ბაბულია, გოგუცა, ვანცენტი და ჩვენ... - კვირის პალიტრა

ბაბულია, გოგუცა, ვანცენტი და ჩვენ...

გოგუცა, ბაბულია და ვანცენტი ჩემი გარდაცვლილი დედამთილის დეიდები არიან. ყველაზე ახალგაზრდა, გოგუცა, ოთხმოცდაერთი წლისაა, უფროსი, ვანცენტი კი -  ოთხმოცდახუთის. ბაბულია ასაკს მალავს, მაგრამ რაკი ვიცით, რომ ის შუათანაა, მისი ასაკის კვლევით თავს არ ვიწუხებთ. ჩვენ - მე, ჩემი ქმარი და მისი გამზრდელი ბებიები, მათ დიდ სახლში ვცხოვრობთ. სახლი ამ მოხუცებივით მოფამფალებული და გაცრეცილია, ჩვენი ცხოვრების წესსაც წინა საუკუნის კვალი ეტყობა - კედლებს უცნობი და ცნობილი მხატვრების ნახატები, მუყაოზე მიკრული ძველი ფოტოსურათები ამშვენებს, შინდისფერი ბრა, ჩუქურთმიანი ავეჯი, მრგვალი მაგიდა და გაცრეცილი ფარდაგები, რომლებმაც წესით, ფეხის ხმა უნდა ჩაახშოს, მაგრამ ყოველ ცისმარე ლოგინიდან წამომდგარი გოგუცას ფრთხილი ნაბიჯები მაინც მესმის - ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრრრრრრ... გვერდს ვიცვლი და ძილს ვაგრძელებ. უკვე გათენებულია, მაგრამ ორმოცი წუთი კიდევ შემიძლია ვინებივრო - სწორედ ამდენ ხანს უნდება გოგუცა დილის ტუალეტს და ჩაიდნის გაზქურაზე შემოდგმას. ჩაიდანი სტვენას დაიწყებს თუ არა, ჩვენი საძინებლის მომიჯნავე ოთახის კარი ტკაცუნით იღება და იქიდან მორთულ-მოკაზმული ვანცენტი და ბაბულია ყავის დასალევად გამოდიან. ისინი ერთ ოთახში ჩემი ამ ოჯახში შემოსვლის შემდეგ იძინებენ, რადგან გადაწყვიტეს, მათი საძინებელი ოთახებიდან ერთ-ერთი ჩვენთვის დაეთმოთ. ყავამირთმეული ბებიები საუზმეს შლიან და გველოდებიან.  მოკლედ, დროა, წამოვდგე!

- აუ, მე დავიძინებ, რა! - მეხვეწება ჩემი ქმარი. არსად აგვიანდება და რატომ არ უნდა დაიძინოს, მაგრამ სამ მოხუცს ვერ გავაწბილებთ. ჰოდა, ოთახიდან ბრახაბრუხით გამოვდივართ. ვანცენტი, რომელსაც დღეს სტაფილოსფერი პომადის წასმაც არ დაზარებია, გაზქურას თიშავს და ჩაიდანიც წყნარდება, ბაბულიას ჩემი ნაჩუქარი მარგალიტის  საყურე და მძივი უკეთია და შებრაწულყიყლიყოებიან თეფშს დიდრონ ნაჭრებად დაჭრილ კექსთან დგამს, კარაქი, თაფლი და ძეხვეულიც მაგიდაზე დევს.

- დილა მშვიდობისა, საყვარელო! - მიღიმის სათვალის ქვემოდან  გოგუცა. ეს "საყვარელო" მე მეკუთვნის, რადგან ყველა მისი სურვილი გავითვალისწინე - დროულად გავიღვიძე, თმა ლამაზად მაქვს გადავარცხნილი და შეკრული, ღია ფერის ტანსაცმელიც მაცვია, როგორც მას უყვარს და არც იმაზე ვწუწუნებ, მეძინება-მეთქი.

- დილა მშვიდობისა, დიმიტრი! - ოდნავ მკაცრი ტონით ესალმება ჩემს მეუღლეს ბაბულია, რადგან დიმიტრი აჩაჩულ-დაჩაჩული და გასაპარსია.

სუფრასთან ვსხდებით. მშია-არმშია აქ არ ჭრის. რაც მთავარია, მაგიდასთან მშვიდად უნდა იჯდე, წელგამართული, ისე, თითქოს სულაც არ გეჩქარება სამსახურში. ახლა აქ დილის კრება გაიმართება, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ემსგავსება სპექტაკლს, ოღონდ - ძალიან სასიამოვნოს.

- ამ საღამოსთვის ხომ არაფერს გეგმავთ? - მეკითხება გოგუცა. დღეს იმდენი საქმე მაქვს სამსახურში, სადმე წავიდე კი არა, საღამოს სახლამდე თუ ცოცხალმა მოვაღწიე, დიდი ამბავი იქნება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი, ინერვიულებენ, ამიტომ სიხარულს და აღფრთოვანებას ვიწებებ სახეზე და ვაცხადებ - არა, არაფერი, სახლში დროულად მოვალთ და იმ ფილმს ვუყუროთ,  დიტომ რომ მოგვიძებნა გუშინ, ანდა ბანქო ვითამაშოთ.

- ბანქო?! - ბებიები კმაყოფილი არიან, ეს ბაბულიას დაშაქრულ მიმართვასაც ეტყობა: - დიტო, შენ გაუვლი თეკლას სამსახურში და ერთად მოხვალთ, არა?- ანუ ბანქოსთვის მეტი დრო უნდა ჰქონდეს.

მოკლედ, ვსაუბრობთ გულთბილად და რძიან ყავას ფაიფურის ფინჯნებით მივირთმევთ. გარეთ ცივი იანვრის დილაა, ჩვენს სასადილო ოთახში კი სითბო და სიყვარული სუფევს. ახლა ამ დილის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება - ვახშმად რა მოგიმზადოთ? - ერთდროულად კითხულობენ დები. ეს კითხვა ყოველთვის ერთი და იმავე, ზეაღმატებული ტონალობით ისმის და მე ის ძალიან მიყვარს, რადგან ეს კითხვა ამ სამი მოხუცი ქალის ზრუნვის გამოხატულებაა - თქვენ რა გინდათ, თქვენ რა გსურთ, თქვენ რას მიირთმევთ, თქვენ რა მოგენატრათ... მოკლედ, ამ საკითხზე ჩვენ ახლა ზუსტად შვიდი წუთის განმავლობაში ვმსჯელობთ, რადგან სწორედ ამდენი დრო გვრჩება სამსახურში წასვლამდე.

- თეკლა, წავედით, დაგვაგვიანდება, - ცოტა ხანში მაფხიზლებს ჩემი ქმარი. დღეს არც ბებოების წამლების გრძელი სია მაქვს შესამოწმებელი და არც პროდუქტების მარაგის შევსება დამჭირდება, ამიტომ სუფრიდან ვდგები, მადლობას ვიხდი და შინიდან ცივ ქუჩაში გავდივართ. ჩვენი სახლის კარი ზურგს უკან იკეტება და შეგრძნება, რომ ნამდვილი ცხოვრება ამ კარს იქით იწყება, ისევ მიახლდება. მგონი, დიტოც იმავეს გრძნობს, ამიტომაც მხვევს ხოლმე ხელს შინიდან გამოსულს. ჰო, ასე ჯობია, ნამდვილ ცხოვრებაშიც ერთად ვართ.

მანქანაში გაყინული ვჯდები.

- გინდა, შესვენებაზე მოვიდე და ერთად ვისადილოთ? - მეკითხება დიტო.

- დღეს ვერ მოვასწრებ, ბევრი საქმე მაქვს. თანაც, ბებიები ვახშმისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან. ჯობია, მშივრები დავბრუნდეთ შინ.

- სახელოსნოში მიდიხარ? - ვეკითხები, სანამ მანქანის კარს მივკეტავ.

- ჰო და დღეს ბანკის ვალსაც მე გავისტუმრებ, - თვალები უციმციმებს დიტოს.

- რა კარგია! - ბავშვივით მიხარია, როგორც ჩანს, შეკვეთა აიღეს სახელოსნოში.

- ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ბებიებმა ბანკის ვალზე არაფერი იციან, - ვამბობთ ერთად.

დღეს "გოგოებს" ბანქოსთვის ვაშლის, შოკოლადის, ვანილის ან ატმის სიგარებს ვუყიდი. გახალისდებიან, - ვფიქრობ და ჩანთაში საშვის ძებნით შევდივარ სამსახურში. ტურნიკეტზე ვადებ, მაგრამ ჩემთვის კარი არ იხსნება. დაცვის თანამშრომელი შემცბარი დგას და რაღაცას მეუბნება...

საღამოს ნაირ-ნაირ არომატში გახვეულები ვთამაშობთ ბანქოს. დღეს არც დიტოს ვეტყვი არაფერს. როგორ მივახალო, რომ ვეღარ მივეშველები ოჯახის შენახვაში... თუ სასწაული არ მოხდა, სულ მალე ბაბულია, გოგუცა და ვანცენტი გაყინულ სახლში გაიღვიძებენ, ვეღარც წამლების გრძელ სიას და პროდუქტების უზარმაზარ ნუსხას ჩამომიწერენ, ვერც თმას გადაუღებავენ ერთმანეთს ნაირ-ნაირ ფერად. არა, დღეს ვერ ვეტყვი... სანამ შევძლებ, უნდა დავმალო, რომ შემამცირეს.

დეა ცუცქირიძე