"დედას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა მითხრა, თუ სიკვდილი გინდა, ადექი და გადახტი მე-4 სართულიდანო"(?!)
13-01-2014
"დედას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა მითხრა, თუ სიკვდილი გინდა, ადექი და გადახტი მე-4 სართულიდანო"(?!)
"დედა ბავშვთა სახლში ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად და რამდენიმე დღით გავყავდი ხოლმე. ბედნიერი წუთები იყო... თვითონ შუშის ქარხანაში მუშაობდა... იმის საშუალებაც არ გვქონდა, ტანსაცმელი მეყიდა და სკოლაში მევლო"

რამდენიმე წლის წინ ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რეპორტაჟის მოსამზადებლად მივედი. ახლაც მახსოვს, ნაცრისფერგისოსებიანი შენობის გაყინული კედლები და პაციენტების გაუსაძლისი ყოფა ზამთარში... უკვე სამი წელია, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა. აქ სულ სხვა გარემოა. პაციენტებს დღეს აღარ სცივათ და
კეთილმოწყობილ დაწესებულებაში მკურნალობენ (სამწუხაროდ, გადაღების უფლება არ მოგვცეს).


ექიმებს გრძელვადიან, ანუ ქრონიკულ განყოფილებაში შევყავართ, სადაც აგრესიული პაციენტები არ არიან. აქ სხვა ემოციები და განცდა გიჩნდება... ზოგი ყურადღებით გვაკვირდება, უმრავლესობას ჩვენი შესვლა არც შეუმჩნევია. გრძელ დერეფანში პაციენტების სახეებს ვაკვირდები, თითქმის ყველა მათგანს გაყინული მზერა აქვს. ალბათ,
უმრავლესობა ერთ დროს ბედნიერი და ლაღი იყო, ტკბილ სიბერეზე ოცნებობდა, მაგრამ ცხოვრება ხომ დაუნდობელია...

27 წლის ნათია ლობჟანიძე (გვარ-სახელი შეცვლილია) თვეზე მეტია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მთვრალი ნათია მუცლის არეში მძიმე დაზიანებით ქუჩიდან სტაციონარში პატრულმა მიიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ კი ფსიქიკური პრობლემების გამო, ექიმებმა მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გადაწყვიტეს.

როგორც ამბობს, ცხოვრება ერთადერთი ახლობლის, დედის გარდაცვალების შემდეგ აერია. წარსულის გახსენება უჭირს... ნათია წლისა იყო, მშობლები რომ დაშორებულან. გოგონა მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მარტოხელა დედას შვილის რჩენა გაუჭირდა  და ექვსი წლისა ზაჰესის ბავშვთა სახლს მიაბარა. დაწყებითი კლასის დამთავრების შემდეგ ნათია ისევ დედასთან, სოფელში დაბრუნებულა. ცხრა კლასის განათლება მიუღია და სკოლიდან გამოსულა.

შარშან ნათიას დედა სიმსივნით გარდაეცვალა. შინ ვეღარ ვჩერდებოდიო, ამბობს. მცხეთიდან თბილისში ჩამოვიდა. მთელი წელი თავი მათხოვრობით გაჰქონდა, მერე სასმელს მიეძალა...

ნათია ლობჟანიძე: - დედა ბავშვთა სახლში ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად და რამდენიმე დღით გავყავდი ხოლმე. ბედნიერი წუთები იყო... თვითონ შუშის ქარხანაში მუშაობდა... იმის საშუალებაც არ გვქონდა, ტანსაცმელი მეყიდა და სკოლაში მევლო. ამის გამო სკოლიდან გამოვედი. ისე გვიჭირდა, ხშირად საჭმლის ფულიც არ გაგვაჩნდა. დედა თითქმის მშიერი იყო... 49 წლისას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს და მე დამიმალეს... მალევე გარდაიცვალა... მისი დაკარგვა ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. დაკრძალვის შემდეგ შინ ვეღარ ვჩერდებოდი. რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა, მაგრამ არ შემეძლო იმ სახლში მის გარეშე ცხოვრება. ახლა სახლი დაკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს. თბილისში რომ წამოვედი, ერთი წელი ქუჩაში მეძინა, ეკლესიებთან ვმათხოვრობდი და იმ ფულით არაყს ვყიდულობდი. მაშინ სხვა არაფერზე ვფიქრობდი, ყველაფრის ინტერესი დაკარგული მქონდა... იმ დღესაც ჩვეულებისამებრ დავლიე, მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს... ვიღაცამ მცემა, ვინ იყო და რა უნდოდა, არ ვიცი...

- გახსოვს ის დღე, როცა აქ მოხვდი?
- არა, ყოველდღე ამის გახსენებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. თავიდან მეგონა, აქ გამიკეთეს ოპერაცია.... არც მახსოვს, აქ როგორ მომიყვანეს. როცა მითხრეს, რომ ფსიქიატრიულში ვარ, თითქოს მოვკვდი...

- როგორ შეხვდით ახალ წელს?

- მოვრთეთ ნაძვის ხე, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს არაფერი გამიგია, მკვდარივით მეძინა. წინა ახალი წელი არ მახსოვს, მაშინაც ქუჩაში ვიყავი... ბევრი რამ დამავიწყდა, ამ თავში თითქოს აღარაფერი ყრია...  
დილის რვა საათზე ვიღვიძებ, მერე ვვარჯიშობთ, ვსაუზმობთ და დერეფანში ვსეირნობთ... აქ ყოველი დღე ერთნაირია. ახლა ერთ წიგნს, ემილ ზოლას "ნანას" ვკითხულობ... 

- მეგობრები გყავს?
- მცხეთაში, სადაც გავიზარდე, მყავს მეგობრები. ჩემი კლასელია ერთი გოგო, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა.

- როგორც ვიცი, დეიდა და დეიდაშვილიც გყავს, რომლებიც მოდიან ხოლმე შენს სანახავად...

- კი, იყვნენ...

- დეიდის გარდა სხვა ნათესავი არა გყავს, რომ აქედან გასვლის შემდეგ ყურადღება მოგაქციონ?

- კი, მაგრამ ყველა თავისთვის არის... თუ ღმერთი გწამს...

- აქედან რომ გახვალ, რას აპირებ?

- წავალ სოფელში, მუშაობას დავიწყებ, აღარ ვიფიქრებ წარსულსა და იმ ტკივილზე... აქედან რომ გავალ, ალბათ, ისევ იმ რესტორანში ვიმუშავებ, დამლაგებელი მაინც ენდომება ვინმეს...

- 27 წლის ხარ, შეყვარებული არ გყოლია ან ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრია?
- შეყვარებული მყავდა, მაგრამ ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია. სულ მინდოდა, მესწავლა. ლექსიკონის დახმარებით ვისწავლე თურქული ენა, ძალიან მომწონს, ლამაზი ენაა. კარგად არ ვიცი, მაგრამ თურქს გავაგებინებ რაღაცას. აქედან რომ გავალ, ინგლისური ენის შესწავლაც მინდა.

- სახლიც გაქვს და სამსახურიც გქონია, რატომ ჩამოხვედი თბილისში სამათხოვროდ?
- მიუხედავად იმისა, რომ იქ ცუდად არავინ მექცეოდა, ვერ ვეგუებოდი დედის დაკარგვას. რესტორნიდან გვიან ღამით გამოსული დედის საფლავზე ავდიოდი, ვტიროდი და მერე იქ მეძინებოდა... დეიდა მეუბნებოდა, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო, მაგრამ მირჩევნია, გარეთ დავიძინო. სადაც სიცივეს ნახავ, ხომ ვერ მიხვალ?!

- ნანობ რამეს?

- თითქმის ყველაფერს... ვნანობ, რომ ყველას ვენდობოდი. ახლა სხვანაირად ვფიქრობ... კიდევ ვნანობ, რომ ვსვამდი და დარდს ამით ვიქარვებდი, ტირილითა და გოდებით წინ ვერ წახვალ.

- გეშინია რამის?
- კი... გასულ კვირას გაორება დამემართა. ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, გვერდით რომ გავიხედო და იქაც იდგეთ, ასეთი რამ დამემართა, ძალიან შემეშინდა. ახლა დამამშვიდებლებს მასმევენ და უკეთესად ვარ. კარგად მძინავს. უკვე სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. სასმლის გახსენებაც კი აღარ მინდა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა მითხრა, ან იცხოვრე, ან თუ სიკვდილი გინდა, ადექი და გადახტი მეოთხე სართულიდანო(?!)... თავის მოკვლაზე არასოდეს მიფიქრია... აღარ მინდა წარსულით ცხოვრება, ახლა ყველაფერი შეიცვლება.

- ყველაზე მეტად რა გინდა?

- მინდა ვურჩიო ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მთელი დღე იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ ფული, რომ დალიონ და ამით ებრძოლონ გაუსაძლის ყოფას, გონება მომართონ და მომავალზე იფიქრონ. უცებ არაფერი ხდება, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. მთავარია, სწორი გზით იარო!

თორნიკე ყაჯრიშვილი
natia
05 აპრილი 2017 13:44
Mtavaria rwmena da yvelaferi kargad iqneba ufali shegewios nino
მზია
03 აპრილი 2017 12:04
ნათია, იცოდე, რომ მარტო შენ არ ხარ ასეთ მდგომარეობაში , ბევრი იზიარებს შენს ხვედრს . შენ ძლიერი გოგო ყოფილხარ , კარგია რომ ასეთ კარგ გადაწყვეტილებას იღებ. ბოლომდე გამოჯამრთელდი და მერე როგორვ აღნიშნე ისწავლე,იშრომე და ბედნიერი ოჯახი შექმენი.ღმერთი იყოს შენი შემწე და მფარველი.
03 აპრილი 2017 11:00
Gmerti ikos sheni mparveli shvilo

რედაქტორის რჩევით