ხევსურეთის სიყვარულში გაყინული
06-01-2014
ხევსურეთის სიყვარულში გაყინული
სანამ მდინარეში ჩავარდნილი ერეკლე ჭინჭარაულის გადასარჩენად ბარიდან ვერტმფრენი და ექიმები ამოვიდნენ, ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა...

დაუჯერებელია, მაგრამ 21-ე საუკუნის მეთოთხმეტე წელს, საქართველოში, ხევსურეთში, სოფელ არხოტში 26 წლის ვაჟკაცი გაიყინა. სანამ მდინარეში ჩავარდნილის გადასარჩენად ბარიდან ვერტმფრენი და ექიმები ამოვიდნენ, ულამაზესი ვაჟკაცი დაიღუპა...

ყელში გაჩრილ ბურთს ვერაფერს ვშველი, ტკივილს ფურცელი როგორ გამიქარვებს!..
მრცხვენია, რომ ასე უბრალოდ დავკარგეთ ერეკლე ჭინჭარაული - კაცი, რომელსაც ლამაზი მოდგმა უნ
და დაეტოვებინა.  

ტურისტებს კალთებს ვახევთ საქართველოს მთიანეთში სამოგზაუროდ და ვტრაბახობთ, ასეთი მთები არავის აქვსო, მაგრამ რად გინდა მთა, რომელსაც ხალხი ტოვებს და თუ ვინმე რჩება მიწის გადასარჩენად, ძეგლს კი არა, სატელეფონო ანძასაც არ უდგამ! ხელისუფლება რომ გქვია, სახელმწიფოს მშენებლობაზე რომ გაქვს პრეტენზია და ტურისტების მოსაზიდად ძვირად ღირებულ რეკლამებს უკვეთ მსოფლიოს ცნობილ ტელევიზიებს, შენი
ხალხის თუ არა, სტუმრის უსაფრთხოებისთვის მაინც ხომ უნდა გქონდეს კავშირი ყველა რეგიონთან, მით უფრო - მთიანთან!..
სატელეფონო კომპანიებისთვის ამ მხარეში ანძების დადგმა წამგებიანია - მომხმარებელი არ ჰყავსო... ნუთუ სახელმწიფოს ერთ ჯიპზე ძვირი დაუჯდება მათი დადგმა?! ეს მთიანი რეგიონი ხომ ყველაზე სასტიკ მეზობელთან გვაკავშირებს, საზღვარს კი მხოლოდ დაცლილი სოფლები და რამდენიმე მესაზღვრე იცავს!
სწორედ მესაზღვრეებისთვის ახალი წლის მისალოცად მიდიოდნენ მეგობრები - ბარისახოელი ერეკლე ჭინჭარაული და არხოტელი პაატა წიკლაური.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2 იანვარს ერეკლე პაატასთან ყოფილა არხოტში. ბიჭებს მესაზღვრეების მონახულება გადაუწყვეტიათ, მაგრამ ერეკლეს ამღასთან ყინულზე ფეხი დასცურებია და მდინარე ასაში ჩავარდნილა...

უბედურების ადგილიდან საზღვარი 9 კილომეტრით არის დაშორებული. როგორც შევიტყვეთ, თავზარდაცემული პაატა ახლაც არხოტშია, ტელეფონით ვერ ვუკავშირდებით, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, გადმოცემით კი, ერეკლემ მდინარიდან ამოსვლის შემდეგ სველი ტანსაცმლით სიარული ვეღარ შეძლო, თან გაყინულ წყალში ჩავარდნისას გულის სპაზმი დაემართა და პაატა მარტო გაუშვა მაშველთან დასაკავშირებლად. სანამ პაატამ მესაზღვრეებამდე მიაღწია, იქიდან სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა და ვერტმფრენი არხოტში ჩაფრინდა, ერეკლე გარდაიცვალა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პაატა წიკლაურის ოჯახი სოფელ ამღაში ერთადერთი კომლია,
პაატა და მისი ძმა სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობენ. ხეობასთან ტელეფონით დაკავშირება რომ შეიძლებოდეს და ექიმი იყოს, ეს არ მოხდებოდაო, ამბობენ ისინი, ვინც ამ უმძიმეს პირობებს გამოექცა პირიქითა ხევსურეთიდან.
არხოტის ხეობის სამივე სოფელში: ჭიმღაში, ახიელსა და ამღაში მესაზღვრეების გარდა 8-9 ადამიანი იზამთრებს. არ არსებობს სამედიცინო პუნქტი, სკოლა,  მაღაზია... ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისა და მესაზღვრეების იმედად ცხოვრობენ. ახალგაზრდა ოჯახები არხოტში ვეღარ ჩერდებიან - შარშან ბოლო სამშვილიანი ოჯახი წამოვიდა იქიდან...

არხოტისკენ გზა ოქტომბრიდან მაის-ივნისამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში ხეობის სოფლებში ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება.
ხევსურებს იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და როშკა-ამღის დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაყვანას 2014 წელს დაიწყებს, თუმცა ერეკლე ჭინჭარაულს, სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება.
ერეკლეს სიკვდილი რომ გავიგე, მის ნათესავსა და მეგობარს, ლადო ჭინჭარაულს ვკითხე, რა დაემართა-მეთქი? ერეკლეს ხევსურეთი სჭირდა და მისი სიყვარულით დაიღუპაო, - მითხრა.
"კვირის პალიტრის" ბოლო ნომრებში სულ მთიანი რეგიონების სატკივარზე მიწევს წერა... არ მეგონა, თუ კიდევ ერთხელ მომიწევდა გამეორება, რომ ნასოფლარების დიდი ნაწილი უკვე წაშალა დრომ...
ყოველთვის მთა იყო ჩვენი მფარველი და მარჩენალი, მაგრამ ვის ახსოვს ეს თითო-ოროლა ერეკლე ჭინჭარაულის გარდა?!..
დათა ბატონო
19 იანვარი 2014 23:56
არჩევნების დროს თუ წავტყავებთ რამე სიკეთებბს,მოსვლელ– წამსვლელ მთავრობას,თორემ თუ მოგასწრენ კაბინეტებში და ჯიპებზე მოჯდომა,მოგჭამა ჭირი.მერე მიდის თავიანთი ოჯახების,სამეგობრო საძმაკაცო,საყვარლების მიხედ მოხედა,გამოჩიჩქნა,ხალხი და ამომრჩეველი უკვე ვიღას ახსოვს.ერთი სიტყვით–ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ს დროს!!!!!!!!!!!.თუ მოგასწრენ ტონიზირებულ პრადოებში წამოპლაკვა ..მორჩა–კარები დაიკეტა!
გივარგი
09 იანვარი 2014 15:10
დროა, მთიულ-მახევენი და ფშავ-ხევსურნი გამავეყოთ ამ ურჯულოებს, თავებს რომ თანამედროვე ქართველებად თვლიან, დასავლეთიდან რომ აღმოსავლეთში გადმობარგდნენ, თავიანთ წესს რომ აწესებენ აღმოსავლეთს და თავს რომ გვახვევენ ყველაფერს საკუთარს.

როგორც ჩვენი წინაპარნი იყვნენ ფხოვს, დროა ისე მავიქცეთ ჩვენაც.

არაა ჩვენი მომხედნე არავინ!

ყველა მთავრობა სიმდიდრის მოხვეჭას ცდილობს და ფეხებზეც კი არ ვკიდივართ მთიელნი.

გადავკეტათ დარიალა, შატილი,ჩვენით მივხედათ მაგ გადასასვლელებს, თორო ძაღლადაც კი არ გვაგდებენ ეს ურჯულოები, თბილს კაბინეტებში რომ არიან მოკალათებულნი!
nina
08 იანვარი 2014 21:44
რა დასანანია როცა ასეთი ახალგაზრდა ადამიანები ასე გვეცლებიან ხელიდან:(((

რედაქტორის რჩევით