ლომბარდში "ჩაბარებული" თაობა... - კვირის პალიტრა

ლომბარდში "ჩაბარებული" თაობა...

ნანა ჩაჩუა: "არის შემთხვევები, როდესაც სუიციდის მომენტიც დგება"

"მოზარდები ადვილად ებმებიან ამ მახეში"

ლომბარდების მომრავლება ჩვენს ქალაქში აშკარად თვალში საცემია, განსაკუთრებით იქ, სადაც კაზინოები თუ სლოტკლუბებია

ლუდომანია - XXI საუკუნის სენი! თავიდან ყველაფერი გართობით იწყება, მალე კი ყოველდღიურ "საქმიანობად" იქცევა, რაც ოჯახების ფინანსური, ფიზიკური და ზოგჯერ ფსიქოლოგიური განადგურების მიზეზი ხდება. რა ხდება მაშინ, როდესაც ლუდომანს სათამაშო ფული არა აქვს? ლომბარდი! - ასეთი დაწესებულებების მომრავლება ჩვენს ქალაქში აშკარად თვალში საცემია, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.

რამდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციას  დაუკავშირდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ლომბარდების თემით დაინტერესება გვთხოვა. 38 წლის ნათია მანაგაძეს ახლახან შეუტყვია, რომ რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვანი შვილისთვის განვადებით გამოტანილი ძვირად ღირებული ტელეფონი ორი თვეა ლომბარდშია ჩაბარებული. როგორც ნათია ამბობს, მისმა შვილმა ტელეფონი მეგობრის გამო დაალომბარდა. მეგობარი კი, რომელსაც ერთ თვეში უნდა დაეხსნა ტელეფონი, უბანში კარგა ხანია აღარავის უნახავს. 15 წლის მოზარდს პროცენტისთვის საჭირო თანხა თავად უნდა ეშოვა. აი, რას ჰყვება არასრულწლოვანის დედა.

ნათია მანაგაძე: "მყავს ორი შვილი, 15 წლის ვაჟი და 8 წლის გოგონა. ოჯახში დასაქმებული მარტო ჩემი მეუღლეა, რომელსაც არცთუ კარგი ხელფასი აქვს. არ გვაქვს იმდენი საშუალება, რაც ჩვენს შვილებს მოესურვებათ, ყველაფერი ვუყიდოთ. ბიჭს თანატოლების მსგავსად სურს ნორმალურად ეცვას და კარგი ტელეფონი ჰქონდეს. ძალიან უნდოდა აიფონი. დაბადების დღისთვის სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტეთ და ჩემი მეგობრის სახელზე განვადებით გამოვიტანეთ. გაირკვა, რომ აიფონი 500 ლარად დაულომბარდებია მეგობრისთვის, რომელსაც კაზინოში ფული წაუგია. ლომბარდებს საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვთ და ადამიანის გაჭირვებაზე ითბობენ ხელს, კიდევ კარგი, დროზე გავიგეთ, თორემ პროცენტის ფული საიდან უნდა მოეტანა ჩემს შვილს?! ოჯახშიც ვერ ამბობდა, ღმერთს მადლობა, რომ უბედურებაში არ გავეხვიეთ. იქნებ დაინტერესდეთ ამ თემით, რომ ამ სფეროთი გაუბედურებული ხალხი როგორმე შემცირდეს".

24 წლის ლიკა ქანთარიამ შეყვარებულის გამო ოქროს ბეჭედი ჩააბარა ლომბარდში და შვიდი თვეა, ყოველთვე 30 ლარის გადახდა უწევს.

სამწუხაროდ, არაერთი ამბის მოყოლა შეიძლება... ასეთ დაწესებულებებს, ძირითადად, ახალგაზრდები აკითხავენ.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: "ამ ბიზნესით დაინტერესებული ადამიანი აზარტული თამაშების დაწესებულებებთან ხსნის ლომბარდს. ის გონივრულად მოქმედებს... სამწუხაროდ, მოზარდები ადვილად ებმებიან ამ მახეში. აზარტული თამაშების ობიექტები იზიდავს მოზარდს, რადგან დაძაბულობით მიღებული სიამოვნება თინეიჯერული ასაკისთვის და საზოგადოდ, ახალგაზრდებისთვის არის დამახასიათებელი.  დაძაბულობით სიამოვნების მიღება ერთგვარი განმუხტვაა - როდესაც იგებს ან აგებს ადამიანი, დაძაბულობისგან თავისუფლდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები გაცილებით მეტად არიან დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ვიდრე სოციალურად უზრუნველყოფილნი... ასეთი ადამიანები ბუნებრივად აღმოჩნდებიან ხოლმე აზარტული თამაშების დაწესებულებებში. წაგების შემთხვევაში კი იქვე არსებული ლომბარდები პირდაპირ გზას უჩვენებენ თამაშის გასაგრძელებლად... ასე ებმებიან მახეში და  დგება დრამატული სიტუაცია - იხდიან პროცენტებს, ატყუებენ ოჯახსა და ახლობლებს... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ენერგიის გამოფიტვას, უხასიათობასა და აგრესიულობას. არის შემთხვევები, როდესაც სუიციდის მომენტიც დგება... დადგენილია, რომ მდედრობითი სქესი უფრო ადვილად ერთვება ასეთ პროცესებში და შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლა ფსიქოთერაპიულ ჩარევას საჭიროებს, ზოგჯერ ფსიქიატრის ჩართვაც ხდება საჭირო.

ისმის კითხვა, რა ვქნათ? როდესაც საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი ბაზარი არსებობს, სახელმწიფომ აზარტული დაწესებულებები თუ ლომბარდები რომ აკრძალოს, ცხადია, არ იქნება გამართლებული, მაგრამ პოლიტიკურმა სისტემამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ადამიანებს მისცეს სათანადო განათლება, რათა შემდგომ მისი რეალიზება მოახდინონ. ცხოვრების რა სტილს აირჩევს ადამიანი, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე".

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: - საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და რეგულაციის დაწესება, სად იყოს განთავსებული ლომბარდი“და სად - არა, შეუძლებელია. სადაც საჭიროდ მიიჩნევენ, იქ ხსნიან მეპატრონეები და ამის აკრძალვა არ არის სწორი. ლომბარდების აკრძალვით ხელს შევუწყობთ იატაკქვეშა ლომბარდების გახსნას... თუმცა გარკვეული რეგულაცია შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

- ლომბარდების სწრაფი მომრავლება რით აიხსნება?

- ადამიანებს ბიზნესის წამოწყება მცირე ფულით უნდათ და ხსნიან ლომბარდს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთ რამეს ვერ ნახავთ, რამდენიმე ლომბარდი ერთ ადგილას წარმოუდგენელია, იქ სხვაგვარი რეგულაციებია. ავსტრიასა და გერმანიაში ისიც კი განსაზღვრულია, რამდენი მარკეტი უნდა იყოს ერთ ქუჩაზე.

სადაც არ არის სათამაშო ბიზნესი, იქ ლომბარდი ნაკლებად მუშაობს. მაგალითად, ლას-ვეგასსა და ბადენ-ბადენში ლომბარდები საერთოდ არ არსებობს, რადგან იქ შემთხვევითი ადამიანები ვერ ხვდებიან. განვითარებად ქვეყნებში კი, სადაც კაზინოები და სათამაშო დაწესებულებებია, იგივე სიტუაციაა, როგორიც ჩვენთან.

კანონი არეგულირებს იმას, რომ  არასრულწლოვანებს არ მოემსახურონ ლომბარდები, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი უფროსი მეგობრის პირადობის მოწმობით ალომბარდებენ ნივთებს.  პროცენტისთვის საჭირო თანხის მოპოვებას კი სხვადასხვა გზით ცდილობენ, რაც ხშირად დანაშაულის მიზეზი ხდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი