საჩხერის საავადმყოფოს "მდგმური"
20-01-2014
საჩხერის საავადმყოფოს "მდგმური"
"თუ რამე მიჭირს, სასტვენს ჩავბერავ და ჩემი ანგელოზებიც მოფრინდებიან"

ადამიანები ახალ წელს იმედითა და სიხარულით ეგებებიან. არიან ისეთებიც, ვინც ამ დღესაც კი საავადმყოფოს კედლებში სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ყველა ავადმყოფი თანაგრძნობას იმსახურებს, თუმცა საჩხერის საავადმყოფოში რაც ვნახეთ, მაინც განსაკუთრებულია. იაშა ზაქაშვილი რომელიც 4 წლის წინ ავარიის შედეგად მოხვდა კლინიკაში, დღემდე სტაციონარშია და მოუთმენლად ელოდება შინ დაბრუნებას. ტრავმა ისეთი მძიმე იყო, რომ პაციენტს აპარატის გარეშე სუნთქვა ახლაც არ შეუძლია.

"კვირის პალიტრამ" საჩხერის
საავადმყოფოს მდგმურად ქცეული პაციენტი იაშა ზაქაშვილი მოინახულა.


ბატონ იაშას ლაპარაკი უჭირს, მედპერსონალის დახმარების გარეშე ძნელია მასთან გასაუბრება...

-  4 წლის წინ ავარიაში მოვყევი და ხერხემალი დამიზიანდა. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, თუმცა საწოლიდან მაინც ვერ ვდგები და აპარატის გარეშე ვერ ვსუნთქავ. უკვე მეოთხე ახალ წელს
ვხვდები საავადმყოფოში. წარმოიდგინეთ, შვილი გამითხოვდა და მისი ბედნიერებაც აქ მომილოცეს. ძნელია, როცა ცოცხალი ხარ, აზროვნებ, თუმცა ვერ მოძრაობ და ვერ სუნთქავ დამოუკიდებლად. დანატრებული ვარ ადამიანებთან საუბარს. ახლახან მოძღვრებმა მომინახულეს. ბედნიერი ვარ, როცა მნახველი მყავს...

- როგორ შეხვდით უკვე მეოთხე ახალ წელს ამ კედლებში?

- მე მოლოდინით ვცოცხლობ და იმედით ვეგებები ყოველ ახალ წელს - შინ დაბრუნების იმედს არ ვკარგავ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახი. ექიმების ყურადღება არ მაკლია. ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა ჩემს გადასარჩენად და უმადური არ უნდა იყო კაცი. სხვა რაიონში რომ მეცხოვრა, ალბათ, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. უამრავი ფული დაიხარჯა ჩემს გადასარჩენად. ოთხი წელი ცოტა ხომ არ არის?! საწოლს ვარ მიჯაჭვული, თუმცა ვნატრობ, თუ ვერ გავივლი, სუნთქვა მაინც შევძლო აპარატის გარეშე, მერე შინაც დავბრუნდები... შარშან შინ წამიყვანეს  აპარატზე შეერთებული. გავიხარე ჩემი ოჯახის ნახვით. თქვენი თანდასწრებით დღესაც ამას ვთხოვ საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ძალიან მინდა, ეს თხოვნა შემისრულონ...

ჩემი ყურადღება პაციენტის გულზე ჩამოკიდებულმა სასტვენმა მიიქცია.

- თუ რამე მიჭირს, ჩავბერავ და ჩემი ანგელოზებიც მოფრინდებიან, - ამიხსნა ბატონმა იაშამ.
მალხაზ კუჭაშვილი,  ექიმი, განყოფილების უფროსი: - ოთხი წლის წინ, როცა პაციენტი შემოიყვანეს, სპეციალისტთა მთელი გუნდი ამუშავდა მის გამოსაჯანმრთელებლად. მას გვერდითი ამიტროფიული სკლეროზი აქვს. ხერხემალია დაზიანებული და ოპერაციის მიუხედავად, მეტი ვერაფერი შევძელით, თუმცა, ვცდილობთ, გართულებები ავიცილოთ თავიდან.

- პაციენტის აპარატით შინ ყოფნა არ შეიძლება?

- მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუმჯობესდა, გადავწყვიტეთ, ოჯახში დაგვებრუნებინა, ცხადია, აპარატით, მაგრამ ასეთ ავადმყოფს სპეციფიკური მოვლა სჭირდება და სახლში ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ უკან დავაბრუნეთ. სანამ საჩხერელები "ქართუს" სადაზღვევო მომსახურებას იღებდნენ, პაციენტის სტაციონარში მკურნალობა იოლი იყო. რაც საყოველთაო დაზღვევაზე გადავედით, ვთხოვეთ ადმინისტრაციას, გაეთვალისწინებინა ავადმყოფის მდგომარეობა და ბატონი იაშა კვლავ კლინიკაში მკურნალობს...

- როგორი პაციენტია ბატონი იაშა?

- ის უკვე ოჯახის წევრია. ყველა იცნობს... დილით, საავადმყოფოში რომ შემოვდივართ, აუცილებლად უნდა მოვინახულოთ. ყოველ წელს იმედით ხვდება. ჩვენც იმედი გვაქვს, ეს წელი უკეთესი იქნება მისთვის და ყველა პაციენტისთვის.

უტა ბიწაძე
Nita
22 იანვარი 2014 16:54
უფალმა შეისმინოს თქვენი ნატვრა ბატონო იაშა, გამოგაჯანმრთელოთ ნეტავ, დაგარუნათ ოჯახში. ჯანმრთელობა სგისურვებთ და დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერად.
ლია...
20 იანვარი 2014 21:30
გამოაჯანმრთელოს ღმერთმა!
lia
20 იანვარი 2014 15:25
უფალი შეეწიოს! გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

რედაქტორის რჩევით