"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"
30-12-2013
"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"
"ამ კაცს ცხენის სიყვარულმა ექიმობა უნაგირზე გააცვლევინა"

2014 წელი ცხენის წელიწადია და ბედნიერება რომ მოგიტანოს, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გედგას ციცქნა ცხენის ფიგურა. იმედია იღბალს მოიტანს, თანაც ბუნებაში ცხენზე ლამაზი განა ბევრი რამეა?!


გინახავთ, როგორ დგება ფეხზე ახალდაბადებული კვიცი? მყარს შეიგრძნობს თუ არა, მიიხედ-მოიხედავს, მოატარებს ლამაზ კისერს, შეიკეცავს წინა ფეხებს, წამოიმართება და... მერე მიქრის და მიქრის! შევყურებ ლისის ტბის ფერდობებზე (იპოდრომი 2007 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე გადაიტანეს) გაფანტულ ცხენებს და
შორიდან ვზვერავ, მათ შორის ლურჯა რომელია.  

- ლურჯა ის არის, მეწინავე... თეთრი,  მუქ-მონაცრისფრო ხალებიანი. ეს ხალები მზე რომ დახედავს, მოლურჯო იერს იღებს და იმიტომაც ეძახიან ლურჯას, მეუბნება დიდიმ ჯაფარიძე და ბედაურს თვალს არ აშორებს, -  უყურე, რა ლაღია, ტვირთის დადებას ამას ვინ აკადრებს! მერე კი
მოახლოებულ მხედარს აღვირს ართმევს, - ცხენების ამბებს ჩემზე კარგად ეს კაცი, გოგა ქობლიანიძე მოგიყვება. ამას ცხენის სიყვარულმა ექიმობა უნაგირზე გააცვლევინა. როგორც ნარბენ ბავშვს ოფლი უნდა შეუმშრალო, რომ არ გაცივდეს, ნარბენი ცხენიც უნდა გაატარ-გამოატარო ოფლის შესაშრობადო, - და ცხენს ჯერ დიდიმი ეფერება, მერე გოგა...

- გოგა, ისე ეხუტები ცხენს, თითქოს მართლა ბავშვი იყოს.

- იმიტომ, რომ ცხენს სიყვარული ბავშვივით სჭირდება. ზოგჯერ  ადამიანზე მეტად გრძნობს როგორ გიყვარს. თავლაში რომ შევალ, ფლოქვების ცემით მესალმებიან.  

- ნამდვილ პატრონებსაც თქვენსავით ელიან?
- მათ მფლობელებს გულისხმობთ?  ზოგი მათგანი ხშირად აკითხავს და ცხენიც მიჩვეულია, მაგრამ ზოგი თვეობით ვერ იცლის, ჩვენ გვაბარებენ გასაწვრთნელად.  ამათ თუ არ მიეფერე, ძალით არაფერი გამოგივა. ერთი ჯიუტი ცხენი მყავდა, თავიდან მეც ჯიუტად ვცდილობდი, რაიმე მესწავლებინა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გავხდი, - რომ მივანიშნებდი, მარჯვენა ფეხი ასწიეო, ყალყზე დგებოდა. სანამ არ მივეფერე, ვერ გავწვრთენი, არაფერი გამომივიდა...

ერთი ცხენი მყავს მობარებული. ისეთი ჭირვეული და ფიცხი იყო, გატანჯა პატრონი. მითხრა, - ოღონდ ამას რამე ასწავლე და რაც გინდა, მთხოვეო... ახლა ისეა დაჭკვიანებული, რომ შევხედავ, სიამაყით ვივსები. თუ მოთმინება არ გყოფნის და ცხენს უყვირი, დამემორჩილეო, არაფერი გამოგივა. ისე, ჯიშსაც აქვს მნიშვნელობა - არაბული ცხენი მოუსვენარია, ასაცმუკებლად საბაბს ეძებს, ინგლისური კი დინჯია.

- ცხენებმა სევდაც ხომ იციან?

- ცხენს ყველა ცხოველზე დიდი თვალები აქვს. როცა განიცდის, ამ დიდი და ლამაზი თვალებიდან ცრემლი ჩამოსდის... სისხლის სუნიც საშინლად აღიზიანებს. როცა რამე აწუხებს, თვალებში აუწერელი ტკივილი აქვს... დიდი ხნის ამბავია - იპოდრომზე ორი ულამაზესი ცხენი გამოვიყვანე. გაეთამაშნენ ერთმანეთს. უცებ რაღაცამ გაიტკაცუნა. ერთს ფეხი ცუდად მოჰყოლია და მოტყდა. რომ მივვარდი, ფლოქვი კანით ეკიდა... ცხენს სხვანაირად გამოხატვა არ შეუძლია - იდგა და თვალები ტკივილითა და ტანჯვით ჰქონდა სავსე. იმ თვალებს ვერ ვივიწყებ...

- როგორ იბადებიან კვიცები?

- ულამაზესად. დაიბადებიან თუ არა, მაშინვე წამოხტებიან. თითქოს მზად არიან, ქვეყნიერებას გადაუფრინონ... საოცარია, დედა როგორ უვლის პატარას. ზოგჯერ კვიცს მარტო დედა კი არა, სხვა ცხენებიც თავს დასტრიალებენ...

- ცხენები მხოლოდ სულით თავისუფალ ადამიანებს უყვართ?
- დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ცხენი არ გიყვარს, ვერ იყოლიებ. თანაც ძალიან ძვირი ღირს, ზოგიერთი რამდენიმე ათასი დოლარიც ჯდება და შენახვაც ძვირია, სულ ცოტა, თვეში 700 ლარი.

- ცნობილი ადამიანებიდან ვინ დადის იპოდრომზე?
- სააკაშვილი დადიოდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, მოგვიანებით - უგულავამაც დაიწყო სიარული... ახლა რაღას ივლიან...

- ახალ მთავრობაში ვის ჰყავს ცხენი?

- ირაკლი ღარიბაშვილს. აჩუქეს.

ჩემი თხოვნის მიუხედავად, ჟოკეიმ პრემიერ-მინისტრის ცხენი არაფრით არ მაჩვენა, - ეწყინებაო. ვერც მის მონაცემებზე დავაძვრევინე კრინტი. თუმცა იპოდრომიდან გამოსვლისას შემთხვევით პრემიერ-მინისტრის ცხენის მეჯინიბე, მარნეულელი ისმაილი შემხვდა. შენ მაინც მითხარი, ღარიბაშვილს როგორი ცხენი ჰყავს-მეთქი? და არ დამზარდა: - ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ აუცილებლად ისწავლისო!

აი, ასე - ადამიანებში სწავლა სიბერემდეა. ჩვენთვის კი მთავარი ის არის, ჩვენმა პრემიერმაც ისწავლოს, როგორ გაგვაქროლოს იმ ბედნიერი მომავლისკენ, საითაც წლებია მივჩაქჩაქებთ.
natalia
03 იანვარი 2014 13:10
საინტერესოა თუ დაადეკლარირა საჩუქარი, მისი ღირებულება ვფიქრობ გაცილებით აღემატება საჯარო მოხელისთვის საჩუქრის დაშვებულ ღირებულებას.

რედაქტორის რჩევით