გიორგი ჯანელიძე: - ხალხი იცინის იმაზე, რისი პრობლემაც აქვს - კვირის პალიტრა

გიორგი ჯანელიძე: - ხალხი იცინის იმაზე, რისი პრობლემაც აქვს

"მთავარია, ვამბობდეთ იმას, რასაც ვფიქრობთ და არა იმას, რაც ვიღაცას მოეწონება"

არ მიყვარს ინტერვიუზე დაგვიანება და მაინც... 5 წუთით ვაგვიანებ. გიორგი ჯანელიძე ეზოში მხვდება. არაფერს ამბობს - საათზე კი იყურება...

- როგორ არის "კვირის პალიტრა"? - მეკითხება.

- ის უფრო საინტერესოა, თქვენ რას მეტყვით... თქვენ ხომ სისტემატურად ეცნობით პრესას და ბევრს იცინით კიდეც...

- თქვენს გაზეთში არ არის ისეთი მასალა, ჩვენ რომ გვინდა - ისტერიული. საერთოდ, კარგია ეს, მაგრამ გადაცემაში რომ გვჭირდება...

- იფიქრებდით, ოდესმე იუმორისტული გადაცემის წამყვანი თუ იქნებოდით?

- რა გითხრათ... ყველა ფიქრობს, იმ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რომელიც მეტ შემოსავალს მისცემს. ამიტომაც აღმოვჩნდი ამ გადაცემაში.

- ამბობენ, თქვენ იმიტომ აგირჩიეს გადაცემის ერთ-ერთ წამყვანად, რომ ძალიან სერიოზული სახე გაქვთ და ნაკლებად იცინით.

- არა, მაგ კრიტერიუმით ნამდვილად არ ავურჩევივარ. უბრალოდ, შემეძლო ხუმრობის მოფიქრება, ასე ვთქვათ, "ლაივში".

- არსებობს ინგლისური იუმორი, ფრანგული... დღეს როგორია ქართული იუმორი? რაზე ეცინებათ ქართველებს?

- ინგლისურ იუმორზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, რომელიც ბოლოს წავიკითხე: ბაბუა და ბებია წვანან. ბაბუა ხვრინავს, მაგრამ ბებიას არ ესმის, რადგან ბებიას უყვარს ბაბუა. ასეა, ინგლისელის სადარდელი ხვრინვაა...

ხალხი იცინის იმაზე, რისი პრობლემაც აქვს. პრობლემა კი ინგლისელს სხვა აქვს, ებრაელს - სხვა და ქართველს - სხვა... შესაბამისად, ხუმრობაც ჩვენს პრობლემებზე გვაქვს აგებული. ამიტომაც ჩნდება ანეკდოტები.

- ჩვენი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, ალბათ, იოლია პოლიტიკური ხუმრობის მოფიქრება...

- ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ობიექტურები. სხვები არ ცდილობენ, მათთვის მთავარია ესროლონ ტალახი მეორე მხარეს. ჩვენ გვინდა ის მივაწოდოთ მაყურებელს, რაც ობიექტური გვგონია და არა ის, რისი გაგონებაც ან მთავრობას უნდა, ან ოპოზიციას. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაგრამ გვიჩნდება პროტესტი იმის მიმართ, რაც გვესმის... იმედია, მალე დაუბრუნდება ტელევიზია და ბეჭდური მედია მოვლენების სწორად გაშუქებას.

- ოპოზიციას არ თანაუგრძნობთ?

- მინდა ჩემს ქვეყანას ჰყავდეს საქმიანი ოპოზიცია და აკეთებდეს ბევრ კარგს ხალხისათვის, ისევე, როგორც მინდა გვყავდეს საქმიანი ხელისუფლება.

- ერთ დღეს რომ ორი მიტინგი დაინიშნოს - ხელისუფლების და ოპოზიციის, საით გაიქცევით?

- არსადაც არ გავიქცევი...

- ახლა იქამდე მივალთ - "ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი, ეს არისო". ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თქვენს გადაცემას აქვს, არც ჩემს დაწერილ წერილს... ამის გამო ხომ არ ვტოვებთ სამსახურს?

- მართალია... არც უნდა დავტოვოთ. მთავარია, ვამბობდეთ იმას, რასაც ვფიქრობთ და არა იმას, რაც ვიღაცას მოეწონება.