გორდერის სამყარო - ეს არის ცხოვრება, როგორც სასწაული! - კვირის პალიტრა

გორდერის სამყარო - ეს არის ცხოვრება, როგორც სასწაული!

იუსტაინ გორდერი თანამედროვე ნორვეგიელი მწერლებიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი წიგნები მსოფლიოს 53 ენაზეა თარგმნილი და მილიონიანი ტირაჟით იყიდება! ამ შესანიშნავი პროზაიკოსის ნაწარმოებები ქართულადაც ითარგმნა.

იუსტაინ გორდერი დაიბადა 1952 წელს ოსლოში. მამა სკოლის დირექტორი გახლდათ, დედა - მასწავლებელი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იუსტაინი ოსლოს უნივერსიტეტში ეუფლებოდა ლიტერატურას, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. წერა 19 წლისას დაუწყია, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავს, 11 წლის ყოფილა, როცა გადაუწყვეტია, მწერალი უნდა გავხდეო. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტაინ გორდერის პირველი წიგნები მხატვრული ლიტერატურისგან საკმაოდ შორს იდგა - მომავალი მწერალი ფილოსოფიისა და თეოლოგიის სახელმძღვანელოების შედგენაში მონაწილეობდა. 1981 წელს გორდერი ოჯახთან ერთად ოსლოდან ქალაქ ბერგენში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მხატვრული პროზის პირველი კრებული - "დიაგნოზი და სხვა მოთხრობები" 1986 წელს გამოვიდა. შემდეგი იყო რომანი "ბანქოს საიდუმლო", რომელმაც აღიარება მოუტანა, თუმცა ყველაზე წარმატებული გამოდგა მესამე წიგნი - "სოფიას სამყარო", რომელიც მსოფლიო ბესტსელერად იქცა.  წიგნი მოგვითხრობს პატარა გოგონას მოგზაურობაზე ფილოსოფიის სამყაროში. საოცარმა წარმატებამ გორდერს საშუალება მისცა, პედაგოგობისთვის თავი დაენებებინა და მთელი დრო  მხატვრული შემოქმედებისთვის მიეძღვნა. "სოფიას სამყაროს" შემდეგ გორდერმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია "ფორთოხლის გოგონა". ისიც მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

გორდერი პუბლიცისტიკაშიც მოღვაწეობს. ამ ჟანრის შეიძლება ითქვას, სკანდალურად ცნობილი ნაწარმოებია "მანიფესტი", რომელიც მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. "მანიფესტში" დაგმობილია ისრაელის სამხედრო მოქმედებები პალესტინაში. ამ პუბლიცისტური წერილის გამო გორდერს ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი, რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, რასაც გაერო აცხადებს მსოფლიო საზოგადოებრიობის სახელით.

1997 წელს იუსტაინ გორდერმა მეუღლესთან, სირი დანევიგთან, ერთად დააარსა "სოფიას პრემია", რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა "ეკოლოგიისა და განვითარების" სფეროში გამორჩეულ მოღვაწეთ (პრემიის ფულადი ოდენობა დაახლოებით 100.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს). თავადაც არაერთი პრემია მიიღო: 1990 წელს ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრემია ლიტერატურაში რომანისთვის "ბანქოს საიდუმლო", 1994 წელს - გერმანიის ლიტერატურული პრემია წიგნისთვის "სოფიას სამყარო".

კრიტიკოსთა აზრით, გორდერს უახლოეს ათ წელიწადში ნობელის პრემიას მიანიჭებენ.

ამჯერად ისიც ვთქვათ, რაშია გორდერის შემოქმედების თავისებურება, მისი პოპულარობის საიდუმლო? ძალიან ძნელია ამ კითხვას რამდენიმე წინადადებით გასცე პასუხი. საქმე ის არის, რომ გორდერი თავის წიგნებში აღწერს გასაოცარ სამყაროს, რომელიც ერთდროულად ჩვენიცაა - ანუ სრულიად ყოფითია, ნაცნობი, რეალური თუ რეალისტური - და თანაც, ზღაპრულია, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... გორდერის სამყარო - ეს არის ცხოვრება, როგორც სასწაული! ცხოვრება, როგორც რომანტიკული თავგადასავალი! ცხოვრება, როგორც ფილოსოფიური გამოცანა! ამ ყველაფრის სინთეზი ქმნის  განუმეორებელ განცდას, - სურნელსა და ფერადოვნებას, - ჰაეროვან ნათელ სიკასკასეს!

"ფორთოხლის გოგონა" იწყება იმით, რომ თხუთმეტი წლის გეორგი მიიღებს წერილს მამისგან, რომელიც გარდაიცვალა 11 წლის წინ, - როდესაც ბიჭი 4 წლისა იყო. სრულიად ფანტასტიკური, დაუჯერებელი სიტუაციაა, არა? საქმე ის არის, რომ გეორგის მამა ექიმი გახლდათ, დიაგნოზი თავის თავს თვითონვე დაუსვა, იცოდა, მალე მოკვდებოდა და გადაწყვიტა, შვილისთვის ვრცელი წერილი მიეწერა, მაგრამ რადგან ბიჭი პატარა იყო და ვერ გაიგებდა, მამამ წერილი დროში, ანუ მომავალში გაუგზავნა. ამ მიზნით მამამ შვილის ბავშვობის დროინდელი წითელი ეტლის სარჩულში შეინახა ფურცლების მთელი დასტა, - იმ იმედით, რომ ოდესმე იპოვიდა, როცა წამოიზრდებოდა. თანაც ოჯახის წევრები გააფრთხილა, ეტლი აუცილებლად შეენახათ, არასოდეს გადაეგდოთ. და, აი, 11 წლის შემდეგ წერილი მართლაც პოულობს ადრესატს.– გეორგი კითხულობს მამის დაწერილს, რომელიც თავისთავად მოთხრობას წარმოადგენს, - ანუ წიგნში კიდევ ერთი წიგნია. ეს არის სიყვარულის ამბავი, იდუმალი, დამაინტრიგებელი, ნათელი, თბილი, გულში ჩამწვდომი და გულის ამაჩუყებელი...

ასევე, და კიდევ მეტად, ფანტასტიკურია "ბანქოს საიდუმლო". რომანი იწყება იმით, რომ 12 წლის ჰანს თომასი და მამამისი ნორვეგიიდან საბერძნეთში მიემგზავრებიან ავტომობილით - უნდა იპოვონ ჰანს თომასის დედა, რომელმაც 8 წლის წინ უეცრად მიატოვა ოჯახი და გაქრა. ნორვეგიაში შემთხვევით გაიგეს, რომ თურმე საბერძნეთში ცხოვრობს და მოდელად მუშაობს. შვეიცარიის ალპებში ბიჭუნას ვიღაც ჯუჯა ავტოგასამართ სადგურზე გამადიდებელ შუშას აჩუქებს და თან მამა-შვილს ურჩევს, ღამე სოფელ დორფში გაათიონ. მართლაც ჩავლენ, თუმცა კი საკმაოდ შორს აღმოჩნდებიან და იქაურ მეფუნთუშე ბიჭს ტკბილი ფუნთუშებით გაუმასპინძლდება - მათგან ყველაზე დიდში აღმოჩნდება ერთი ციცქნა, მინიატიურული წიგნი, რომელიც ისეთი პატარა ასოებით არის დაბეჭდილი, რომ წაკითხვა შეუძლებელია, მაგრამ ჰანს თომასს ლუპა აქვს და იწყებს კითხვას - თავიდან მამას არაფერს ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მეგობრები არიან (მამა ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ყოფილი მეზღვაური, მოწოდებით ფილოსოფოსი და თან... ლოთი!).

აი, ასე იწყება სრულიად არაჩვეულებრივი, ზღაპრული თავგადასავალი. ისევე როგორც "ფორთოხლის გოგონაში", აქაც წიგნში მოცემულია წიგნი - ანუ ამბავია ამბავში. თანაც, უბრალო ამბავი კი არა, არამედ ნამდვილი თავსატეხი და თავგადასავალი... მინიატიურულ წიგნში აღწერილია ზღაპრული კუნძული, სადაც ბანქო ცოცხალია - ჯოკერი იქნება, ვალეტი თუ შვიდიანი, ყველანი ჯუჯები არიან...

მოყოლას აღარ გავაგრძელებ. ესეც, ალბათ, საკმარისია, იუსტაინ გორდერის შემოქმედებით რომ დაინტერესდეთ.

ირაკლი ლომოური