"ბიძინას ძველმანებში ნაყიდი ცისფერი პიჯაკი ძვირფას პიჯაკში გავუცვალე"
13-01-2014
"ბიძინას ძველმანებში ნაყიდი ცისფერი პიჯაკი ძვირფას პიჯაკში გავუცვალე"
"ბიძინა მიხვდა ხუმრობას, კოტემ კი კინაღამ სახლიდან გამომაგდო, - ეს რა თქვიო."

"ხატზე ვერ იმუშავებ, თუ სუფთა გული არ გაქვს"

1988 წელს რიგაში რამდენიმე ქართველმა არქიტექტორმა მხატვარი რიმას ბრუნეიკა გაიცნო და დაუმეგობრდა. ბრუნეიკა ტიხრული მინანქრის გამოყენებით ულამაზეს ნამუშევრებს ქმნიდა, რამაც ქართველები მოხიბლა. მათ შორის იყო დღეს ცნობილი მხატვარი ზაზა ლოდია.

რიმასისა და ზაზას შეხვედრა ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდა - ლატვიელს საქართველო მეორე სამშობლოდ ექცა, ზაზამ კი საკუთარ თავში მხატვრის უნარი აღმოაჩინა
და ფერწერული ხელოვნების საინტერესო ტექნოლოგიას მიაგნო - ქვებსა და კუნძებს სულს ჰბერავს, ფორმას აძლევს, მინანქრის ორიგინალური ორნამენტებით და ფერებით ამკობს და შედევრად აქცევს. ასე შეიქმნა მისი ცნობილი "რწყილი და ჭიანჭველა" (რწყილი კარის სახელურითა და დამბაჩის ნაწილით შექმნა. ფერადოვანი ჭიანჭველა  გაიყიდა, რწყილი კი ავტორთან დარჩა), თოფი,
რომელსაც საოცარი ორნამენტები ამშვენებს, ვაჟას არწივი, ხარი და სხვა... მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში.

...ახლობლის ეზოში მოჭრილი კაკლის ხის კუნძში ხარის თავი დაინახა. გაახსენდა, რომ ეზოში მამისეული საფერავი გახმა, ვერ ჭრიდა მამის დანატოვარ ვაზს,  ყველაფერს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. უცებ გამხმარი ვაზის ფუნქცია დაინახა და კაკლის ხის ხარს რქებად დაადგა, აქეთ-იქით ყანწებიც ჩამოაცვა და...   
ბევრ ნამუშევარს ვერ ელევა, მაგალითად, ვაჟას არწივს. ვაჟა მხატვრის სათაყვანებელი პოეტია. ფრინველის თავი ხმლის ვადაა. თუკი არწივს თავის მოწყვეტას დაუპირებთ, ხმალი შეგრჩებათ ხელში. როგორც ავტორი ამბობს, ხმალი გაშიშვლებული ნერვია, ასეთია ქართველთა უმრავლესობა, თითოეულის სული ერთი ნერვია სამშობლოსთვის, ღვთისთვის, ქრისტესთვის და თუ რომელიმეს დასჭირდება, თვალის დახამხამებაში იელვებს...

- ლამაზია საფრანგეთი, მაგრამ მე იქაური მზე ლიმონისფერი მეჩვენებოდა, არ მათბობდა, თაფლისფერი სათვალე ვიყიდე და მზეც ცოტა შეთბა, მაგრამ მაინც გამიძნელდა იქ ყოფნა. როდესაც პარიზში ჩემი გამოფენა გაიმართა, მაშინ საქართველოში ცხოვრება ჭირდა. მიუხედავად ამისა, ვამბობდი, სამოთხიდან ვარ-მეთქი. არ ვცრუობდი... Aაქ ადამიანი შეგხვდება და სითბოს გაჩუქებს. ეს არის ჩემთვის საქართველო. შესაძლოა, სხვაგანაც ასეა, მაგრამ მე ჩემს სამშობლოში განცდილით ვცხოვრობ. ხანდახან მინდა ლაღი და მშვენიერი საქართველო დავხატო. მშვენიერი იყო და არის, მაგრამ ლაღი? სულ ჭიდილსა და ომშია. ჯვარზე გაკრული სილაღეა საქართველო, - ამბობს ზაზა.
მხატვარს თავისებური შეხედულება აქვს წმინდა გიორგის მიმართ: "წმინდა გიორგი თავისი ცხოვრების წესით ვაჟკაცი იყო, კაი ყმა. ნიჭიერი, ძლიერი, იმპერატორის კარზე მიღებული, მაგრამ უცებ აღმოაჩინა ჭეშმარიტება - ქრისტე და მას არ უღალატა. თავის თავში ადამიანი უკვდავყო. სამაგალითო გახდა, არა ძალით, არამედ სიყვარულით, ერთგულებით. წმინდა გიორგი არის ჩემთვის ქრისტიანობა, რომელიც საქართველოსავით მშობლიურია. ბოლომდე ვერ ვწვდები რელიგიას, მაგრამ საოცარია წვდომის პროცესი, მიდიხარ, მიდიხარ და სულ აღმა მოჩანს გზა, არ იღლები, თითქოს მხარში გიდგას წმინდა გიორგი და უფლის სუნთქვა გამხნევებს. ჯერ ვერ დავხატე წმინდა გიორგი"...  

ბოლო შვიდი წელია, სხვა ნამუშევრებთან ერთად ქმნის ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხატს...
"ხატზე ვერ იმუშავებ, თუ სუფთა გული არ გაქვს. შესაძლოა, გეგონოს, რომ მუშაობ, მაგრამ დასრულებულ ნამუშევარს რომ ხედავ, ხვდები, არაფერი გაგიკეთებია და თავიდან იწყებ. ზოგჯერ არც გიშვებს თავისთან...
წინათ ხატებს ბერები ლოცვით ქმნიდნენ. ამიტომაც ასხივებს თითოეული მათგანი საოცარ სულიერებას. მე არ ვარ ბერი, მაგრამ არ ვეშვები... საერთოდ, ყველა ნახატი ხატია, მხატვრის სულიერი, შინაგანი მდგომარეობის ამსახველი, იქ დებ მთელ ცხოვრებას, გრძნობას, ფიქრს"...

ზაზა ლოდიას ნამუშევრების უმრავლესობა გაყიდული და გაჩუქებულია. შინ მხოლოდ ოჯახის წევრების პორტრეტები და ის ნამუშევრები აქვს, რომელთაც ვერ ელევა. ამიტომაც ისეთ ფასს ადებს, რომ არ გაიყიდოს. მხატვრის ეს საიდუმლო ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც სცოდნია ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკოსობას დააპირებდა.

"ბიძინამაც იყიდა ჩემგან ნამუშევრები... თუ ხელები გამიჩერდა, ცხოვრებაც გაჩერდება... სანამ ბატონ ბიძინას გავიცნობდი, სულ ვნატრობდი, ღმერთო, პატარა ხელფასი მომეცი-მეთქი. ღმერთმა ისმინა და უკვე რამდენიმე წელია, ივანიშვილი მიხდის გასამრჯელოს.

კოტე ყუბანეიშვილის დაბადების დღე იყო. დამირეკა, - ერთ ადამიანს შენი გაცნობა უნდაო. მივედი. დამხვდა ბიძინა მეუღლითურთ. თბილად შევხვდით, ვიხუმრეთ, დამეგობრების ნიშნად პიჯაკები გავცვალეთ - მე ძველმანებში ნაყიდი ცისფერი პიჯაკი მეცვა, იმას - რაღაც ძვირფასი... რაზე მუშაობო, - მკითხა. ჩემი რამდენიმე ნამუშევარი ჰქონდა შეძენილი. ისიც ახსოვდა, ზოგიერთს ძალიან ძვირად რომ ვაფასებდი და არ იყიდებოდა. მეც ვეხუმრებოდი, რამდენიც არ უნდა გადამიხადო, მხატვრის სულს ვერ იყიდი-მეთქი. ბიძინა მიხვდა ხუმრობას, კოტემ კი კინაღამ სახლიდან გამომაგდო, - ეს რა თქვიო. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელფასი დამინიშნა. ისე, სულელურად კი ვიხუმრე, კაცმა ამდენი თბილი სიტყვა მითხრა, ჩემი ხელოვნების დამფასებელია და მე კი უკმეხად ვუთხარი"...

P.S. "რა არის მხატვრობა? საკუთარი თავის, ღმერთის, გრაალის, სამშობლოს, სამყაროს ძიების დაუსრულებელი პროცესი. თითოეული ნამუშევარი სიყვარულით უნდა შეიქმნას. შესაძლოა სევდაც გამოიწვიოს, მაგრამ გული სიკეთით უნდა გაათბოს, სხვანაირად მხატვრობა ბოროტი ნიჭია", - მახსენდება მხატვრის ნათქვამი და ვცდილობ, მკითხველსაც გადავდო სითბო, რომელსაც მისი შემოქმედება მაგრძნობინებს. თუმცა, ეს თავად უნდა ნახოთ...
ლალი
04 მარტი 2017 12:39
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენც და ბატონი ბიძინაც!
mayvala
15 იანვარი 2014 13:29
ჯვარზე გაკრული სილაღეა საქართველო ო ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. ვისაც ყური, სული, გული აქვს მიხვდეს თუ რაა საქართველო და ქართველობა.
,,არა ქართველად თქმა არ არის ეგრე იოლი" რამდენიც არ უნდა იყაყანონ,რამდენის არ ყნდა იფილოსოფოსონ,რა ტექნიკური სიახლეებითაც არ უნდა მოიწონონ თავი და რამდენიც არ უნდა გვიკიჟინონ ,,ევროპულ-ამერიკული" ყოფაცხოვრების უპირატესობაზე მაინც საქართველომ და ქართველმა მართმადიდებელმა ერმა მთელ მსოფლიოს უნდა ასწავლოს უფლის სიყვარული და მცნებები, რომლის უარმყოფელი მსოფლიო დაღუპისკენ მიექანება და რასაც მიწიერებას მიჯაჭვული ევროპა-ამერიკა თავს ახვევს დედამიწას.გაიგე ადამიანო თუ შენში ღმრთის სულია ნუ გადადიხარ ღმერთის მცნებებს თორემ მერე გვიანია ,,კბილთა ღრჭენა".
ღმერთო დაგვიფარე უკეთურ კაცთა ხელისგან!
bacho
14 იანვარი 2014 14:54
ზაზა მაგარი კაცი ხარ

რედაქტორის რჩევით