მარტოობის 16 წელი
06-01-2014
მარტოობის 16 წელი
100 წლის ლიმონკა ბებო მთელ საქართველოს ლოცავს

"სიყვარულით იცხოვრეთ, გლახა არ დეიტიოთ გულში და ყველა ბეწვის ხიდზე იოლად გახვალთ. სიგლახე ამძიმებს ადამიანს, სიკეთე კი ამჩატებს, ისე კი არა, როგორც მთვრალს, როგორც ფრთიან ანგელოზს..."

"ტკბილია სიცოცხლე. მინდა კიდევ მაცოცხლოს დალოცვილმა ღმერთმა, მანამდე მაინც, სანამ შინ არ დავბრუნდები, სახლში, სადაც ბედნიერი და მარტოობის 16 წელი გავატარე..."


ნაძალადევში, ყოფილი ჩარხმშენებელი ქარხნის ერთ-ერთ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი, ასი წლის ლიმონკა ცხოვრობს. "ლიმონკა" მოხუცი ქალის მეტსახელია,
რომელიც 7 იანვარს საუკუნოვან იუბილეს იზეიმებს. მიუხედავად ამისა, ლიდია ჩიხრაძე დიდებულად გამოიყურება და მონდომებით პოზიორობს კამერის წინ. ასაკისთვის უჩვეულოდ ჯანმრთელია, რომ არა დარდი, არ ეცოდინებოდა, სად აქვს გული. აწუხებს ორი რამ: ის, რომ სარკეში ჩახედვა აღარ უნდა, ვხედავ, ძველი ლიმონკა რომ აღარ ვარო და მუდმივად
ფიქრობს შინ, სოხუმში დაბრუნებაზე.

იქიდან ხუთიოდე წლის წინ გამოიყვანეს, ორივე თვალში მოულოდნელად დაკარგა სინათლე და მეზობლებმა დაარწმუნეს, შვილები თბილისში ოპერაციას გაგიკეთებენ, გამოჯანმრთელდები, მერე ჩვენ ისევ ენგურზე დაგხვდებით და შინ დაგაბრუნებთო. მომატყუეს, - დანანებით ამბობს ლიმონკა ბებია და მწყრალად უყურებს თავის უმცროს ვაჟს, 65 წელს გადაცილებულ მურმანიკას (ასე, რაჭულად მიმართავს ყველას).



"ჩემს მოლოდინში ძაღლიც მოკვდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჯავრით დალია საწყალმა სული. როგორც კი გავიფიქრებ, რომ ჩემს ერთგულებაში შეეპარა ეჭვი, მივატოვე და ნერვიულობით მოკვდა, სინდისი მქენჯნის", - ამბობს ბებო და ხმა უთრთის მურიას გახსენებაზე. უმძიმესი 16 წელი ერთად გაიტანეს ძაღლმა და პატრონმა - ქალს სოხუმში მარტოობის დასაძლევად ლეკვი მიუყვანია შინ. "დედა, ნუ დარდობ, ბებერი იყო მურია, 16 წელს ხომ გაძლოო? შენს მშვიდობით დაბინავებას ელოდებოდა და მერე დალია სულიო" - ამშვიდებს მურმანი.
რაჭველ ლიდია ჩიხრაძეს სახელი მეუღლემ, ალექსანდრე ქებაძემ შეუცვალა.

ცოლს ჯერ ლიმას ეძახდა, ეფერებოდა რაჭულად, ლიმა, ლიმიკუნა, ლიმიკოო. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ კი ფიცხი ლიდია ლიმონკად "მოუნათლავს". მეუღლის გახსენებაზე ეღიმება: "ნათესავმა გამაცნო, კარგი კაციაო, მართლაც მომეწონა და დავქორწინდით. ორი ვაჟი შეგვეძინა, იმათ ორ-ორი შვილიშვილი გვაჩუქეს, მერე იმათ იმრავლეს და ჩემს მურმანიკას ხუთი შვილიშვილი ჰყავს, მეორეს კი შვიდი.

მოვესწარი შვილიშვილებს, შვილთაშვილებსა და მათ შვილიშვილს, მეხუთე თაობა მყავს, მაგრამ ისინი მოსკოვში ცხოვრობენ და ყველაზე პატარა არ მინახავს. ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს და მონაგართაგან ყველაზე პატარასთანაც გადავიღებ ფოტოს.

ჩემი მეორე ვაჟი დიდი ხნის წინ დაიღუპა. ჩერნობილის ავარია რომ მოხდა, 1986 წელს, ერთ თვეში სამჯერ გაგზავნა სამსახურმა იქ სამუშაოდ და რადიაციამ მოუღო ბოლო. მის ერთ-ერთ ქალიშვილს გმირი დედის წოდება მიანიჭეს რუსეთში... მიხარია მათ გამო სიცოცხლე. მართალია, დავბერდი და სოხუმის ფოტოატელიეში აღარავინ გამოფენს ვიტრინაში ჩემს ფოტოს, როგორც ლამაზი ქალისას, მაგრამ მაინც ტკბილია სიცოცხლე. მინდა კიდევ მაცოცხლოს დალოცვილმა ღმერთმა, მანამდე მაინც, სანამ შინ არ დავბრუნდები, სახლში, სადაც ბედნიერი და მარტოობის 16 წელი გავატარე".

1997 წლის 27 სექტემბერს ბაბუშერაში გახიზნული შვილების სამშვიდობოს გასაყვანად წასულმა მურმანმა და მისმა მეუღლე მედიკომ შვილები იპოვეს, მაგრამ მოხუც დედამდე ვეღარ მიაღწიეს.

მურმან ქებაძე:
- “მედიკო და ბავშვები ჩემმა კლასელმა, ახლა აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა გია გვაზავამ გაიყვანა სანაპიროზე. მალე მეც იქით გადამაგდო ცეცხლში გახვეული ქალაქიდან გამოქცეულთა ტალღამ, მერე კი უკრაინულ გემზე აღმოვჩნდით. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ არაფერი ვიცოდით დედაჩემის შესახებ. ორი წელი გავიდა იმის იმედით, რომ ოდესღაც შევიტყობდით სასიხარულო ამბავს... მაშინ სოხუმთან სატელეფონო კავშირი არ იყო.
მერე ბულგარეთში წავედი საქმეზე და სასტუმროდან ვცადე სოხუმში დარეკვა. ზარი გავიდა. სანამ დედა ყურმილს აიღებდა, ათასჯერ მოვკვდი. ვფიქრობდი, ვაითუ, ვინმე სხვამ მიპასუხოს ჩემს სახლში დაბინავებულმა, ვაითუ, მკვდარი დედაჩემის საფლავსაც ვერ მივაგნო-მეთქი. ჩემს მეუღლეს ხომ მშობლები სახლში დაუხვრიტეს სეპარატისტებმა... უცებ ტელეფონში მესმის დედაჩემის ხმა. მე ვარ, დედა, შენი მურმანიკა-მეთქი, მეგონა, ვუთხარი, არადა, ვერ მითქვამს, ენა კინაღამ ჩამივარდა სიხარულისგან...

მერე ისე ამოხეთქა ხმამ ყელიდან, როგორც, ალბათ, პირველად რომ მოვედი ამ ქვეყანაზე და ვიღრიალე, დედა, მეორედ დავიბადე, შენი მურმანიკა ვარ, დედა, დედა-მეთქი, არ მახსოვს რას ვამბობდი. გავიგე, რომ კარგად იყო, მხნედ, მეზობლები და იქვე მცხოვრები ბიძაშვილები უვლიდნენ, არაფერს მაკლებენო. არადა, იმ წელს, როდესაც სოხუმისკენ მიმავალი გზა დავკარგეთ, დედას უმძიმესი წელი ჰქონია. არ სურს იმ ამბების გახსენება, ერთხელ თქმა კმარა, ცუდმა ჩაიარა და აღარ გამახსენოთო. გაძარცვეს სახლი, წაიღეს, რისი წაღებაც შეეძლოთ, მაგრამ მეზობელმა აფხაზებმა დაიფარეს ქალი. მათ მიჰქონდათ პური, საჭმელი.

ლიმონკა ბებია:
- მიჭირდა შვილების გარეშე, მაგრამ არ მინდოდა, მიმეტოვებინა ჩემი მიწა, ქმრის საფლავი, იმ იმედით ვცოცხლობდი, რომ ჩაივლიდა სიძულვილის ქარიშხალი და ისევ ერთად იცხოვრებდა ყველა, დაბრუნდებოდნენ ჩემი შვილები და მერე მე მშვიდად გავუყვებოდი გზას მარადიული სამყოფლისკენ. ორი უმძიმესი ომი გადავიტანე, მეორე მსოფლიო და აფხაზეთის, მაგრამ ამ ორი მოვლენის შედარებაც არ შეიძლება. გერმანიას, თავდამსხმელს ვეომებოდით პირველ ომში, მეორე ომში კი ქართველი და აფხაზი ხოცავდა ერთმანეთს, ამ ხნის ქალი ვარ და დღემდე ვერ გამიგია, რისთვის, ვინ რჩება ამ მიწაზე სამუდამოდ? განა ორივე მხარეს არ უნდა ესმოდეს, რომ თუ სიძულვილითა და ზიზღით იცხოვრებ, შენს შვილს დაუტოვებ მემკვიდრეობად...

იმ ავბედით დღეს მურმანიკას მაინც არ გამოვყვებოდი, ჩემი სახლიდან არსად წავიდოდი. ახლა სადაც ცხოვრობს, ეს არის კარგი? სადღაც ქარხნის შენობაში ერთი ციდა ოთახი მისი საკუთრებაც კი არ არის... ჩემს სახლში მინდა, ჩემს ეზოში. ამიტომაც ვუყრუებდი წლების განმავლობაში ჩემი მურმანიკას თხოვნას, დედა, წამოდიო. რა მინდოდა თბილისში? სანამ თითო-ოროლა ქართველი მაინც ცხოვრობს აფხაზეთში, მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დაგვიკარგავს ის მიწა. კარგი და ცუდი ყველგან არის, ქართველშიც და აფხაზშიც. მე გამიმართლა, ჩემ გარშემო ყოველთვის კარგი აფხაზები იყვნენ, ის ხალხი, ვისთვისაც ეროვნება კი არა, ადამიანი იყო მთავარი. არ მინდა იმის გახსენება, რომ სახლს მიძარცვავდნენ, თოფი როგორ მომაბჯინა ერთმა, მეორემ კი ხელი აუკრა. ერთი გლახა ყველას ჰყავს... ტანსაცმელიც კი წაიღეს, ჩასაცმელი აღარაფერი მქონდა, მაგრამ მეზობლებს, პოლიას და ვალერას, არაფერი ენანებოდათ ჩემთვის. პოლიუკამ პური მოიტანა, ვალერიკამ - დედამისის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ვალერას ახლდა კიდევ ვიღაც, ათასი მანეთი სტოლზე დამიდო, არ მოიშიოო. ერთი კვირა ფარდულში ვიწექით მე და ჩემი მეზობელი ციალა, მერე, შედარებით რომ დამშვიდდა იქაურობა, დავბრუნდი შინ. ძაღლი მყავდა მცველად... მენატრება, იმ დროში, ენით რომ ვერ აღწერ, რა მძიმე იყო, ღვთის იმედად ვიყავით ერთ ჭერქვეშ ორი სულიერი. ის იყო ჩემი ფიქრების მცველიც...

2009 წელს ლიმონკას თვალში სინათლე დაეკარგა. მეზობლებმა ექიმთან გააქანეს. ცალი თვალი ომის დროს დაუზიანდა, ნამსხვრევი მოხვდა თვალში და კარგა ხანია, ვერაფერს ხედავს, მეორე თვალის გადარჩენა შეიძლება და დროულად უნდა უშველოთო, უთქვამს ექიმს. მეზობლებმა მურმანს დაურეკეს, ენგურის ხიდზე შეგვხვდი, ლიმონკას მოგიყვანთ, ოპერაციის ფულს ჩვენ გადავიხდით, ოღონდ უშველეო.  

მურმან ქებაძე: - ვხვდებოდი დედას, რომელიც ყოველღამე მესიზმრებოდა. მანქანიდან რომ გადმოიყვანეს, წელში მოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი იდგა. ახალფეხადგმულივით ძლივს მივუახლოვდი, ვიდექი ხელებგაშლილი და გულში რომ უნდა ჩამეკრა, იკითხა, სად ხარ, შვილო, გგრძნობ, მაგრამ ვერ გხედავო. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ცალ თვალში მხედველობა აქვს, დღემდე არ ატარებს სათვალეს.

მედიკო ბართია, რძალი:
- დამცინის ხოლმე, წნევას რომ ვისინჯავ, ახალგაზრდა ქალს წნევა როგორ უნდა გაწუხებდესო.  შარშან, 99 წლის რომ გახდა, მარტო სეირნობა გადაწყვიტა, რაღაცას წამოედო, დაეცა, ხელი მოიტეხა, თაბაშირი რომ დავადეთ, შეწუხდა, მალე მინდა მომირჩესო. სიბერის შეგრძნება არა აქვს. შინ ვერ ვაჩერებთ.

ლიმონკა ბებია: - როდესაც მურმანიკამ ჩემთვის პენსიისა და დევნილის დახმარების განაცხადი შეიტანა, უკითხავთ, ამდენი წელი სოხუმში თუ იცხოვრა, ახლა რატომ გადმოვიდაო? პარლამენტში უნდა იყაროს კენჭიო, დაუცინია მურმანიკას. იმათ კიდევ გაამწარეს, საბჭოთა პასპორტსა და აფხაზურში დაბადების ასაკი არ ემთხვევა, დაბადების მოწმობა გვინდაო. როგორც იქნა, მივაკვლიეთ ონში მოწმობას, რომ ჩახედეს და გათხოვებამდე ჩემი გვარი ჩიხრაძე ნახეს, შეუცხადებიათ, პასპორტში ქებაძე როგორ გახდაო. გათხოვდა და გვარი შეიცვალაო. დაგვიმტკიცე ქორწინების მოწმობითო, ცინიკურად მოუთხოვიათ. "წითელი ჯვარი" დაგვეხმარა, რომ სოხუმიდან ქორწინების მოწმობა გამოეგზავნათ. ეს არის ადამიანობა?..

ეჰ, წამივიდა დრო, ზევიდან თუ დაიძახა იმ დალოცვილმა, უნდა წამოხვიდეო, ვერაფერი უშველის კაცს.

- არ უნდა დაძახება, ბებო, კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთ.

- არ დაიძახებს ვითომ ჯერ? შევხვდებით სოხუმში? დაგლოცოთ ღმერთმა. მოიყარეთ ჩემს ხნობამდე და ჩემს მონაგარზე ნაკლები არ ყოფილიყავით, სრულიად საქართველოს დავლოცავ, სიყვარულით იცხოვრეთ, გლახა არ დეიტიოთ გულში და ყველა ბეწვის ხიდზე იოლად გახვალთ, ბებო. სიგლახე ამძიმებს ადამიანს, სიკეთე კი ამჩატებს, ისე კი არა, როგორც მთვრალს, როგორც ფრთიან ანგელოზს.
ნია
10 იანვარი 2014 18:31
ღმერთო, დიდხანს აცოცხლე და სოხუმში დაბრუნებას მოასწარი... ♥
მაია
10 იანვარი 2014 10:26
უფალმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი !!! სანამ მსგავსი ბებო--ბაბუები გვყავს, გადაშენება, ლგბტ, მართლმადიდებლობის მლანძღველები ვერაფერს დააკლებენ ქართულ ჯიშს !!! იდღეგრძელოს თქვენმა ოჯახმა !!! ყოველ ახალ წელს და შობას დაგელოცოთ სრულიად საქართველო, ლიმონკა ბებო !!!
მაია
10 იანვარი 2014 10:25
უფალმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი !!! სანამ მსგავსი ბებო--ბაბუები გვყავს, გადაშენება, ლგბტ, მართლმადიდებლობის მლანძღველები ვერაფერს დააკლებენ ქართულ ჯიშს !!! იდღეგრძელოს თქვენმა ოჯახმა !!! ყოველ ახალ წელს და შობას დაგელოცოთ სრულიად საქართველო, ლიმონკა ბებო !!!

რედაქტორის რჩევით