სწრაფი კვების ობიექტები - საფრთხე, რომელზეც არავინ ფიქრობს - კვირის პალიტრა

სწრაფი კვების ობიექტები - საფრთხე, რომელზეც არავინ ფიქრობს

ახალ წელს ვირის ხორცით შევხვდით?

"ვირის ხორცი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მისი საკვებად  გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!"

ვირის შაურმა, შესაძლოა, თქვენც გაგისინჯავთ

სახელმწიფომ კვების ობიექტების მკაცრად გაკონტროლების ვალდებულება უნდა აიღოს!

"ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამ ცვლილების ინიციატორი მერიაში..."

სოფელ კუმისთან მონადირეებმა აღმოაჩინეს ვირების სასაკლაო, სადაც ჩლიქებთან ერთად ნაპოვნია ძვლების ნარჩენებიც... მონადირეების თქმით, აქ ცხოველებს ფარულად ხოცავენ, ხორცი კი სარეალიზაციოდ თბილისში მიაქვთ, სადაც ისე იჭრება, რომ მომხმარებელმა ვერ განასხვაოს საქონლის ხორცისგან. ასეთ ხორცს საშაურმეებსა და სახინკლეებშიც აბარებენ(!). სასაკლაოზე ვირები, ძირითადად, კახეთიდან მიჰყავთ, რის გამოც მათი ფასიც გაიზარდა.

ექსპერტების თქმით, ვირის ხორცი ისეთ ფერმენტს შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მისი ხორცის მაწყინარობის შესახებ ბერძნებმა ანტიკურ ხანაშიც კი იცოდნენ. თერმული დამუშავების შემთხვევაშიც კი აქტიური კომპონენტები უცვლელი რჩება, რის გამოც ვირის ხორცი საკვებად არ გამოიყენება.

მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი ხორცი ბაზარსა თუ გარევაჭრობის ობიექტებშიც იყიდებოდეს.

- ცოტა ხნის წინ შაურმით 9 კაცი მოიწამლა, თუმცა ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ვირის ხორცი სულ საშაურმეებსა და სახინკლეებში იგზავნებოდა. ამ საქმეს მაკონტროლებელი ორგანოების ჩართვა და მოკვლევა სჭირდება. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კუმისის ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდა არალეგალური სასაკლაო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებდა. იქ კლავდნენ პირუტყვს, ხორცი კი სარეალიზაციოდ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში იგზავნებოდა. ამას აუცილებლად შეისწავლის შესაბამისი სამსახური და დამნაშავე დაისჯება.

- მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანოა ვირის ხორცი?

- მისი საკვებად გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

- როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს გახშირდა მსგავსი ფაქტები.

- იმიტომ, რომ წინასაახალწლოდ მერიის განკარგულებით დაშვებულ იქნა გარევაჭრობა. არ შეიძლება ქუჩაში, ანტისანიტარიულ პირობებში ხორცის რეალიზაცია. ასეთ დროს შეუძლებელია გამყიდველის იდენტიფიცირება და ფორმა #2-ის მოთხოვნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, გაიცა განკარგულება, ყველა მოვაჭრე ბაზრობებსა და მარკეტებში შეეყვანათ, მაგრამ ისევ ჩაერია მერია, რომელმაც 10 იანვრამდე ხორცის ქუჩაში რეალიზაციის განკარგულება კვლავ გასცა(?!), ჩვენ კი უძლურნი აღმოვჩნდით. არადა, კანონში გასაგებად წერია, რომ მალფუჭებადი პროდუქტის ასეთ პირობებში რეალიზაცია აკრძალულია! კანონში არც წინასაახალწლო პერიოდში დაშვებული შეღავათებია მითითებული, მაგრამ მერიამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამ ცვლილების ინიციატორი მერიაში.

- ახალი წლის წინა და შემდგომ პერიოდებში რამდენიმედღიანი გარევაჭრობა ადრეც დაშვებული იყო.

- დიახ, მაგრამ რატომ დავაყენოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, როდესაც გარევაჭრობასა და ბაზრობებზე ხორცის ფასი ერთნაირია?

საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და ეს არ დაუშვას. ჩვენ კი ვეცდებით, ფაქტების აღმოჩენისთანავე სამართალდამცავ ორგანოებს მივმართოთ სასწრაფოდ რეაგირებისათვის.

და მაინც, როგორ დავიცვათ თავი ჯანმრთელობისთვის მავნებელი საკვებისგან, როცა სწრაფი კვების ობიექტები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. მოქალაქეები, რომლებიც მთელ დღეს სამსახურში ატარებენ, ხშირად სარგებლობენ მათი მომსახურებით. დაბრაწულ ხაჭაპურს, ლობიანს, ღვეზელებსა თუ შაურმას გულგრილად ვერ ჩაუვლით. ფასიც მისაღებია. ასეთ ობიექტებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, შედეგზე კი არავინ ფიქრობს...

ამას წინათ ნაცნობმა მითხრა, უცხოეთიდან ჩამოსულმა ახლობელმა ქართული კერძების შესწავლა გადაწყვიტა და რამდენიმე რესტორანს მიმართაო. ერთ-ერთ რესტორანს "საფირმო" საიდუმლო უცხო ადამიანისთვისაც არ დაუმალავს. უთქვამთ, რომ კერძების უმრავლესობას, ძირითადად, პალმის ზეთით ამზადებენ და მისი მრავალჯერ გამოყენებაც შესაძლებელია. თურმე, რომ არ გამუქდეს, მასში მთლიან ხახვის თავებს ყრიან, რაც თეთრ ფერს უნარჩუნებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმში მომზადებული საკვები კანცეროგენულია და ჯანმრთელობისთვის საშიში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემით 280 122 პაციენტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

მადონა კოიძე: - საქართველოში დაახლოებით 50 ათასი ბიზნესოპერატორია (სწრაფი კვების ობიექტები) დარეგისტრირებული და მათი სრულყოფილად გაკონტროლება ვერ ხერხდება. სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმურ შემოწმებას, ძირითადად, ხორცისა და რძის საწარმოებში ატარებდა, ყველა სწრაფი კვების ობიექტის გაკონტროლება კი ვერ ხერხდება. დღემდე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ 20 ინსპექტორი ჰყავდა. მართალია, ვისზეც საჩივარი შევიდა ან სადაც მომხმარებელი მოიწამლა, იქ შეამოწმეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იანვრიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიზრდება მაკონტროლებელ ინსპექტორთა რიცხვი.

მოსახლეობა ხშირად თვითმკურნალობას არჩევს. ამის გამო ინფორმაცია არ მიდის დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე, რომელიც უფლებამოსილია, მოქალაქის მოწამვლის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილმა პროდუქციამ? ამ კითხვით ენდოკრინოლოგს, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, რამაზ ყურაშვილს მივმართეთ:

- უხარისხო პროდუქტებით მომზადებული საკვების მიღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პურ-ფუნთუშეულის ჭარბად ჭამა სიმსუქნეს იწვევს, ჭარბი წონა კი დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რომელიც კიდევ სხვა დაავადებებს უწევს პროვოცირებას. ცხიმი და სიმსუქნე პირდაპირ კავშირშია, სიმსუქნე და დიაბეტი კი ტყუპი დები არიან. დიაბეტიან პაციენტებში უფრო მეტია ინსულტისა და ინფარქტის, ასევე, ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები. დიაბეტიანი პაციენტების 80% გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით კვდება.

- სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საკვები რამდენად უსაფრთხოა?

- ამ შემთხვევაში ყველაზე გახშირებული დაავადებები გასტრიტი და პირის ღრუს დაავადებებია. როდესაც ცხიმი არ შეიწოვება, ის ორგანიზმში გროვდება. ცომეულისა და ცხიმიანი საკვების მიღებით ცხიმი წლების განმავლობაში ნაწლავის კედლებზე ილესება.

ყველაზე ცუდი ვარიანტი წარმოვიდგინოთ: ძველი, ვადაგასული ფქვილითა და ასევე ვადაგასული მაკარონით მომზადებული ეგრეთ წოდებული ხაჭაპური. ძველი ფქვილი მწარე რომ არ იყოს, უმატებენ შაქარს, ყველის ნაცვლად კი იყენებენ ხაჭოს, რომელიც ასევე უხარისხოა, მარილს აყრიან, რომ ყველის ეფექტი შექმნან. ასეთ ხაჭაპურს დიაბეტიანი ადამიანი რომ მიირთმევს, რომლის შაქარი, ვთქვათ, 120-ია,  მისი ჭამის შემდეგ 300-400-ზე აუვარდება. პაციენტები მეუბნებიან, ერთი ფენოვანი ხაჭაპური შევჭამე და შაქარმა ამიწიაო...

აუცილებელია კვების ობიექტების შემოწმება. პალმის ზეთს, რომელიც ინდოეთიდან ჩამოაქვთ, მრავალჯერადად იყენებენ. წარმოგიდგენიათ, რას უზამს ორგანიზმს? ყველა პროდუქტს უნდა ეწეროს, რამდენ კალორიას შეიცავს და რისგან არის დამზადებული.

- რას იწვევს ჭარბი ქოლესტერინი?

- ათეროსკლეროზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თავის ტვინის ინსულტს, ასევე, ხელს უწყობს დიაბეტის ჩამოყალიბებასაც.

დღეს სიმსუქნე დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. მსუქანი ბავშვების ფოტოებს მეცნიერები მსოფლიო კონგრესებზე აჩვენებენ სლაიდების სახით. მათ 80%-ს დიაბეტი ემუქრება.

ქართველები ვეღარ მრავლდებიან, მეტი კვდება, ვიდრე იბადება. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ სახელმწიფომ კვების ობიექტების მკაცრად გაკონტროლების ვალდებულება არ აიღო. ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული პროდუქციის ხარისხი.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც სწრაფი კვების ობიექტებში უწევთ კვება?

- გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რას ჭამენ. შინ დაამზადონ საჭმელი და წაიღონ სამსახურში. ხშირად მიირთვან წვნიანი, ხილი და ბოსტნეული.

P. S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ შაურმით მოწამლული 9 კაცისგან ერთი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში" გადავამოწმეთ, სადაც  არ დაგვიდასტურეს. ინფორმაციას არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჯანმრთელი სამყაროს"  ხელმძღვანელი და ექსპერტი ზურა ფუტკარაძეც:

"ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში ნაყიდი შაურმით ადამიანები რომ მოიწამლნენ, ფაქტია, თუმცა არავინ გარდაცვლილა.

მე თუ მკითხავთ, შაურმის ჭამა არ არის რეკომენდებული, რადგან, რაც უნდა კარგი ხორცით ამზადებდნენ, ჰიგიენურ ნორმებს მაინც ვერ იცავენ. ამასთან, გაზი (Co2 ), რომლითაც ხორცს ბოლავენ, მომწამვლელია. ამან შეიძლება კვებითი მოწამვლა არ გამოიწვიოს, მაგრამ ორგანიზმზე უარყოფით გავლენას მაინც ახდენს.

ბოლო დროს საკვებისმიერი ინტოქსიკაციები გახშირდა. უპირველესად სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება. ამ სფეროში განუკითხაობაა და ეს იმან გამოიწვია, რომ 2004-დან 2012 წლამდე "სურსათის უვნებლობის შესახებ" კანონი შეჩერებული იყო. კარგად მახსოვს, ბატონი ბენდუქიძე ამბობდა, რა მოხდა, ეს არის საბაზრო ეკონომიკა და ვინც მოიწამლება, სასამართლოს მიმართოსო.

მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, უმკაცრესად კონტროლდება სურსათის უვნებლობა. ვირის ხორცი იქნება თუ ასეთ პირობებში დაკლული საქონლის, არ უნდა ხვდებოდეს ჩვენს სუფრაზე!"

თორნიკე ყაჯრიშვილი

ლალი პაპასკირი