გვინდა ვიყოთ ახლოს მაყურებელთან... - კვირის პალიტრა

გვინდა ვიყოთ ახლოს მაყურებელთან...

ახალი სტუდიები, ახალი ტექნიკა და ახალი გადაცემები - მომავალ წელს "პალიტრა TV"-ის მაყურებელს ბევრი სიახლე ელის

"მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცდება, რადგან "პალიტრა TV"-ის ახალ პროექტებში მათთვის საყვარელ სახეებს იხილავს"

"რა თქმა უნდა, პოპულარობით და რეიტინგით ჯერ საკმაოდ შორს ვართ წამყვანი ტელევიზიებისგან, მაგრამ ეს დამატებითი მოტივაციაა"

გასული წელი მედიაჰოლდინგ "პალიტრამედიისთვის" საკმაოდ ნაყოფიერი იყო - მის "ოჯახში" კიდევ ერთი საინტერესო წევრი წამოიზარდა - ამჯერად ტელევიზია, "პალიტრა TV". ერთი წლის განმავლობაში ტელევიზიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა მაუწყებლობის არეალი და სატელევიზიო ბადე საინტერესო, გამორჩეული და ინტერაქტიული გადაცემებით გაამდიდრა. 2014 წელს "პალიტრა TV"-ს ახალი გამოწვევები აქვს, ამბიციური გეგმებითა და საინტერესო პროექტებით. მაყურებელს ბევრი სასიამოვნო სიახლე ელოდება. ასე რომ, 2014 "პალიტრა TV"-ის წელი იქნება!

მაკა ლომიძე, "პალიტრა TV"-ის მთავარი პროდიუსერი: "გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის: დავიწყეთ მაუწყებლობა და მთელი ეს წელი მოვანდომეთ არხის ჩამოყალიბებას, როგორც ტექნიკური, ისე გავრცელებისა და შინაარსობრივი თვალსაზრისით. დასახული გეგმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმატებით გავართვით თავი, ნაწილის განხორციელებას კი მომავალი წლისთვის ვგეგმავთ.

გასული წლის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით ნიშას ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რათა 2014 წელს, როცა უკვე წელგამართული არხი ვიქნებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჩვენი ნიშა გვეკავოს. 2013 წელს ჩვენ შევქმენით და ამავე დროს, მომავალი წლისთვის დავგეგმეთ ახალი სატელევიზიო გადაცემები. კმაყოფილი ვართ და გვახარებს ის, რომ "პალიტრა TV"-ის გადაცემებს მაყურებელთა საკმაოდ მოზრდილი აუდიტორია ჰყავს და ეს იგრძნობა მათ ჩართულობაშიც. ამ თვალსაზრისით საინტერესო პროექტია მერაბ მეტრეველის ინტერაქტიული გადაცემა "მოკლე ჩართვა". ეს გადაცემა ითვალისწინებს დიალოგს წამყვანსა და მაყურებელს, ან რადიომსმენელს შორის. შესაბამისად, გადაცემის მსვლელობისას, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოთქვას ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ საჭირბოროტო საკითხებზე.

გამორჩეული და საინტერესოა ასევე კახი კახიშვილის საავტორო პროექტი ორშაბათობით, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, თემის კვალიფიციური განხილვა მოისმინოს, შეაფასოს გადაცემის სტუმრის მოსაზრებები და იმავდროულად, ექსპერტის სტატუსის მქონე წამყვანის პოზიცია და შეხედულებები მოისმინოს.

დღის ბოლოს, "პალიტრა TV"-ის ეთერში, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების განხილვა და შეჯამება, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუში "რეზიუმე" ხდება. გამორჩეული პროექტია ასევე "ემას შოუ" - Hard Talk ფორმატის გადაცემა, რომლის სტუმრებიც ქვეყნის ცნობილი პირები არიან და სადაც მათ წამყვანის საკმაოდ მწვავე და თამამ კითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა. ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მარიკა დარჩიას საავტორო გადაცემამ "სტუმრად მარიკა დარჩიასთან", ის ცნობილ ადამიანებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს და მაყურებელს ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საინტერესო და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანებსაც აცნობს. ჩემი აზრით, "პალიტრა TV"-ის ყველაზე ორიგინალური პროექტია გადაცემა "სოციოგრამა". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობს. "სოციოგრამა" თავს უყრის ინტერნეტსივრცეში დღის ყველაზე პოპულარულ მოვლენებს, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით და მაყურებელს ინტერნეტის ყველაზე გემრიელი "ლუკმა" შეუძლია ერთი გადაცემის ფორმატში ნახოს და შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველაზე პოპულარული მოვლენების საქმის კურსში იყოს.

- ტელევიზიის პოპულარობა გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას ალბათ მაუწყებლობის არეალის გაფართოებამაც შეუწყო ხელი.

- გასული წელი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეს წელი მოვანდომეთ იმას, რომ მაუწყებლობის გავრცელების არეალი გაგვეფართოებინა. დღეს "პალიტრა TV"-ის ყურება შესაძლებელია ყველა საკაბელო პროვაიდერის საშუალებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ერთადერთი, ვინც ტექნიკური პრობლემების გამო ჯერჯერობით ვერ მოახერხა "პალიტრა TV"-ის ჩასმა სამაუწყებლო ბადეში "მაგთისატია". თუმცა, როგორც ვიცი, ისინი აქტიურად ცდილობენ ამ სირთულეების მოგვარებას და იმედი მაქვს "პალიტრა TV" მალე "მაგთისატითაც" გავრცელდება.

- ქართული სატელევიზიო სივრცე საკმაოდ კონკურენტულია, რა არის ის, რითაც აპირებთ მაყურებლის მოზიდვას და შემდეგ შენარჩუნებას?

- იმისთვის, რომ მაყურებლის სიყვარული და პოპულარობა მოიპოვო, სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ლიცენზირებული მეგაპროექტების კეთება. ჩვენ ვცდილობთ ვინმესგან კი არ გადავიღოთ, არამედ ჩვენი ორიგინალური სატელევიზიო პროექტები შევქმნათ. ჩვენ ტელევიზიას ვაკეთებთ ხალხთან ერთად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ახლოს მაყურებელთან, ჩვენს გადაცემებში მაყურებლის თანამონაწილეობა მაღალია, რაც პრაქტიკულად დაკარგეს სხვა ტელევიზიებმა. ჩვენი დიდი სურვილია, მაყურებელი ჩავრთოთ ტელეკონტენტის შექმნაში.

საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან "პალიტრა TV"-ის ახალ პროექტს - "ტელემარკეტი". პირველები ვართ, ვინც ამ ფორმატში მომხმარებელს წიგნები შესთავაზა. ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს, როცა კოტე თოლორდავას მიჰყავს "ტელემარკეტი" და ბევრი სარგებლობს ამ შეთავაზებით. პროექტი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომავალში, ვფიქრობთ "ტელემარკეტის" საშუალებით, სხვა პროდუქციასაც შევთავაზებთ მაყურებელს. უკვე გვაქვს შემოთავაზება რამდენიმე კომპანიის მხრიდან, რომ სწორედ მათი პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს ჩვენი ტელემარკეტის საშუალებით.

მთავარი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, "პალიტრამედიის" გუნდია. წლების განმავლობაში შეძენილი ადამიანური რესურსი და პროფესიონალიზმი ძალიან გვეხმარება ტელევიზიის შექმნისას.

- რა გეგმები აქვს "პალიტრა TV"-ის მომავალი 2014 წლისთვის?

- 2014 წელს ჩვენ ვაპირებთ ახალი სტუდიების აშენებას, ტელევიზიის ტექნიკურ გადაიარაღებას და სატელევიზიო ბადის ახალი გადაცემებით გამდიდრებას. ეს ყველაფერი კი აისახება, როგორც გადაცემების ხარისხზე, ასევე ტელევიზიის მასშტაბებსა და რეიტინგებზე. მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცდება, რადგან "პალიტრა TV"-ის ახალ სატელევიზიო პროექტებში, ცნობილ და მათთვის საყვარელ სახეებს იხილავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "პალიტრამედია" წმინდა ბიზნესორგანიზაციაა და ტელევიზიაც ბიზნესსაწყისებზე იქმნება. ეს კი დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს. ამ ეტაპზე ჰოლდინგი "პალიტრამედია" აფინანსებს ტელევიზიას. ჯერ ინვესტირების დროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 2014-2015 წლებში ტელევიზია კომერციულად მომგებიანი პროექტი გახდება. ჩვენ შევქმნით ისეთ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებიც არ იქნება ძალიან ძვირად ღირებული, მაგრამ ძალიან ახლობელი იქნება მაყურებლისთვის, იქნება რეიტინგული, საინტერესო და მოთხოვნადი რეკლამის დამკვეთისთვის. სხვათა შორის, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოთქვა "პალიტრა TV"-ის გადაცემების სპონსორობის სურვილი. სპონსორი ჰყავთ გადაცემებს, სტუმრად "მარიკა დარჩიასთან" და "რეზიუმეს", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაცემები რეიტინგულია და ბიზნესისთვის საინტერესოა ამ გადაცემებში ფულის ჩადება. რა თქმა უნდა, პოპულარობით და რეიტინგით ჯერ საკმაოდ შორს ვართ წამყვანი ტელევიზიებისგან, მაგრამ ეს დამატებითი მოტივაციაა. ვეცდებით მალე ლიდერთა შორის გვიხილოთ.

დასასრულ მინდა გითხრათ, რომ თუ გასულ წელს "პალიტრა TV" "პალიტრამედიისთვის" ერთ-ერთი პროექტი იყო, 2014 წელს ის მედიაჰოლდინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი იქნება".