"ჩვენი ეზო" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ეზო"

ახალი წელი სადაცაა შემოაბიჯებს. თქვენ მორთეთ ნაძვის ხე? მე - კი. ერთმა მარტოხელა ახლობელმა მითხრა, - ერთხელ ვიფიქრე, რაღა დროს ჩემი ნაძვის ხის მორთვაა-მეთქი და ერთი წელი გამოვტოვე... იმ უნაძვისხეო წელიწადს ისე ცუდად ვიყავი, მომდევნო წელს უზარმაზარი ნაძვი მივიტანე შინ და ისე საგულდაგულოდ მოვრთე, ფერად-ფერადი ნათურებიცñარ დამვიწყებიაო...

მეც ასე ბრჭყვიალა ბურთებითა და ციმციმა ნათურებით მოვკაზმე ჩემი ნაძვის ხე, თან ეზოდან თინეიჯერების სიმღერა მესმოდა, - "მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება... ახდენილი ოცნებების წელი იწყება... მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყება..." მართალია, ნამდვილად არ ღირს!  ზოგჯერ ძველი წლების გახსენებაზე სევდაც მოგვერევა, მთავარია, ეს სევდაც ისე ლამაზი იყოს, თვალს რომ დავხუჭავთ და წარსულს გავიხსენებთ, ძველი სიხარული დაგვიბრუნოს...

- განა ასე არ არის, დეიდა ქეთო? - ვეკითხები, როცა მასთან სტუმრად მივდივარ. ის ძველი კამოდიდან შოკოლადს იღებს, მჩუქნის და ძველი საათის ქვეშ სავარძელში ჯდება, - ამ საათს ორასი წელი მაინც ჰყავს გაცილებული. მათ შორის ის წლებიც, როცა ჩვენს ეზოში 1956-57 წლებში ფილმს  "ჩვენი ეზოს" იღებდნენ. მაშინ დეიდა ქეთო სულ ახალგაზრდა იყო. იდგა თავის აივანზე და კოკისპირულ წვიმაში ამ ფილმის შეყვარებული გმირის, დათოს (გიორგი შენგელაია) ცეკვას უყურებდა. თან მთელ ეზოსთან ერთად ნერვიულობდა, - ნეტავი, ეს ბიჭი არ გაცივდებოდესო. გიორგის კი რა გააცივებდა - მარტო ფილმში კი არა, მართლა უყვარდა ციცინოს განმასახიერებელი სოფიკო ჭიაურელი.

მას მერე დიდი დრო გავიდა. დრომ ამ ორის სიყვარული შAეიძლება "დაასველა" და გააცივა კიდეც, მაგრამ სიყვარული ხომ ნამდვილად არსებობდა და იმ ძველ წლებში ჩარჩა! დეიდა ქეთო თავის წლების გამცილებელ საათს შეჰყურებს და იმ დღეების გახსენებაზე სახე უნათდება: - თვალს რომ დავხუჭავ, თითქოს ისევ ის დღეებია, - რა ლამაზი ხალხი იყო, რა ნიჭიერი... მაშინ ავტომანქანები ასე კი არ იყო, ახლა რომ ჩვენს ეზოში გასავლელი აღარ რჩება... მაგრამ გადაღებისას ერთი-ორი მანქანა ჩვენს ეზოშიც შემოიყვანეს და დაეხვივნენ ბავშვები, - გამორეკავდნენ "კინოშნიკები", ისევ მიეხვეოდნენ. რაღა სესილია თაყაიშვილი და რაღა ჩვენი ბავშვები - სესილიაც არ შორდებოდა იმ ჯაბახანა "კუზაოიან" მანქანას. გადაღებას რომ დაამთავრებდნენ, სხვა მსახიობებივით ისიც ეზოში რჩებოდა და მცხოვრებლებში გაერეოდა. იყო მხიარულება... სადაც აკაკი კვანტალიანი იყო,  მხიარულებას რა გამოლევდა!

- სოფიკო ჭიაურელი ან გიორგი შენგელაია როგორები იყვნენ?

- სოფიკო? სოფიკოსთანა სიცოცხლით სავსე და ხალისიანი აღარავინ მინახავს. ხან სად ამოყოფდა თავს, ხან სად. აი, ის სცენა, კორპუსის სახურავზე რომ დგას, პირველი კი არ ყოფილა. მუდამ იმ სახურავზე იჯდა თეთრი მტრედივით. რამდენჯერ დაგვხეთქია გულები, - არ გადმოვარდესო. მაგრამ რა გადმოაგდებდა - ნიავივით იყო. გავიხედავდი - ცეკვავდა და ცეკვავდა... ან რა ცეკვა იცოდა!..

- რა სასიამოვნოდ ჰყვებით...

- ის დღეებიც სასიამოვნო იყო...

გიორგი შენგელაია მაშინ პატარა ბიჭი იყო, ალბათ 20 წლისა იქნებოდა, მაგრამ ცოტა პირქუში იყო. მიაფრთხიალდებოდა ეს სოფიკო, უნდოდა რაღაც ეთქვა, ეს კი თვალებში არ უყურებდა... თუმცა ეს რას უშლის სიყვარულს? სიყვარულის ყველაზე დიდი გამართლება ის არის, როცა ამ სიყვარულით შვილები ჩნდება. რაც უნდა მომხდარიყო მერე, მათ შვილები ჰყავთ, - მითხრა დეიდა ქეთომ და თავის ორასი წლის გამცილებელ საათს სევდით შეხედა. მერე, - წამო, დაგანახებ, გადაღებებს საიდან ვუყურებდიო. მეც გავყევი...

ახლა სულ სხვანაირია ეს ეზო, - სხვა ფერები, სხვა ხიბლი, სხვა სევდა და სიხარული, ფილმში რომ პირველი სართულის კიბე და შესასვლელი ჩანს, ახლა სარდაფად არის ქცეული, რადგან ჩვენი ეზო ერთი მხრიდან აამაღლეს და შემაღლებაზე ბარათაშვილის ხიდი დადგეს. თუმცა არის ის, რაც მარადიულად დარჩა, - ნათელი მოგონებები და ნათელი ხელოვნება. და... სიყვარულიც. ეზოდან გამოსვლისას ერთი გოგონა შემომეფეთა, - ისიც კაფანდარა,  ქარივით მიფრინავდა. თვალი გავაყოლე - დაე, ბედნიერმა იფრინოს! მერე კი ძველი წლებისთვის ბატონ გიორგი შენგელაიასაც დავურეკე, - რაც უნდა წლების სევდა დაგიგროვდეს, არ ღირს ძველი წლების გადავიწყება-მეთქი. მან - მაშინ მხოლოდ ოცი წლის სტუდენტი ვიყავი, აგე, რამდენი წელი გავიდა. მაგრამ რა ვქნა, რომ ამ ფილმზე ლაპარაკი ორი მიზეზის გამო არ მინდაო...

- პირველი ვიცი - თქვენი და სოფიკოს ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა. მეორე?

- პირველი მართალია. მეორეს ვერ გეტყვი. მოდი, გავჩუმდეთ. ისედაც სევდიანი ვარ - არასწორი ოპერაციის გამო სიარული ძალიან მიჭირს. მაგრამ ცხოვრებას მაინც უნდა ებრძოლო. ამიტომ ორი დიდი სარეჟისორო იდეის განხორციელებას ვეჭიდები. პირველი - "ჰაჯი მურატის" გადაღებაა. ამაზე მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი და ვერ გადავიღე, რადგან ბოლო წლებში ცხოვრებამ ხელი შემიშალა... მაგრამ ეს ფილმი მაინც შევქმენი ჩემებურად. "ჩემებურად" იმას ნიშნავს, რომ თავად მოვუთხრობ მაყურებელს ამ დიდებულ ამბავს ყველა იმ საშუალებით, რისი შესაძლებლობაც მაქვს. მეორე იდეა კი ის არის, რომ გადავიღო ფილმები მამულიშვილებზე, რომლებსაც ქართველი ხალხი მხოლოდ სახელით მოიხსენიებს. ექვთიმე თაყაიშვილზე უკვე გადავიღე და წარმატებითაც აჩვენებს საპატრიარქოს ტელევიზია. მომავალში კი ვნახოთ, მე რეჟისორი ვარ და არ გავჩერდები...

ბატონ გიორგის დავემშვიდობე და ნაძვის ხეებით გაჩირაღდნებულ თბილისს გავუყევი... თქვენ მორთეთ ნაძვის ხე? მე - კი. იცოდეთ, ეს არასოდეს გამოტოვოთ!