"ილიას მკვლელი ბავშვობაში კანფეტებს მაჭმევდა" - კვირის პალიტრა

"ილიას მკვლელი ბავშვობაში კანფეტებს მაჭმევდა"

ინტერვიუ რომ დასრულდა, დამშვიდობებისას ვუთხარი, - თქვენთან ყოფნა ძალიან იოლი და ძალიან რთულია-მეთქი. დაღლილი მზერით შემომხედა. ვიგრძენი, რომ ჩქარობდა უკან, თავის სიმარტოვეში მიბრუნებას. მძიმეა ჩემთან ყოფნაო, ჩაილაპარაკა. უკან რომ მოვიხედე, კართან იდგა ისე, როგორც იცის ხოლმე - გამართული, ხელებდაშვებული, იმ სამყაროს ერთგულ მცველად ქცეული, რომელიც, გვინდა თუ არა, მაინც ქრება ჩვენი რეალობიდან. მართლა მცველს ჰგავდა, საპატიო ყარაულში მდგომს და გარინდულს... გრაალის მცველი - თენგიზ არჩვაძე...

ცოტა ხნის წინ, საუბრისას, კახეთი რომ ვახსენეთ, ამ მხარის ისტორიული სახელწოდებები - კახეთი, კუხეთი, ქიზიყი, ჰერეთი სიამოვნებით ჩამოთვალა, მერე მდინარეები, მათი შენაკადები ახსენა. მეგონა, გონების თვალით დაჰყურებდა აღმოსავლეთ საქართველოს და მის ყველა ბილიკს იხსენებდა.

- ისეთი წვრილმანები იცით, მგონი, ფეხით გაქვთ შემოვლილი...

- თედო სახოკიას ჰკითხეს, ევროპა თუ გაქვთ მოვლილიო. კი ბატონო, ევროპა ჩემი ხარჯით მოვიარე და ათი ევროპის ხელა ციმბირი - რუსეთის იმპერატორის ხარჯითო. მეც ასე ვიტყვი: ბევრი რამ გადაღებებისას შემოვიარე, ბევრიც - ჩემი ხარჯით...

გადაღებებს შორის 21 დღე მქონდა შუალედი, ავიღე შავი პური,  ჩავიდე ზურგჩანთაში - შატილში უნდა წავიდე-მეთქი. თბილისი-დუშეთი-ბარისახოს ავტობუსში ჩავჯექი. დუშეთში ცოტა ხნით ჩერდებოდა ავტობუსი. ჩემი მეგობარი, გეოლოგი იბრაგიმ კარიაული შემხვდა. მაშინ გვირაბი უნდა გაჭრილიყო ბარისახოდან რუსეთისკენ, მატარებელს უნდა გაევლო. დავიღუპებოდით კიდეც... ამ სამუშაოების გამო გეოლოგებს ბაზა ჰქონდათ იქ, იბრაგიმიც ამიტომ დამხვდა. რომ მიდიხარ და გამხმარი პური მიგაქვს, ეგ როგორ შეიძლებაო, ასე ვერ გაგიშვებ, დედაჩემი უნდა ნახო, ჩვენთან ერთი ღამე გაათენეო.

მეორე დილით გამისტუმრა, თან მკითხა, კარავს სად გაშლიო. მუცოს ხეობაში-მეთქი. მუცომდე ანატორია - ძვალთშესალაგი. შავი ჭირის დროს სნეული თვითონ მიდიოდა ამ ფიქლით გადახურულ შენობაში და... კვდებოდა. მერე სხვა სნეული მივიდოდა, მის ძვლებს ძვალთშესალაგს მიაბარებდა და თავად დაწვებოდა... იქვე ბეწიკას წყაროა, იმასთან გავშალე კარავი... ჭიქა იდგა, "ბეწიკას კრუშკა ვარ", ეწერა და ჯაჭვით იყო მიბმული.

- მგონია, რაც განგიცდიათ, იმის მეათედიც არ გითქვამთ, არც დაგიწერიათ...

- არ შეიძლებოდა. ბევრი რამ საბუთად არ უნდა დარჩენილიყო. რეპრესიებს შესწრებულ კაცს, საკვირველი არ არის, ეს გამოუმუშავდეს.

- ვინ გყავდათ რეპრესირებული?

-  ილია რომ მოკლეს ძველი სტილით 30 აგვისტოს, მას მერე 15 სექტემბერს - ბაბუა ემსხვერპლა მკვლელებს.

- რატომ მოკლეს?

- ცხადია, საიმათო საქმეს არ აკეთებდა და იმიტომ, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი... მერე მკვლელები ვითომ დაიჭირეს, მაგრამ რა... ასე ვითომ ილიას მკვლელებიც დაიჭირეს... სხვათა შორის, ბერბიჭაშვილი ვარანცოვზე ჩვენი მეზობელი იყო, კანფეტებს მაჭმევდა ხოლმე... მაღალი კისერი ჰქონდა, ჭროღა თვალები, პატარა თავი, ფართო ბეჭები, გრძელი კიდურები... გამოკვეთილად განსხვავებული გარეგნობისა იყო. ვხატავდი ხოლმე.

- ეგ სურათები არ შემოგრჩათ?

- ერთხელ ნასვამი მივედი შინ და ყველაფერი ცეცხლს მივეცი...

მახსენდება ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი: შიო დედაბრიშვილი ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იქვე იდგა გივი თოხაძის სახლი, მეზობლად - გიზო სიხარულიძისა. მე, გივი და გიზო ერთად ვიყავით პიონერთა სასახლეში. შიო დედაბრიშვილი (არქეოლოგი, შიო არაგვისპირელის შვილიშვილი. - ლ.ჯ.) სულ ნასვამი დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა, ფული კი არასდროს ჰქონდა. ყოველ საღამოს ვხვდებოდით რუსთაველზე და დილის 6 საათამდე დავდიოდით, ვლაპარაკობდით პოეზიაზე.

გალაკტიონი გადაღმა იდგა - ოპერასთან. ჩვენ იქით არ გადავდიოდით... თუ სპექტაკლზე მივდიოდით, პირდაპირ ოპერასთან გადავჭრიდით ქუჩას... ვერის დაღმართი... ელბაქიძის ქუჩა... იქ რეზი თარხან-მოურავი ცხოვრობდა, პეროვსკაიაზე - ავთო ვარაზი.

სამაიას ბაღთან ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ნუცუბიძე სეირნობდნენ ხოლმე. ექვთიმეს ფეხი აწუხებდა, ამიტომ ერთი ფეხსაცმლის ქუსლი საგანგებოდ ჰქონდა ამაღლებული. შორიდანვე ვცნობდი... ფეხს ავითრევდი, იქნებ ყური მომეკრა, რაზე საუბრობდნენ... ორივემ იცოდა კომუნისტური მათრახის ძალა, ხმადაბლა საუბრობდნენ... ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო... შორიდან მივყვებოდი, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა.

მე მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი - ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ძმები კაკაბაძეები - დავითი და მისი ძმა. დავითი დიდი პიროვნება და მხატვარი იყო. როცა საბჭოთა იდეოლოგიამ შეავიწროვა და თავისი ჭკუით ხატვას ჩამოაშორა, ჯერ ფრანგულს, მერე კი ფიზიკასაც ასწავლიდა სკოლაში. საოცარი ადამიანები იყვნენ...

ერთხელ, დამიბარეს შევჩენკოს ქუჩაზე, იქ იყო კა-გე-ბეს შენობა. ორი თვე მატარეს, არავინ არაფერს მეუბნებოდა. საღამოს გამოდიოდა სამხედრო და მეტყოდა: ხვალ დილით მოდიო. ორი თვის თავზე, როგორც იქნა, შევედი... დაკითხვაზე ვინც დამიბარა, ავთო ვერულეიშვილის მეზობელი აღმოჩნდა. ავთოსთან შინ, საცა ნიკალა მოკვდა, იმ ეზოში, ხშირად შევხვედრივართ სუფრასთან. ცხადია, მიცნო. მერე მაჩვენა თეატრიდან შესული წერილი. რომ არ დამენახა ვინ აწერდა ხელს, ხელი დააფარა.

- რა ეწერა?

- გიგა ლორთქიფანიძე ანეკდოტს მოყვა საბჭოთა ხელისუფლებაზე, თენგიზ არჩვაძემ გაიცინა. რეზო ხუბუამ ეს თქვა, ამან - მოისმინა, იმას ეს უჩურჩულა... ყოველი მესამე კაცი ჩვენი ინფორმატორიაო... მერე თეატრში მოაწყვეს კრება. ისეთ დღეში ჩაუყრიათ გიგა და რეზო, არ გამახსენოო, - მეუბნებოდნენ.

- სამწუხაროა, რომ ჩანაწერები არ გაქვთ, რამდენი კარგი რამ გექნებოდათ სათქმელი...

- მაშინ უნდა გენახა, გაგეგონა და დადუმებულიყავი, არაფერი გეთქვა, არც დაგეწერა... შენი თავის გამო კი არა, სხვის გამო უნდა გეფრთხილა, იმას ღუპავდი... ამიტომ არაფერს დაწერილს არ ვინახავდი. იქიდან დამრჩა ჩვევა: ტელეფონის ნომრებსაც კი არ ვიწერ. ბებერი კაცი ახლაც მხოლოდ ვიმახსოვრებ... რაც გამახსენდება, - გამახსენდება! დანარჩენი არ არის საჭირო.

P.S. მხიარული ამბები არ მოუყოლია, მაგრამ ისეთი სისავსის და ძალის შეგრძნება გამომყვა, სულეთიდან სამზეოს გამომავალ გზას რომ გაგატარებს... ამ სულიერი ძლიერების სურვილით "მრავალ ახალ წელს დაესწარითო", - დიდმა არტისტმა. სიმბოლურია: ჩვენ ხომ მართლაც ეს გვჭირდება - მიწისქვეშიდან სამზეოს გამოსვლა!