გაატარეთ, სასწრაფო მოდის!
13-01-2014
გაატარეთ, სასწრაფო მოდის!
შესვლა აკრძალულია!

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ერთ-ერთია იმ დაწესებულებათაგან, რომლის გამართულ მუშაობაზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. ქუჩაში ხშირად ვხვდებით სასწრაფო დახმარების მანქანას ჩართული ხმოვანი სიგნალით, რომელსაც გამოძახებაზე ან შემთხვევის ადგილზე მიეჩქარება. გადავწყვიტეთ, ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად გაგვეტარებინა და გვენახა, რა ხდება დახურულ კარს მიღმა...

პირველმა გამოძახებამაც არ დააყოვნა - დახმარებას ახალგაზრდა ქალი ითხოვდა. ექიმმა მისამართი ჩაიწერა და გამოძახებაზე წავედით. სანამ პაციენტთან მივალთ, შემთხვევით ვსარგებლობ და სასწრაფო დახმარების მუშაობის სპეციფიკას
დეტალურად ვეცნობი. ვარკვევ, რომ თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ფილიალი მუშაობს. ყოველდღიურად ქალაქს 80 სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება, თუმცა საღამოს, პიკის საათებში, დამატებით 12 ავტომობილის გამოყვანა ხდება საჭირო. "სასწრაფო" 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ექიმებიც მონაცვლეობით მორიგეობენ დილის 10-დან მეორე დილის 10 საათამდე. ცვლის გადაბარებისას
მოწმდება მედიკამენტების რაოდენობა, სამედიცინო აღჭურვილობა... მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ ცვლას გავიდეს გამოძახებაზე. სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც აუცილებელია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის: დეფიბლირატორი, კარდიოგრაფი, წამლების ყუთი და ჟანგბადის ბალონები.
ამასობაში დანიშნულების ადგილზე მივდივართ. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ნერვული შოკის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდა. მას შემდეგ, რაც გაწერეს, ნანემსარი შეუშუპდა, რასაც ძალიან განიცდის. ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ურჩიეს, რომ ქირურგის კონსულტაციით ისარგებლოს. ამასობაში ოპერატორი ახალ მისამართს გვკარნახობს. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე დახმარება ხანდაზმულ ქალს სჭირდება. მანქანა ისე სწრაფად მიქრის, რომ უკან მსხდომთ თავის შემაგრება გვიჭირს. ასეთ დროს მახსენდება არაერთხელ გაგონილი საყვედური იმის გამო, რომ სასწრაფო ხშირად იგვიანებს და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ყოველთვის ასე სწრაფად დადიან თუ ეს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით ხდება.

"ბრიგადა ყოველთვის დროულად გადის გამოძახებაზე, მაგრამ ხშირად სასწრაფო დახმარების მანქანას სხვა ავტომობილები გზას არ უთმობენ, რაც აფერხებს მისამართზე დროულად მისვლას. გარდა ამისა,
დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 1600 გამოძახება აღინუსხება  და აქედან უმეტესობას, პაციენტების დაახლოებით 70%-ს, სინამდვილეში არ სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მაგალითად, ითხოვენ, რომ გავუკეთოთ სისხლის ანალიზი, რაც შეუძლებელია, რადგან ეს ლაბორატორიის საქმეა, ჩვენ გადაუდებელი სამსახური ვართ. ზოგი ექოსკოპიას ითხოვს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ექიმი იმიტომ გამოიძახეს, რომ ოთახში ნათურა ვერ მოხსნეს, ერთხელ კი იმიტომ გამოგვიძახეს, ძაღლი სახსრებმა შეაწუხა და მიხედეთო.
ზოგი ისეთი სიხშირით იძახებს ბრიგადას, რომ ექიმები უკვე კარგად იცნობენ არა მხოლოდ პაციენტებს, მათ ოჯახის წევრებსა და მათ ყოფით პრობლემებსაც", - გვიამბობს ნინო სამადაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

ამასობაში შემდეგ მისამართზე გავდივართ. 78 წლის ქალი თავის ტკივილს უჩივის. წნევა ნორმასთან შედარებით მომატებულია და ექიმი ინიექციას უკეთებს. სანამ წამალი იმოქმედებს, პაციენტი გვიყვება, რომ წლების განმავლობაში მებაღედ მუშაობდა, ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა და ამ ასაკშიც კი სათვალის დაუხმარებლად კითხულობს. როცა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, შემდეგ გამოძახებაზე მივდივართ. როგორც ოპერატორი რაციით გვატყობინებს, პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც კრუნჩხვა აქვს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის საავადმყოფოში გადაჰყავს, რადგან სათანადო მკურნალობის გარეშე პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა კიდევ გართულდეს. ახლომდებარე კლინიკამდე მისვლას რამდენიმე წუთი სჭირდება, ამიტომ ამ დროს ექიმთან დალაპარაკებას ვახერხებ.

ინგა ჩერქეზიშვილი, სასწრაფო დახმარების უფროსი ექიმი: "ძალიან მძიმე სამუშაო გვაქვს, მაგრამ უდიდესი კმაყოფილება გეუფლება, როცა ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ. მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვს სასულეში მარგალიტის მძივი გადასცდა. საჭირო მანიპულაციის ჩატარების შემდეგ ამოვუგდეთ მძივი და სიკვდილს გადავარჩინეთ. ერთ 84 წლის ინსულტიან ქალს კი ფიბრილაცია ჩავუტარე და გულისცემა აღუდგა. ისიც კი მახსოვს, კლინიკაში რომ მივიყვანეთ, ექიმმა მითხრა: "პესიმაა", ანუ უიმედოა და რაღას მოგყავდათო. დღესაც ცოცხალია ის ქალი. სასწრაფოს ექიმებს ხშირად მშობიარობაც მიუღიათ, როგორც ოჯახში, ისე ქუჩაში".
ამასობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადას კიდევ ერთ მისამართს გადმოსცემენ. ამჟამად პაციენტი 1 თვის ჩვილია. გასინჯვის შემდეგ ადგენენ, რომ პატარას ფილტვების ანთება აქვს და ექიმებს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაჰყავთ.

რამდენიმე პაციენტის დახმარების შემდეგ ხანმოკლე შესვენების დროც დგება. სასწრაფოს ექიმები სამზარეულოში იკრიბებიან და თავს გადახდენილ სახალისო თუ უსაიმოვნო ამბებს ჰყვებიან.

2 იანვარს, ბედობას, ერთ-ერთ მისამართზე მისულებს ასეთი სურათი დახვდათ: ოჯახში მიცვალებული იყო და მის პანაშვიდზე ცოლისდა გარდაიცვალა. როგორც ექიმები ამბობენ, ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა, რამაც უცაბედი სიკვდილი გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები სასწრაფოს ექიმებს დაგვიანების გამო ემუქრებოდნენ: ამ ორ მიცვალებულს თქვენც ზემოდან დაგაკლავთო. 

ბუნებრივია, სახალისო ამბები უფრო სასიამოვნო მოსასმენია. ექიმებს განსაკუთრებით იმ ამბის მოყოლა უყვართ, თუ როგორ გადაარჩინა მათმა კოლეგა მამაკაცმა პაციენტი ქალი, რომელსაც საზამთროს ნაჭერი გადასცდა, მაგრამ თავად ლამის ემსხვერპლა ამ ამბავს. ექიმების განმარტებით, როცა ადამიანს სასულეში რამე გადასცდება, სასწრაფოდ ჰეიმლიკის მანევრი უნდა ჩაუტარდეს - პაციენტი ზურგით უნდა შემოატრიალო, ორივე ფეხი გააშლევინო, მარჯვენა ფეხი მის ფეხებშუა მოათავსო, მუცელზე ხელები შემოაჭდო და მკვეთრი მოძრაობებით (შენკენ რიტმულად მოზიდვით) სასულეში გადავარდნილი უცხო სხეულისგან გაათავისუფლო. სწორედ ასე მოიქცა გამოძახებაზე მისული ექიმი... პაციენტის ქმარი გადაირია: შენ ხომ არ გაგიჟდი, ჩემს ცოლს რას უშვრებიო, იღრიალა და ექიმისკენ გაიწია. კაცს რომ არ გადაღობებოდნენ, ვინ იცის, რა დღეში ჩააგდებდა ექიმს.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ქალიც გადარჩა და ექიმიც, რომელმაც პაციენტის ქმარს მოგვიანებით ჰეიმლიკის მანევრის აუცილებლობა და თავისებურებები დაწვრილებით აუხსნა. ნეტა გენახათ ქმრის სახე, ყოველივეს რომ ისმენდა. ამხელა კაცი ბავშვივით მოიბუზა და მერე იმდენ ხანს იხდიდა ბოდიშს, რომ ახლა ექიმი ეხვეწებოდა, თუ არ დაწყნარდები, ცოტა ხანში შენ მეყოლები მისახედიო.

იმ დღეს კიდევ რამდენიმე გამოძახებაზე მოგვიწია გასვლამ. გათენებისას კი გამოძახებებმა იკლო და ექიმებიც სახეზე ენით აუწერელი დაღლილობა რომ აღბეჭდვოდათ, მოსასვენებლად დასხდნენ... ცოტაც და, მორიგეობის გადასაბარებლად ახალი ბრიგადაც მოვა.

dato
04 მარტი 2014 21:37
ხალხო ყველამ გაიგეთ, ექიმი არასდროს და არსად იგვიანებს, ერთ ბრიგადას 3-4 გამოძახება რომ აქვს ყველასთან ერთად როგორ მივა, თან ზოგი თითის გაკაწვრაზეც 112 იძახებს, სასწრაფოს ექიმი კი ბინაზე რომ ზუსტ დიაგნოზს სვამდეს მაშინ ხომ უნდა დაფიქრდეთ რა საჭიროა ამდენი დარგი მედიცინაში? ამდენი დიაგნოსტიკური ცანტრები და ათასი გამოკვლევის მეთოდები? დაიმახსოვრეთ მადიცინაში 2X2=7
დათა ბატონო
23 იანვარი 2014 16:13
სიგნალის ხმაზე,ამერიკაში მოძრაობა ჩერდება და უთმობენო.იქ ალბათ,არ არიან ასე ტონირეული პრადოებით,გასისინებული ხალხის მსახურების მოციმციმე მოსიგნალე ჯიპების სინაგლე ქუჩებში.ნაცების დროსაც არ იყო ასეთი რაოდენობით,ჯიპების სპეცსიგნალებით მოძრაობა.ადრე მეც ყურადებას ვაქცევდი სპეც. სიგნალებს.ახლა უკვე არა.ვიცი თუ სიგნალია,ვინმე საყვარელთან შეგვიანებული ხალხის მსახური,მიქრის ჩვენი ფულებით შეძენილი ჯიპით,ღრიალ ღრიალით და ციმციმით,რამე სხდომაზე ან ღონიზძიებაზე.ხალხის საკეთილდღეოდ!)))
salome
22 იანვარი 2014 23:40
erti magari kanoni akvt amerikashi, rogorc ki sirena chairtveba, ikneba es saswrapo,saxandzro,policia da a.sh. Egreve sxva avtomobilebis,motociklebis, modzraoba wydeba. Saocrad shtambechdavi sanaxaobaa. Saswraposac problemebi ar ekmneba gzashi. Ikneb am kanonze gvemushava sakartveloshic... Da meore sashineli mdgomareobaa zugdidshi. Amodena raions tavis soplebianad emsaxureba 3 tu 4 saswrapo daxmarebis mankana.akedan 2 uazia, da xshirad puchdeba. warmoidginet ekimebic da pacientebic ra dgeshi arian. Mteli dge davyvebodi xolme da tavi miskdeboda dgis bolos. Im Pirobebze rashic ekimebs uwevt mushaoba da yopna agarapers vityvi... Ikneb gaashukot da ikneb uvargisi da dadzvelebuli mankanebis nacvlad raionshic miiyvanon normaluri da axlebi... Ukve gacvetilebs ki nu agzavnian.

რედაქტორის რჩევით