"ზღვის მამლუქები" ფათერაკების პირისპირ
06-01-2014
"ზღვის მამლუქები" ფათერაკების პირისპირ
როგორ ხვდებიან ახალ წელს  ქართველი მეზღვაურები შუა ოკეანეში

"ეს არის პროფესია, რომლისთვისაც იღბალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს"

"როცა ხმელეთზე გადასვლის საშუალება გვეძლევა, დიდი ბედნიერებაა. ჩვენ ხომ მიწის, ფოთლის დანახვაც კი გვენატრება"


არიან ადამიანები, რომლებიც ახალ წელს შუა ოკეანეში ხვდებიან - ისინი მეზღვაურები არიან. საქართველოში ამ საქმის პროფესიონალები გვყავს, შავი ზღვაც გვაქვს, მაგრამ ბედის უკუღმართობით უცხო ქვეყნების კომპანიებში მუშაობენ. მეზღვაურები თავს "ზღვის მამლუქებს" უწოდებენ. ზოგის შრომა მეტად ფასდება, ზოგის ნაკლებად, გააჩნია, ვის
როგორ გაუმართლებს. საქმის კარგად ცოდნის გარდა, მეზღვაურისთვის იღბალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.…

ბედს მინდობილ მეზღვაურებს სასწაულების საოცრად სჯერათ. ამიტომაც აქვთ უცნაური ტრადიციები. მაგალითად, გემზე ახალი კაპიტანი ძველის დატოვებულ ნივთს ხელუხლებლად ტოვებს. ლოგიკა ასეთია: ძველმა კაპიტანმა მშვიდობით იარა, მისი ნივთი იღბლიანია, გადაგდება შესაძლოა კატასტროფის მიზეზიც კი გახდესო(!).
მეზღვაურებს თვისებებიც განსხვავებული აქვთ. ეს არის სიმშვიდე და  ძლიერი ნებისყოფა. მაგალითად, თუ ძლიერი შტორმი გემს ჰაერში ათამაშებს, მეზღვაურს ნერვებმა არ უნდა უღალატოს, ისტერიკა არ უნდა დაემართოს. სტიქიური შემოტევები კი საკმაოდ ხშირია. ცხადია, მშიშარა კაცი წყალში თვეობით ან სულაც წლობით თევზივით ვერ იცხოვრებს. თუმცა ზოგჯერ ძლიერებსაც ღალატობთ ნებისყოფა და მოწყენილობის ან ცუდი ფიქრებისგან გაქცევას სასმელზე მიძალებით ცდილობენ.

დადგენილი წესით, მეზღვაურმა ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ უნდა დაისვენოს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, ქართველმა მეზღვაურებმა თუ სამუშაო ნახეს, დასვენებაზე ხშირად უარს ამბობენ და გემზე წელიწად-ნახევარი ან ორი წელიც კი რჩებიან.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელი ქვეყნის დროშით მცურავ გემზე მუშაობს მეზღვაური. მაგალითად,  თუ გემი სიერა-ლეონეს დროშით  ცურავს (საგულისხმოა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკას ერთადერთი დახასიათება აქვს ვიკიპედიაში - "ღატაკი"),… ე.ი. ასეთ გემზე მუშაობა მეტად სარისკოა. ქართველი მეზღვაურები ცდილობენ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილ გემებზე იმუშაონ, იქ ბევრად უკეთესი პირობებია.

ჩვენი მეზღვაურები გაახარა ბოლოდროინდელმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ  ქართული საზღვაო ადმინისტრაციის გაცემულ სერტიფიკატებს ევროკავშირი ცნობს. ეს მათთვის კარგ გემებზე დასაქმების პერსპექტივას, მეტ უსაფრთხოებასა და უკეთეს ხელფასს ნიშნავს.

ფათერაკი კი უხვადაა მეზღვაურის ცხოვრებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი კაპიტანი, რომელიც ჩემი ოჯახის მთავარი წევრი ბესიკ ყავლაშვილია, იხსენებს: "ვიდრე კარგ გემზე მუშაობას დავიწყებდი, რთული გზა გავიარე. საქმიანობა რიგითი მეზღვაურობიდან დავიწყე. მეზღვაურს ხიფათს რა გამოულევს, შესაძლოა, ეს იყოს სტიქია, შეიძლება გემი მეკობრეებსაც გადაეყაროს. ამ დროს კაპიტანზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მან გემის მართვისას სწორად უნდა მოახდინოს მანევრირება და სისწრაფის წყალობით მეკობრეებს დაუსხლტეს. ასეთი შემთხვევაც მქონდა. ერთხელ კი პორტში ვიყავი გაჩერებული, როცა გემზე შავკანიანი ყაჩაღები შემომიცვივდნენ, დანებით ხელში. თუმცა როცა დამინახეს, დაიბნენ. ეტყობა, ასეთი ზორბა ქართველის დახვედრას არ ელოდნენ (იცინის). ერთ-ერთი  მაინც მომიახლოვდა. ჰოდა, მძიმე მუშტი რომ მოხვდა თავში და უგონოდ…დაეცა, მის რაზმელებს შეეშინდათ და ფართხაფურთხით გაიქცნენ. რაც შეეხება შტორმებს, ზოგჯერ გემს, მისი სიმძიმის მიუხედავად, აზვირთებული წყალი ბუმბულივით ათამაშებს, მაშინ იმაზე ვფიქრობ, რომ სამყაროს ერთი მცირე ნაწილაკი ვარ, მაგრამ მაინც საოცარი იმედი მაქვს, რომ არსად დავიკარგები (იცინის). იყო შემთხვევა, როცა შტორმის დროს ჩაძირვა დაგვემუქრა, მაშინ არც ისე კარგ გემზე ვმუშაობდი, რომელსაც ერთი მცირე ნაწილი დაუზიანდა. იმხანად არც კაპიტანი ვიყავი. მოკლედ, გამოგვიცხადეს, რომ გემი იძირებოდა. ჰოდა, ჩემი ლეპტოპი საგულდაგულოდ გავახვიე რამდენიმე ცელოფანის პარკში და გულში ჩავიკარი.…მასში  დედის რამდენიმე ფოტო და სიმღერა ინახებოდა, რაც ჩემთვის თილისმასავით იყო. საბედნიეროდ, მაშველები დროზე მოვიდნენ და გემი ჩაძირვისგანაც იხსნეს.

როგორ ვხვდებით ზღვაში ახალ წელს? ახლახან ჩინეთის პორტიდან გამოვედით, სადაც ძალიან ციოდა, და ავსტრალიისკენ ავიღეთ გეზი, იქ კი სიცხე 50 გრადუსს აჭარბებს. გზადაგზა თბილ ტანსაცმელს ვიხდიდით და ბოლოს კონდიციონერიც ჩავრთეთ... ახალ წელს ინდოეთის ოკეანეში შევხვდით. ადრე  ფეიერვერკებს პირდაპირ გემიდან ვუშვებდით. ეს ძალიან ლამაზი სანახაობაა, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკვე აკრძალულია. ასე რომ, 2014 წელი მხოლოდ დიდი სუფრით აღვნიშნეთ, სადაც სხვადასხვა ეროვნების მეზღვაურები შევიკრიბეთ და ყველამ იმაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხვდებით ჩვენს ქვეყნებში ახალ წელს. ამ დღისთვის შეფ-მზარეულმა განსაკუთრებული კერძები მოგვიმზადა. უგემრიელესი იყო ეგზოტიკური სანელებლებით შეზავებული ციკანი შამფურზე.

იშვიათი შემთხვევაა პორტში ახალი წლის აღნიშვნა. ადრე პორტებში გემები ისე სწრაფად არ იცლებოდა, როგორც დღეს. თუკი მაინც მოხდა, რომ პორტში დიდხანს დგომამ მოგვიწია, ხმელეთზე გადასვლის საშუალებაც გვეძლევა, რაც დიდი ბედნიერებაა. ჩვენ ხომ მიწის, ფოთლის დანახვაც კი გვენატრება". 

P.S. მეზღვაურებმა ძალიან კარგი მეგობრობა იციან. ხშირად იმეორებენ ფრაზას "ფესვებიდან": "ერთმანეთთან წყალმა დაგვაახლოვა და ხმელეთზე რა გაგვყრისო". მინდა სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი ხმელეთიდან რამდენიმე ათასი მილით დაშორებულ მეზღვაურებს".… 
Koba Galdava
18 იანვარი 2014 02:25
ეკა მაგარი სტატიაა,ყველა ქართველი მეზღვაურის სახელით დიდ მადლობას გიხდი.მალე და მშვიდობით დაგბრუნებოდეს შენი"ზორბა ქართველი" წარმატებებს გისურვებთ.....
Saba
09 იანვარი 2014 15:28
ეკა ძალიან მაგარი სტატიაა
sxva nino
08 იანვარი 2014 20:53
არ ვიცი ბავშვობაში ნანახი ფილმებიდან თუ წიგნებში წაკითხულისგან მაქვს გამოყოლილი,რომ მეზღვაურები ძალიან მამაცი და ვაჟკაცური ხალხია.მხოლოდ ერთი დღეღამე დავყავი გემზე და თავიდან კი ლამაზი იყო ლურჯი ზღვის ყურება,მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ვეღარ ვუძლებდი. ერთი სული მქონდა ხმელეთზე გადმოვსულიყავი. მაშინ მივხვდი მეზღვაურები რასაც უძლებენ,მართლაც რომ დასაფასებელი პროფესიაა და ბედის ირონიაა,ზღვისპირა ქვეყანა იყო,არავისზე ნაკლები მუშახელი გყავდეს და შენი მეზღვაურები სხვა ქვეყნების გემებზე მიდიოდნენ. ამხელა ფლოტი რომ დაშალეს და გაანადგურეს, ის დიდი გემი "შოთა რუსთაველი" სად არის? ისიც ხომ არ ჩააბარეს ჯართში?

რედაქტორის რჩევით