ქართველების საბედისწერო ქეიფი თურქეთში - სიკვდილს გადარჩენილის მონათხრობი
13-01-2014
ქართველების საბედისწერო ქეიფი თურქეთში - სიკვდილს გადარჩენილის მონათხრობი
ახალი წლის ღამეს თურქეთის ქალაქ გებზეში მოწამლული ქართველები საქართველოში გადმოასვენეს... სენაკელი მალხაზ გერსამია, ანაკლიელი ლევან ჭითაშვილი და აბაშელი რამინ ცომაია, მამუკა გაბელაია და ნესტორ (ბესო) ცომაია წყალში გახსნილი ტექნიკური სპირტით მოიწამლნენ და გარდაიცვალნენ...
"თურქეთში ალკოჰოლური სასმელი ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ბევრი ადამიანი ჩუმად ყიდულობს ტექნიკურ სპირტს და წყალში აზავებს. ის მომაკვდინებელი მხოლოდ მაშინ არის, თუ მომხმარებელი დოზებს ვერ იცავს. შარშან თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ამავე მიზეზით სამი უკრაინელი გოგონა დაიღუპა..." -
გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ირაკლი კაპანაძემ. 

31 დეკემბრის იმ საბედისწერო ღამეს კიდევ 3 ქართველი მოიწამლა, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩნენ - მათ ბევრი არ დაულევიათ... ერთი მათგანი, გელა ცომაია საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და საქართველოში დაბრუნდა. დანარჩენი ორი კი ჯერჯერობით ისევ თურქეთის საავადმყოფოში მკურნალობს...
"კვირის პალიტრამ" აბაშის რაიონში დაღუპულების
ოჯახები მოინახულა და სასწაულებრივად გადარჩენილ გელა ცომაიასაც ესაუბრა.

- ავადმყოფი მამა მყავს, მუდმივად სჭირდება მედიკამენტები, ექიმი... მყავს შვილები, ოჯახი... ამიტომაც წავედი - ორ კაპიკს ვიშოვი-მეთქი და დავიღუპე.

ყველანი ერთად ვმუშაობდით ხის საამქროში ერთ თურქთან, რომელსაც სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებაზე სიტყვიერად შევუთანხმდით... ვთხოვეთ, ახალი წლისთვის ცოტა ხელფასი მაინც მოგვეცი, ოჯახებს გავუგზავნით, ცოტასაც დავიტოვებთ, ახალი წლის აღნიშვნა რომ შევძლოთ-თქო. იუარა, დღესასწაულის შემდეგ მოგცემთო...
საქმეზე გავედი და რომ მივბრუნდი, ბიჭებმა მითხრეს, მცირე თანხა შევაგროვეთ და ერთი თურქი გავგზავნეთ, დასალევი უნდა მოგვიტანოსო... ოთხი ბოთლი რაღაც სითხე მოგვიტანა, რომელსაც წარწერა თურქულ ენაზე ჰქონდა. რა თქმა უნდა, ვერ წავიკითხეთ, რა ეწერა... აგვიხსნა, რაღაც რაოდენობის წყალში უნდა გააზავოთო. ეს სასმელი გვქონდა, "ფანტა" და "ლა კოლა", რომელიც გემოთი "კოკა-კოლას" წააგავს...

- საჭმელი?
- საჭმელი ცოტა გვქონდა, დასაყოლებელი, რისი ყიდვა და მომზადებაც შევძელით. წინადღეს უნდა გამოეგზავნათ სოფლიდან რაღაცები, მაგრამ ვერ გამოგზავნეს. მე ცოტა დავლიე, დაღლილი ვიყავი და მეტის დალევა ვერ შევძელი. ძალიან ცუდი გემო ჰქონდა. ზუგდიდელმა ლევან ჭითაშვილმა ჩვენთანაც დალია და ერთი ბოთლი თავის ძმაკაცებსაც წაუღო, რომლებიც მეზობელ სოფელში მუშაობდნენ. მეგობრების პატივისცემა უნდოდა და რა იცოდა, რომ საწამლავი მიჰქონდა...

- ისინიც მოიწამლნენ?
- კი... საბედნიეროდ, ჯერჯერობით ცოცხლები არიან, სტამბოლის საავადმყოფოში მკურნალობენ... ლევანის სიკვდილი გვიან გავიგე - საავადმყოფოში რომ ვიყავი, ჟანდარმერიის თანამშრომელმა ფოტო მაჩვენა, ამ ბიჭს იცნობდითო?.. ერთი სიტყვით, ჩვენთან, სუფრაზე, ორი ბოთლი დაილია და ერთი გაუხსნელი დარჩა. თითო ბოთლი, დაახლოებით, 700-გრამიანი იყო. 31 დეკემბრის საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა. მე რადგან დაღლილი ვიყავი, სხვებზე ადრე დავწექი, დანარჩენებმა უფრო გვიან დაიძინეს. მეორე დილას ყველამ დაიჩივლა, ცუდად ვართო, ეგონათ, "პახმელიის" ბრალი იყო. ადგომის თავი არ ჰქონდათ, ისე სუსტად იყვნენ, მაგრამ ჩვეულებრივ ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, რამდენიმე ადგილას დავრეკეთ კიდეც... როდესაც მოსაღამოვდა, შევატყვე, რომ უარესობისკენ მიდიოდა საქმე. ღებინება დაეწყოთ. თანდათან სულ უფრო სუსტდებოდნენ... იმ ღამეს უკვე ლაპარაკიც უჭირდათ...

- თქვენც სუსტად გრძნობდით თავს?

- კი, მეც მქონდა გულისრევა... 2 იანვარი რომ გათენდა, უარესად გახდნენ. ვეკითხებოდი, რამე გტკივათ-მეთქი, არა, ტკივილით არაფერი, მაგრამ ცუდად ვართო... ამასობაში ჩვენი საამქროს მეპატრონეც მოვიდა. ვუთხარი, ბიჭები ცუდად არიან და დახმარება უნდათ-მეთქი? ბოთლიც ვაჩვენე. წაიკითხა წარწერა, მაგრამ არაფერი მიპასუხა, წავიდა და ცოტა ხანში იოგურტი მოგვიტანა, მოწამლულებისთვის კარგიაო... მერეც რამდენჯერმე ვუთხარი, ექიმი გვჭირდება, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი, მაგრამ წამიყრუა, ეშინოდა... მეორეც იყო მასთან ერთად, გარეთ იდგნენ და ლაპარაკობდნენ. მე თურქული კარგად არ მესმის, თან მათ მოსასმენად არც მეცალა, ვცდილობდი, ბიჭებს როგორმე დავხმარებოდი... სამი ძალიან ცუდად იყო. მე და სენაკელი მალხაზ გერსამია შედარებით უკეთესად ვგრძნობდით თავს...

ორი იანვრის შუადღეს პირველი რამინ ცომაია ჩამაკვდა ხელში. სუნთქვა რომ შეწყვიტა, კინაღამ გავგიჟდი, კიბეზე ჩავირბინე და იმ თურქს ვეცი, კაცი მოკვდა-მეთქი... ამოვიყვანე და დავანახე გარდაცვლილი. ფერი ეცვალა, მივარდა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა... სხვები მაინც არ მომიკლა-მეთქი, დავუყვირე... ჩემი სიტყვები ესმოდა თუ არა, ამაზე არც ვფიქრობდი. მანქანაში ჩამაწვენინე, საავადმყოფოში წავიყვანოთო, მითხრა თუ მანიშნა... სხვებს რა ვუყოთ-მეთქი - მამუკა გაბელაიაც მძიმედ სუნთქავდა უკვე... რამინი მანქანაში ჩააწვინა, საავადმყოფოში წავიყვან და აქეთ სასწრაფოს გამოვუშვებო... სანამ სასწრაფო მოვიდა, მამუკაც გარდაიცვალა. სასწრაფოს ექიმმა რომ გასინჯა, არც გული ფეთქავდა და აღარც პულსი ესინჯებოდა. ელექტროშოკიც გაუკეთეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არაფერი ეშველებაო, მითხრეს. იქნებ მესამე მაინც გადამირჩინოთ-მეთქი, დავავლე ხელი ერთ-ერთს და ბესოსთან მივიყვანე. ისიც ცომაიაა, პასპორტში ნესტორი უწერია. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მანქანაში ჩააწვინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

- თქვენ რა გითხრეს?.. მოწამვლის სიმპტომებს არ გრძნობდით?..
- კი, როგორ არა, მაგრამ ეიფორიაში ვიყავით და ვერ ვგრძნობდი. როგორც კი გავჩერდებოდი, ძილი მინდოდა. კიდევ ერთ ბრიგადას გამოვუშვებთ და თქვენ ისინი წამოგიყვანენო, გვითხრეს... მართლაც მალევე მოვიდა მეორე ბრიგადა. საავადმყოფოს მისაღებში ვენიდან სისხლი ამიღეს და ლაბორატორიაში წაიღეს. გაგვსინჯეს კიდეც, მაგრამ ექიმთან არ შეგვიყვანეს. მოსაღამოებული იყო და მალხაზი (სენაკელი) ცუდად გახდა... თურქული თითქმის არ ვიცი, მაგრამ ყველა თეთრხალათიანს, ვინც კი დერეფანში გაივლ-გამოივლიდა, ვეუბნებოდი, კაცი ცუდად არის და რამე გვიშველეთ-მეთქი. ზედაც არავის შემოუხედავს... მალხაზი კი ყოველ წუთს უარესად ხდებოდა, მეძინებაო. სკამზე ჯდომაც აღარ შეეძლო. ფეხები ეკეცებოდა. დერეფანში თავისუფალი საკაცე ვიპოვე და იმაზე წამოვაწვინე... ცოტა ხანს იქ იწვა. ამასობაში რაღაც ინფორმაცია მოუვიდათ, ფაქსიდან ქაღალდი ამოიღეს და მაჩვენეს, ეს თქვენ ხართო? დავეთანხმე. ხელი მომკიდეს, სასწრაფოს მანქანაში ჩამსვეს და სხვა საავადმყოფოში მიმიყვანეს... ასე დავცილდი მალხაზს. დღემდე არ ვიცი, ჩემთან ერთად ისიც რატომ არ წამოიყვანეს... იმ საავადმყოფოში ყველანაირი სამედიცინო დახმარება გამიწიეს, წვეთოვანი დამიდგეს. მეორე საღამოს თარჯიმანიც მომიყვანეს და მაშინ ვიკითხე, ჩემთან ერთად რომ ბიჭი იყო, როგორ არის-მეთქი. გარდაიცვალაო, მითხრეს... იმ საავადმყოფოში თითქმის ერთი კვირა ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები მუდმივად დადიოდნენ ჩემთან დაკითხვაზე. მკითხეს, რამდენი ვიყავით, რამდენი დავლიეთ; რამდენჯერმე მკითხეს, კიდევ ვინმე ხომ არ გეგულებათ, ვისაც დალეული ექნება ან სახლში აქვს და შეიძლება დალიოს, იქნებ მივუსწროთ და გადავარჩინოთო... მაშინ ვუთხარი ლევან ჭითაშვილის მისამართი. წასულან და იქ უპოვიათ ლევანი, უკვე გარდაცვლილი და ორი სენაკელი - ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს არა უშავს... ძალიან კეთილი ბიჭი იყო ლევანი, რასაც იშოვიდა, შუაზე ყოფდა. იმ გაჭირვებაში ასე გაგვქონდა თავი...   

მერე ჩვენი საამქროს უფროსის სახელზე საჩივარი დამაწერინეს; მითხრეს, რომ მისი და ვინც სასმელი მოიტანა, იმ თურქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადამიანის განსაცდელში მიტოვების მუხლით... მათვე მითხრეს, ორივე დაკავებულიაო.

ლალი პაპასკირი
.
09 თებერვალი 2014 00:00
ვაი ჩვენი ბრალი.............
ani
16 იანვარი 2014 03:35
ეჰ..რა უნდა ვტკვატ, არც პირველები არიან და ალბატ არც უკანასკნელები იკნებიან ვინასე "სამუშაოდ"--ამას მუშაობა კი არა მონობაში ნებაყოპლობიტ წასვლა ჰკვია..

ნუ დატოვებტ საკუტარ მიწა-წყალს კარტველებო. ტუ სოპელი გაკვს ისევ აკ ჯობია იმმუშაოტ ტკვენს მიწაზე, იმდენს მაინც იშოვნიტ რომ ოჯახი გამოკვებოტ(ჯერ-ჯერობიტ) მერე კი ღვტის ნებიტ გამოსწორდება მდგომარეობა საკარტველოში, ტუ ერტად დავდგებიტ მტერი ვერაპერს დაგვაკლებს(შინაური ტუ გარეული მტერი).

გული მეწვება როცა ვიგებ უდანაშაულო , გაჭირვებული კარტველების გაუსაძლისს მდგომარეობას მიტუმეტეს გარდაცვალებას....
Natalia
14 იანვარი 2014 12:50
კარგი დაგელოდებით 4 დღე

რედაქტორის რჩევით