენტთა 57.7%-ია

მკითხველთა 55.5%-ის გადაწყვეტილებით, საქართველომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა უნდა მიიღოს.

მკითხველები სხვა უამრავ საინტერესო თემასაც გამოეხმაურნენ, საკუთარი შეხედულებები და განწყობა დააფიქსირეს არაპოლიტიკურ თემებზე:

საქართველოში სამსახურის საშოვნელად საჭიროა: პროფესიული ცოდნა, მეგობრები/ნაცნობები, საზღვარგარეთ მიღებული განათლება.

ყველაზე მეტი მოთხოვნა საქართველოში ფინანსურ მენეჯერებზე, მარკეტინგის მენეჯერებსა და იურისტებზეა.

ყველაზე წარმატებული ტელეპროექტები: "ცეკვავენ ვარსკვლავები", "ნიჭიერი", "ვანოს შოუ".

ყველაზე გავლენიანი ქალი თეა წულუკიანია.

მკითხველთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში მაღალი დონის განათლების მიღება შესაძლებელია.

საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარისხს საშუალოდ აფასებს მკითხველთა 40.2%.

თავისუფალ დროს სიამოვნებით წაიკითხავდნენ: ისტორიულ რომანს, სათავგადასავლო რომანს, დეტექტივს.

საქართველოს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები: აშშ, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ასეთი იყო გასული 2013 წელი და ასეთი იყო ჩვენი მკითხველების მაჯისცემა. ვისურვებდით, მომავალი წელი უფრო მშვიდი, ნაყოფიერი და სასიამოვნო სიახლეების წელიწადი ყოფილიყოს.

წარმატებას გისურვებთ!

ნატო მღებრიშვილი