წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები - კვირის პალიტრა

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები

"სუპერკუპონებს" მარტივი ფორმულა აქვთ: - შეაგროვე, წარადგინე და მიიღე სუპერფასი

2014 "პალიტრაში" ტელევიზიის განვითარების წელიც იქნება

კიდევ ერთი წელი გავაცილეთ ისე, რომ მკითხველს თავი კარგად ეგრძნო, ბიბლიოთეკის შევსებაც შესძლებოდა და ახალი ინტერესიც გასჩენოდა, მისი წინადადებებიც გაგვეზიარებინა და ჩვენი საინტერესო შეთავაზებებიც მიგვეწოდებინა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შაბათი წიგნის დღედ დააწესა: "რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა? - ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიითა და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისი უპირველესი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს, უწინარესად ბიბლიას და შემდეგ სხვა წიგნებს. მინდა შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს".

ამ ინიციატივას "ბიბლუსის" წიგნების მაღაზიების ქსელმა აუბა მხარი. სწორედ ამიტომ ყოველ შაბათს "ბიბლუსში" მოსულ მომხმარებელს ხვდება აქცია - განსაკუთრებულად მიმზიდველი შეთავაზება.

უკვე რამდენიმე წელია მკითხველმა აიტაცა "პალიტრამედიის" წამოწყება და "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ბესტსელერად იქცა. მაშინვე აღინიშნა, რომ შერჩეული 50 წიგნი არ იქნებოდა მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი საგანძურის სრული სახე და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებდა. მკითხველის ინტერესი ძალიან დიდი აღმოჩნდა და ორი მოთხოვნა განსაკუთრებით გამოიკვეთა, - არ გავჩერებულიყავით 50 წიგნზე და რაც მთავარია, მის ფარგლებში მკითხველისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი წიგნი - ბიბლია. გამომცემლობა "პალიტრა L"L"-მა ორივე მოთხოვნა გაითვალისწინა - პროექტი გაგრძელდა და მკითხველს ასი წიგნი შესთავაზა: "50+1+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"," ეს განცალკევებით მდგომი ერთი წიგნი - ბიბლიაა, მისი ამ ფორმით სერიაში ჩართვა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, ბიბლია ქსელში მოხვედრისთანავე საოცარი სისწრაფით გაიყიდა.

სერიამ "50 + ბიბლია + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გააერთიანა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი. რა არის ამისი მიზეზი? - ის, რომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით შერჩეული წიგნები განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ის, რომ ეს წიგნები ძალიან მაღალ დონეზეა გამოცემული და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის? ალბათ, ყველაფერი ერთად. ფაქტი ის არის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნდა, გაჩნდა მოლოდინი ყოველი ახალი ტომის გამოსვლის წინ. სპეციალურად ამ სერიის თაყვანისმცემლებისთვის შეიქმნა წიგნის თაროებიც, რომლებზეც ლამაზად, კომფორტულად და რაც მთავარია, იაფად შეიძლება საკუთარი ახალი ბიბლიოთეკის განთავსება. ეს თაროები 2014 წელს, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"ბიბლუსის" შაბათობებიც, სერიებად გამოსული საინტერესო წიგნებიც, სხვადასხვა ფასდაკლებაც - ეს ყველაფერი ერთი დიდი მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯებია: ჩვენ უნდა გავხდეთ წიგნიერი, განათლებული და მოაზროვნე ერი, რომ განვვითარდეთ გონებრივად და ინტელექტუალურად და უფრო წარმატებულები გავხდეთ.

"პალიტრამედია" მუდმივად ცდილობს ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლებიც მკითხველს საშუალებას მისცემს, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს წიგნები.  ერთ-ერთი ასეთი პროექტია "სუპერკუპონი" - ეს არის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ამოსაჭრელი კუპონები, რომელთა შეგროვებისა და წარდგენის შემთხვევაში "ბიბლუსის" მაღაზიებში წიგნებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეიძენთ. აქ არის როგორც საბავშვო და საყმაწვილო, ისე მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები და სხვა მრავალფეროვანი გამოცემები. ამ კუპონებით "ბიბლუსში" ათასობით წიგნის მოყვარული მოდის და მისთვის საინტერესო გამოცემებს ყიდულობს.

2013 წელი რამდენიმე დღეში დასრულდება. წინ არის 2014 - ახალი პროექტების, შეღავათების, საინტერესო შეთავაზებების, მომხმარებლებზე მაქსიმალურად ორიენტირებული წელი. მომავალ წელს "პალიტრაში" ტელევიზიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჩვენთან არ მოიწყენთ!

ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ: სულ მალე გვექნება "ძველი ქართული მონეტების კოლექცია" - ნამდვილი ისტორიული მონეტების ზუსტი ასლები, რომელიც ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად გამოვა.

ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტია. როგორც ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორმა, ჯაბა სამუშიამ გვითხრა, ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არაერთი საინტერესო ნიმუში არსებობს, მაგრამ უმრავლესობა არ იცნობს მათ. არის იშვიათი ნიმუშებიც, რომელთა ერთი-ორი ეგზემპლარია შემორჩენილი.

მათი ნახვა მხოლოდ მუზეუმში შეიძლება. გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ ქართული ფულის ნიშნების ნიმუშების ასლები უძველესი დროიდან  XIX საუკუნის დასაწყისამდე, როცა მოიჭრა ბოლო ქართული მონეტა გასაბჭოებამდე. ეს ასლები იქნება ზუსტი ზომისა და ფორმის, ჩაიდება ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად გამოსულ სპეციალურ ალბომში. მონეტების მოგროვების შემთხვევაში, ნებისმიერ თქვენგანს ექნება ქართული ფულის ასლების მდიდარი კოლექცია. ინფორმაცია ამ მონეტების, მათი მოჭრის, ეპოქის, მეფეების შესახებ, იმავე ალბომში შეგეძლებათ მოიძიოთ, რომელიც ჟურნალთან ერთად გაიყიდება.

ლეილა გაგუა