"ახალმა წელმა ჯიბეცარიელი დაგვტოვა"
06-01-2014
"ახალმა წელმა  ჯიბეცარიელი დაგვტოვა"
თქვენ გეძლევათ სიტყვა!

"საახალწლოდ საზღვარგარეთ ყველაფერი იაფდება, ჩვენთან კი პირიქით - ძვირდება"


ტრადიციულად, საახალწლოდ ჩვენში პროდუქტები ძვირდება, სხვა ქვეყნებში პირიქით - სავაჭრო ობიექტები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ, მათ შორის სურსათზეც. წელს სიძვირის კიდევ ერთი მიზეზი ლარის კურსის ვარდნა გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 80% იმპორტირებული პროდუქციაა, იოლად მიხვდებით, რა ძვირი ახალი წელი დაგვიდგა.

ზოია კუპრაშვილი, 56 წლის, ექთანი:
- ყველაფერი ძალიან გაძვირდა - კარტოფილის და ლობიოს ფასი ამ
ერთ თვეში თითქმის გაორმაგდა, ხოლო ხორცს და რძის ნაწარმს ახლოსაც ვერ გაეკარები. ძვირია ტკბილეულიც, რომელიც ძირითადად უცხოეთიდან შემოდის. მოვაჭრეები გაძვირების მიზეზად დოლარის კურსის ზრდას ასახელებენ, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს რა ნუგეშია? ჩვენი შემოსავალი იგივეა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. მოკლედ, ჩვენზეა ნათქვამი: გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში
მიეწიაო. მთელი დანაზოგი დავხარჯე საახალწლო სამზადისისთვის. ძალიან მეშინია, ალბათ მომავალ ხელფასამდე თავის გატანა ძალიან გამიჭირდება. მოკლედ, ახალმა წელმა ჯიბეცარიელი დამტოვა.

დავით ლაფერაშვილი, 53 წლის, ექიმი: - ახალ წელს ოჯახში ლატარიას ვათამაშებთ, ჩვენს სახელებს ვწერთ ფურცლებზე, ვყრით დოლურაში და ვისი სახელიც ამოვა, მას ვუძღვნით საჩუქარს. ჩემი შვილი მესამე თაობის სმარტფონზე, "აიფონ 5"-ზე ოცნებობდა. საშუალო შეძლების ოჯახს ძვირად ღირებული ნივთის შეძენა გვიჭირს. საახალწლოდ გამოცხადებულმა უპრეცედენტო განვადებამ შემიტყუა. გავრისკე და შვილს "აიფონი" განვადებით ვუყიდე. გაოცებული დავრჩი - მაღაზიაში ხალხმრავალი რიგები იყო, მაშინ, როცა ზოგს 2-ლარიანი ჩურჩხელის ყიდვაც კი უჭირს. უფრო გამიკვირდა, როცა მაღაზიის კონსულტანტისგან გავიგე, რომ საახალწლოდ დღეში ასამდე "აიფონს" ყიდიან და უმეტესობას ბანკის მიერ შეთავაზებული განვადებით. მართალია, საბოლოოდ განვადება სულაც არ აღმოჩნდა უპროცენტო, რადგან ჯერ საკომისიო გადასახადის გადახდა მომიხდა და განვადებით ტელეფონი დაახლოებით 100 ლარით ძვირიც დამიჯდა, ვიდრე ნაღდი ფულით შეძენისას გადავიხდიდი, მაგრამ რა ვქნა, ახალი წელი ხომ ის დღესასწაულია, როცა ყველა სურვილი სრულდება.

ლალი ვალიშვილი, 45 წლის, გარემოვაჭრე:
- წელს გამორჩეულად სიძვირეა. საკვები პროდუქტების გარდა სათამაშოების ფასიც გაიზარდა. ამის გამო მომხმარებელი გვსაყვედურობს, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენც ძვირად გვაწვდიან მომწოდებლები, რომლებსაც ეს პროდუქცია ვალუტით აქვთ შეძენილი. ყოველ ახალ წელს პარლამენტის შენობასთან მოწყობილ "საახალწლო სოფელში" ვქირაობდი ჯიხურს, ქირასაც ვიხდიდი და  მოგებაც მრჩებოდა. წელს მერიამ "საახალწლო სოფლის" მოწყობა რიყის პარკში გადაწყვიტა. სამი დღეც ვერ ვიმუშავე, ჯიხურის ქირაც ხომ უნდა გადამეხადა, რეალურად ამ თანხის ნახევარსაც ვერ ვვაჭრობდი. სასწრაფოდ დავხურე ჯიხური და პარლამენტის შენობასთან ქუჩაში გადავინაცვლე. ჩემსავით მოიქცნენ სხვა მოვაჭრეებიც. "საახალწლო სოფლისგან" მხოლოდ უფასო ყინულის მოედანი და შელახული ნაძვის ხე დარჩა.

თამუნა მშვილდაძე, 35 წლის, პედაგოგი: - წელს მეტისმეტად ძვირი ახალი წელი დამიდგა - საახალწლო ხარჯებსა და გაძვირებულ პროდუქტს ემატება ქირისა და სესხის გადასახადი, რომელიც დოლარით უნდა გავასწორო; მხოლოდ ამით ჩემი ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 100 ლარით გაიზარდა. ერთადერთი - არ გაძვირებულა საიუველირო ნაკეთობები, პირიქით, საახალწლოდ ფასი ცოტათი შემცირდა კიდეც და მომხმარებელმაც იმატა. მშვენიერი საჩუქარი შევურჩიე დედასა და ქალიშვილს.

აგა ბურდული, 46 წლის, ეკონომისტი: - ერთადერთი, რაც  წელს არ გაძვირებულა, სანტა კლაუსის მომსახურებაა. შარშანაც გამოვიძახე სანტა შინ, რომ შვილებისთვის სიურპრიზი მომეწყო. სხვათა შორის, არც იმ თოვლის ბაბუების მომსახურება გაძვირებულა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მსურველებს სამ ლარად ფოტოს გადაღებას სთავაზობენ. როგორც ჩანს, მათზე ლარის კურსის ვარდნა არ მოქმედებს.

ანა ხოფერია, 29 წლის, ფსიქოლოგი: - რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. წელს პირველად ვხვდები ახალ წელს სამშობლოში. გაოგნებული ვარ. ესპანეთში საშობაო ფასდაკლება 23 დეკემბერს იწყება და ფასი ყველაფერზე მცირდება. თავიდან 25%-იანი ფასდაკლება ცხადდება, რამდენიმე დღეში სეილი 50%-ს აღწევს, ხოლო 12-13 იანვარს მაღაზიები მომხმარებელს 70-80%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.

წლის ამ დროს ევროპას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ბევრი ქართველი საგანგებოდ "სეილისთვის" ჩამოდის. გამოცდილმა მომხმარებელმა იცის, რომ თუ დიდხანს დაელოდებიან დაბალ ფასს, შესაძლოა სასურველი ნივთი ხელიდან გაუშვან. ამიტომ, როგორც კი 50%-იანი ფასდაკლება ცხადდება, განსაკუთრებით პოპულარულ მაღაზიებთან მთელი ღამე ცოცხალი რიგი დგება. საქართველოში კი პირიქით, 25 დეკემბრიდან ფასები საგრძნობლად იზრდება.

ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ და საკუთარი მეურნეობა აქვთ. სოფლის ნობათი საახალწლოდ მათ გამომიგზავნეს, თორემ სადღესასწაულო სუფრისთვის ყველა პროდუქტის ყიდვა გაგვიჭირდებოდა.
nana
10 იანვარი 2014 15:38
ძალიან მეცინება, როდესაც 1000 ლარიან ტელეფონებს ყიდულობენ საქართველოში, როცა ხელფასი ბევრად ნაკლები აქვთ. ეს ქვეყანა მეტის ღირსია, ქართული კუდაბზიკობა ვერ მოიშალეს. ჩემს უფროსის ხელფასი ხუთნიშნაა, მაგრამ სხვისი გამონაცვალი იფონი აქვს. აქ არ იციან ფულის ყადრი.
manana
09 იანვარი 2014 17:57
იცით რა მაინტერესებს ჩვენს ახლანდელ მთავრობასაც დიდი ავადმყოფობა ჭირს რასაც ამნეზია ქვია. შარშან გამოაცხადენ საშემოსავლოს დავქვითავთ , ამ საშემოსავლოს თანხა წლის განმავლობაში დაგროვდება და წლის ბოლოს მეცამეტე ხელფასის სახით გავცემთო მაგრამ წლის ბოლოს ამის შესახებ აგარაფერს ამბობენ პრემიებს თავისთვის ინაწილებენ თანამდებობის ხალხი . უბრალო თანამდებობის ხალხი აგარავის ახსოვს არც ხელფასების გაზრდაზე საუბრობენ და ამ პროდუქტების ზრდამ ისედაც მცირე ხელფასზე მყოფი ხალხი შავ დგეში ჩაგვაგდო იქნება მთავრობამ ყურად იგოს ხალხის ჩივილი. თორემ არ აცდებათ ხალხის რისხვაააა



რედაქტორის რჩევით