"ასწლოვანი მუხა მოჭრეს და სანაცვლოდ არაფერი დაურგავთ"
13-01-2014
"ასწლოვანი მუხა მოჭრეს და სანაცვლოდ არაფერი დაურგავთ"
რამდენიმე დღეა, ვაკის პარკში მიმდინარე მოვლენები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო შენდება, რასაც მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს, რადგან მშენებლობას ტყის მასივი ეწირება. ამ თემაზე კომენტარი ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტს, ზაზა ხუციშვილს ვთხოვეთ:

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაჩანაგდა ხეტყე. რაც "ნაცების" დროს ხეტყე გაჩანაგდა, იმდენი კომუნისტების პერიოდშიც კი არ მოჭრილა. იმ ვანდალიზმის გამო, რაც "ნაცებმა" ხეტყეს დამართეს (განსაკუთრებით, თბილისში),  აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. მათთვის ხომ
არავითარი კანონი არ არსებობდა, სხვებისთვის იყო კანონი, ეგენი კანონზე მაღლა იდგნენ.

- მერიაში აცხადებენ, რომ პარკში სასტუმროს მშენებლობას მხოლოდ 9 ხე შეეწირება.
-  თუ ერთი მოჭრილი ხის ადგილას 100 ხეს დარგავენ, შეიძლება კიდევ დავხუჭოთ თვალი, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ატრაქციონის ადგილას მოჭრეს ასწლოვანი მუხა და სანაცვლოდ არაფერი
დაურგავთ. ცხრა ხე შეიძლება საერთო ჯამში ცოტაა, მაგრამ ყველგან თუ დავხუჭავთ თვალს ხის მოჭრაზე, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

- თქვენს ჯგუფს ჰქვია "ვაკის პარკი" და, ალბათ, თქვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რაც ვაკის პარკში ხდება.

- მე ეს ადგილი ძალიან მიყვარს და  როგორც რიგით მოქალაქეს, გული მტკივა, როცა ვუყურებ, რაც აქ ხდება. წინა მთავრობის დროს  გააუბედურეს აქაურობა, ზოგი საელჩოს აჩუქეს და ზოგიც ვიღაცებს კერძო საკუთრებაში გადასცეს. როგორც ჩანს, კომუნისტები უფრო პატიოსანი ხალხი იყო, ისინი პირადი ინტერესებისთვის მაინც არ აშენებდნენ პარკებში ბინებს.

- მუსიკოსები ხომ არ აპირებთ კონცერტის ჩატარებას, სადაც გამოხატავთ პროტესტს?
- თუ ასეთი აქცია გაიმართება, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.

- როგორ ფიქრობთ, აქციის ორგანიზატორებმა რა ფორმით უნდა გამოხატონ პროტესტი, რომ საზოგადოებამ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ამ პროცესებს?
- იცით რა, საზოგადოების  პროტესტის მიუხედავად, თუ მშენებლობა კანონიერია, ვერაფერს გახდები -  ბოლოს და ბოლოს, პოლიციელი მოვა და დაგატოვებინებს ტერიტორიას. საზოგადოება განიცდის, რომ ეს პარკი ნადგურდება, მაგრამ უძლურია ხელი შეუშალოს.

- ანუ ხელისუფლებამ უნდა დაუჭიროს საზოგადოებას მხარი?

- რა თქმა უნდა. ადამიანები დაუსრულებლად ხომ არ იდგებიან - ბოლოს მაინც დაიშლებიან, ამიტომ აუცილებელია, ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს.

ლადო გოგოლაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები