მკვლელი მაშხალები!
06-01-2014
მკვლელი მაშხალები!
"წელს პიროტექნიკით დაშავებული ყველაზე პატარა, 3 წლის პაციენტი გვყავდა, ყველაზე ასაკოვანი კი - 92 წლის მამაკაცი"

"უკვე აფეთქებულ მაშხალას ბავშვმა ცნობისმოყვარეობის გამო ჩახედა, სწორედ ამ დროს ისევ აფეთქდა და თვალი დაუზიანა"



საახალწლო მაშხალების, ფეიერვერკებისა და შუშხუნების არასწორ გამოყენებას ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, ეს პრობლემა მაინც მოუგვარებელია. ბაზარი სავსეა ხარისხიანი თუ უხარისხო პროდუქციით და  მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია... ამ ახალ წელსაც პიროტექნიკით
არაერთი მოქალაქე დაშავდა. მარტო 31 დეკემბრის ღამეს 582 შემთხვევა დაფიქსირდა...


სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის უფროსი ნინო სამადაშვილი:

- დაშავებული მოქალაქეები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის გადაუდებელი ქირურგიის ცენტრშიც, სადაც ერთ-ერთ პაციენტს კიდურების ამპუტაციაც კი დასჭირდა. სამწუხაროდ, ხშირად საახალწლო მხიარულება სავალალო შედეგით მთავრდება. მაგალითად, 8 წლის ბავშვს
თვალი დაუზიანდა, 22 წლის ბიჭს სმენა დაუქვეითდა. იყო ხელის მტევნის ღია ჭრილობები, დამწვრობები... 31 დეკემბერს  ნავთლუღის ბაზართან ქალი დაშავდა, მას თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა - ასაფეთქებლის ნამსხვრევი მოხვდა თავში... გლდანში 4 წლის ბიჭმა თვალბუდის ტრავმა მიიღო. ანალოგიური დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 წლის გოგონაც\.
თბილისში პიროტექნიკის დაუდევრად გამოყენების გამო ხანძარიც გაჩნდა.  

პლასტიკური ქირურგისა და დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე:

- საახალწლოდ დამწვრობას იღებენ არა მარტო პიროტექნიკის აფეთქებით, არამედ კერძების მომზადებისას. ძალიან გახშირებულია ცხელი წყლით, საჭმლის ნახარშით დამწვრობები.
ფეიერვერკებითა და ასაფეთქებლებით მიყენებული ტრავმებით 25-მა პაციენტმა მოაკითხა ჩვენს კლინიკას. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. წელს ყველაზე პატარა, 3 წლის პაციენტი გვყავდა, ყველაზე ასაკოვანი კი - 92 წლის მამაკაცი. ძირითადად, ხელის მტევნები ჰქონდათ დაშავებული და  ქუთუთოები - დამწვარი.  წელს იყო მოყინვის შემთხვევებიც.

მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო,  შეიძლება ადამიანმა მოყინვა 2-3 გრადუსზეც მიიღოს. ამიტომ ვურჩევ ყველას, ზამთარში მოჭერილი ფეხსაცმელი არ ჩაიცვან, რადგან შეიძლება ტერფი ისე მოეყინოთ, რომ ამპუტაციაც გახდეს საჭირო. ფეხი სველი არ უნდა გვქონდეს.
წელსაც დასჭირდათ პაციენტებს თითების ამპუტაცია მოყინვის გამო, საბედნიეროდ, მთლიანი ტერფის ამპუტაცია წელს ჯერჯერობით არავის დასჭირვებია.

- ბატონო გუგა, რას გიყვებიან პაციენტები, რა ვითარებაში დაშავდნენ?

- პიროტექნიკის გამოყენებისას მითითებული უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ინსტრუქცია უმეტესად ჩინურ ენაზეა. ხშირად მოხმარების წესების უცოდინარობის გამო მიმართულება ეშლებათ და ნაცვლად იმისა, ჰაერში გაუშვან ფეიერვერკი, პირიქით, აივნიდან სახლში აგდებენ, ზოგსაც არასწორად უჭირავს და ხელში უფეთქდება. იყო შემთხვევა, როცა უკვე აფეთქებულ მაშხალას ბავშვმა ცნობისმოყვარეობის გამო ჩახედა, სწორედ ამ დროს ისევ აფეთქდა და თვალი დაუზიანა.

- თქვენი აზრით, უნდა დაწესდეს თუ არა პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვა?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, არის ისეთი ძლიერი ასაფეთქებლებიც, რომელმაც შეიძლება ბავშვი ჰაერში აიტაცოს.
31 დეკემბერს, როცა მოქალაქეთა უმრავლესობა ნასვამია, წესებს არავინ იცავს. მეტი სიფრთხილე გვჭირდება, რომ არ ჩავიშხამოთ საახალწლო განწყობა... 3 წლის ბავშვის ნასვამი მამა და ბიძა თურმე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო შორს გაისროდა და ბავშვს გასროლილი ნამსხვრევი მოხვდა. 92 წლის მოხუცს კი ხელის მტევნები შვილიშვილის გასროლილი მაშხალის ნამსხვრევმა დაუზიანა.
დაუშვებელია ასევე ხუმრობა. ხშირად ერთმანეთს ჯიბეშიც კი უგდებენ ასაფეთქებლებს, აგდებენ ღია ფანჯარაშიც და მოსალოდნელ მძიმე შედეგზე არ ფიქრობენ.

შარშან იყო ასეთი შემთხვევა. სუფრასთან ისხდნენ, მამაკაცი თამადობდა და მას სუფრის წევრები გაეხუმრნენ - პიჯაკის ორივე ჯიბეში ანთებული ასაფეთქებლები მაშინ ჩაუგდეს, როცა ყანწით ხელში სადღეგრძელოს ამბობდა. პიჯაკს ცეცხლი უცებ წაეკიდა, მთვრალმა მამაკაცმა გახდა ვერ მოასწრო და ვერც სხვები დაეხმარნენ. ორივე გვერდი იმდენად ჰქონდა დამწვარი, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

შარშან ერთ ქალს ხელის მტევანი და კისერი ჰქონდა დამწვარი - ყელზე ნაძვის ხის წვიმა ჰქონდა შემოხვეული. ბავშვებმა მაშხალას რომ წაუკიდეს, წამებში წვიმასაც წაეკიდა ცეცხლი და ქალმა ყელის დამწვრობა მიიღო...    
დამწვრობის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რათა მდგომარეობა  მეტად არ დამძიმდეს...
ძველით ახალ წელს დაშავებულთა კიდევ ერთ ტალღას ველოდებით. ყველას ვურჩევ, ფრთხილად გამოიყენონ ასაფეთქებლები. 

P.S. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალბატონმა ასეთი რამ მიამბო:
"4 წლის შვილი მყავს და მეც ვუყიდე მაშხალები. გამყიდველს ვთხოვე, შედარებით უსაფრთხო მოეცა. 31 დეკემბერს გავედით გარეთ. ერთი უპრობლემოდ გავისროლეთ, მაგრამ მეორე ბავშვს ხელში აუფეთქდა. ეს წამებში მოხდა, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, ბავშვი ღრიალებდა, ხელები დამწვარი ჰქონდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, საბედნიეროდ, გადავრჩით, მაგრამ ბავშვი დღემდე შოკშია და ამბობს, არასოდეს მიყიდოთ ასაფეთქებელიო. კარგი იქნება, თუ შეზღუდვა დაწესდება სიცოცხლისთვის საშიში პიროტექნიკის გაყიდვაზე".


ბიზნესი ჩვენი სიცოცხლის ფასად?!


საქართველოში მაშხალები, ძირითადად, ჩინეთიდან შემოაქვთ.
სამწუხაროდ, ბაზარზე წინა წლებში დარჩენილი საქონელიც გამოაქვთ. არადა, ვადაგასული საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენება მეტად საშიშია. თუ შენახვის პირობები დარღვეულია - ნესტიან ადგილზე იყო დაწყობილი, მაშინ ცეცხლის მოკიდების შემდეგ დროზე ადრე, ან პირიქით - გვიან ფეთქდება. ისეთი პიროტექნიკაც იყიდება, რომელსაც თოფით ისვრიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ საშიში, ე.წ. მკვლელი პიროტექნიკა თავისუფლად არ უნდა იყიდებოდეს და ამას შესაბამისმა სამსახურებმა მკაცრი კონტროლი უნდა გაუწიონ, რათა ჩვენი სიცოცხლე ვიღაცის ბიზნესინტერესებმა არ გადაიყოლოს!

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით