"უმუშევრობა უპირველესი პრობლემაა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოერია"
20-01-2014
"უმუშევრობა უპირველესი პრობლემაა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოერია"
თქვენ გეძლევათ სიტყვა!

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევარია საერთო მოსახლეობის 15%, ანუ დაახლოებით 305 ათასი კაცი. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში უმუშევრობა რეალურად გაცილებით მაღალ ნიშნულს აღწევს და მოსახლეობის მესამედს არა აქვს სამსახური. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 2013 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს განცხადება ნოდარ ხადურმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და აღნიშნა, - მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, უმუშევრობა მაინც
მცირდებაო.

სამწუხაროდ, ციფრები ხშირად ვერ ასახავს რეალობას. ჩვენ დავინტერესდით, გასული წლის განმავლობაში, რა შეიცვალა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უმუშევრობის ან დასაქმების თვალსაზრისით.


ვახტანგ ნაცვლიშვილი, მძღოლი, 51 წლის:
"ჩემი ოჯახისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, მძღოლად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში და ჯამაგირი რაც მქონდა გასულ წელს, ახლაც იგივე
მაქვს. ერთი ეგ არის, ყველაფერი გაძვირდა, ხელფასი ისედაც არაფერში მყოფნიდა და ახლა სულ დაკარგა ფულმა ძალა. ოჯახში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, წლებია, მოსწავლეებს ამზადებს მათემატიკაში და ასე გაგვაქვს თავი. ჩვენ ორს ხუთსულიანი ოჯახის შენახვა გვიხდება. ჩემმა ქალიშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო ტურიზმის მენეჯმენტში, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს. კერძო კომპანიებში ვაკანსიები არ არის, სახელმწიფო უწყებებში კი არაერთი კონკურსი გაიარა, კარგი შედეგიც მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცნობობის გარეშე არაფერი გამოვა".
გიორგი ლომიძე, კალატოზი, 43 წლის: "ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა, მათ შორის ზოგი უმუშევარიც დარჩა. წლებია, რაც ელიავას ბაზრობაზე შრომის ბირჟაზე ვდგავარ და კერძო შეკვეთებით ვირჩენ თავს. ბოლო დროს შეკვეთები შემცირდა, უსაქმოდ ვარ". 

ლეილა გულიაშვილი, გარე მოვაჭრე, 67 წლის: "მე და ჩემი მეუღლე კახეთში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი სამყოფი სოფლის ნობათი მოგვყავს. თუმცა, სოფელში მოწეული არ არის საკმარისი თავის სარჩენად და წლებია თავს ხელსაქმით ვირჩენთ. პენსიაც მაქვს, მაგრამ 150 ლარი რაში უნდა გეყოს? მთელი ზაფხული ვქსოვ წინდას, ხელთათმანებს, ქუდებს... ზამთარში თბილისში ჩამოვდივარ, გავშლი სახელდახელოდ მოწყობილ დახლს და ვყიდი.
ჩემი შვილი წლებია უცხოეთშია სამუშაოდ და იქიდან არჩენს თავის ოჯახს. სამსახურის შოვნის იმედი რომ ჰქონდეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა.

ისე, ამ ერთი წლის განმავლობაში, სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ უფრო იგრძნო შვება. მთავრობამ მიწა უფასოდ დაუმუშავა, დაუთესა და  ყურძნის მოსავლის ჩაბარებაშიც დაეხმარა".

კახა ნინიძე, ინდმეწარმე, 61 წლის: "რას ეძახის ჩვენი მინისტრი სამუშაო ადგილების შექმნას? ალბათ, იმას, ვიღაც ქუჩაში რომ ვაჭრობს ან ფეხსაცმელს წმენდს, დანებს ლესავს, ზოგიც ნაგვის ურნებში ბოთლებს აგროვებს და აბარებს. გაიარეთ ქუჩებში და ნახავთ, როგორ პირობებში "მუშაობენ" თვითდასაქმებულები, სიცივისგან მოყინულ ხელებს ვედროში, ქაღალდებით დანთებულ ცეცხლზე რომ ითბობენ. ასეთი ადამიანების შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს. შეიძლება ისინიც მიათვალეს დასაქმებულთა რიცხვს, თორემ მე ამათი გახსნილი საწარმო ჯერ არ მინახავს. ასე ხომ სააკაშვილიც ითვლიდა დასაქმებულთა რაოდენობას".

თამუნა ლაფანაშვილი, ბუღალტერი, 26 წლის:
"ჩვენი ოჯახის მაგალითზე უმუშევრობა გაიზარდა: მამაჩემი უმუშევარი დარჩა, დაიხურა სამშენებლო კომპანია, რომელშიც წლების განმავლობაში მუშაობდა. როგორც ბუღალტერს ადრე უფრო მეტი დამკვეთი მყავდა კერძო კომპანიების სახით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სხვათა შორის, დასაქმების საიტებზეც ვაკანსიები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ადრე მიმტანებზე, მზარეულებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე მაინც იყო მოთხოვნა და ახლაც ასეთი ვაკანსიაც იშვიათია".

სალომე თოხაძე, სტუდენტი: "წელს ვამთავრებ ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტს. ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება... ერთ-ერთი ბანკი ვაკანსიას აცხადებდა და გასაუბრებაზე გავედი. უპრობლემოდ მიმიღეს. გარწმუნებთ, იმ ბანკში ნაცნობი არავინ მყოლია, ტესტირება გავიარე და რამდენიმე დღეში დამირეკეს... ახლა სწავლის პარალელურად ვმუშაობ, ხელფასითაც კმაყოფილი ვარ. ვიცი, ქვეყანაში ბევრი უმუშევარია, თუმცა მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს გაგვიმართლა. ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი შეიცვლება და ამდენი უმუშევარი და გაჭირვებული აღარ გვეყოლება." 

ფატი გიგაური, ძიძა, 39 წლის: "რამდენიმე თვის წინ დავკარგე სამსახური, რადგან საწარმო, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა. შემდეგ ჩემმა ახლობელმა იშოვა სამსახური და შემომთავაზა, მასთან ძიძად მემუშავა. ახლა ხელფასი გაცილებით ნაკლები მაქვს, ვიდრე იმ საწარმოში მქონდა, მაგრამ უმუშევრობას მაინც ჯობია. უმუშევრობა მაინც უპირველესი პრობლემაა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ მოერია".
mariami
26 იანვარი 2014 10:32
გასულ წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან.ჩემ ადგილას მოიყვანეს დირექტორის მაზლის ცოლი.ცემს ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი,ახლა აღარც მე ვმუშაობ.უარესობა დამემართა.ცვენი საქმე ასე გამოდის ვაის გავეყარე უის შევეყარეო.ვნანობ რომ აქამდე არ წავედი საზღვარგარეთ.
mariami
26 იანვარი 2014 10:31
გასულ წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან.ჩემ ადგილას მოიყვანეს დირექტორის მაზლის ცოლი.ცემს ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი,ახლა აღარც მე ვმუშაობ.უარესობა დამემართა.ცვენი საქმე ასე გამოდის ვაის გავეყარე უის შევეყარეო.ვნანობ რომ აქამდე არ წავედი საზღვარგარეთ.
...
22 იანვარი 2014 13:33
სანამ, ქვეყანაში ინჟინერი არ დაფასდება, იქამდე ნურაფრის იმედი, არცერთი მთავრობიდან არ გქონდეთ!
ქვეყნის მოდერნიზაცია უმაღლესი ტექნიკური განათლების გარეშე წარმოუდგენელია!!

რედაქტორის რჩევით