"ფიქრით ვარ გაფითრებული, განა სიკვდილი მაშინებს"
20-01-2014
"ფიქრით ვარ გაფითრებული, განა სიკვდილი მაშინებს"
ყდამოხეული, მტვერში ამოსვრილი ალბომი სოხუმის ქუჩაში იპოვეს... ქალბატონი ეთერი დახვრიტეს

უმიზნო ტყვიებს შეწირული სიცოცხლე


სისასტიკის პირველი ტალღა, რომელიც თავს დაატყდა აფხაზეთს, თითქოს მინელდა. მაგრამ ტკივილს რა გააყუჩებდა, მით უმეტეს, რომ სოხუმის ქუჩებში ჯერ ისევ ნახავდით დაუკრძალავ მიცვალებულებს. უმოწყალოდ იძარცვებოდა ყველაფერი, ისინი კი, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად რჩებოდნენ თავიანთ სახლებში, გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდნენ...


ყაზბეგის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში ყვავილები ისე ყვაოდა, თითქოს არც ომი იყო გარეთ, არც ხალხი იხოცებოდა, არც ახალგაჭრილი
საფლავი იყო იქვე, სახლის კიბესთან. აქ რამდენიმე დღის წინ ოჯახის უფროსი ხუტა ჯღამაძე დაკრძალეს. იგი თავისსავე ჭიშკართან დახვრიტეს - ვინ, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ არა აფხაზებმა, რადგან მეორე თუ მესამე დღეს ეზოში შესულმა შეიარაღებულმა აფხაზებმა მეზობლებს დაუძახეს,
- ვიღაცას ხუტა მოუკლავს და მიხედეთო. შეშინებული ხალხი - საფლავს გაგვათხრევინებთ და ჩვენც დაგვხვრეტთ ალბათო, დაუმშვიდებიათ, - ხელს არავის გახლებთ, დაკრძალეთ მიცვალებულიო. ამ კაცთან ბევრ მათგანს ექნებოდა ლუკმა გატეხილი. ხუტა ჯღამაძის ოჯახი ხომ სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული. დიასახლისსაც ყველა იცნობდა, არა მხოლოდ მშვენიერი ლექსებით - მისი შეუმჩნევლობა შეუძლებელი იყო, ის თავისი ხიბლით ალამაზებდა ქალაქს.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძეს სამი შვილი დარჩა: აზა, ვაჟა და რეზო... დღეს ისინი გულდაწყვეტილი იხსენებენ სოხუმს, თავის სახლს ყაზბეგის ქუჩაზე, უდანაშაულოდ დახვრეტილ მამას, დედას, რომელიც მარტო დარჩა იმ საშინელ დღეებში...

ამბობენ, მაშინაც კი, როცა ქალაქი იბომბებოდა, ეთერი თავის ეზო-კარს არ შორდებოდაო. მისი ლამაზი ყვავილებიც ეწირებოდნენ უმიზნო ტყვიებსა და ჭურვებს. ქალი ფრთხილად გაივლიდა ყვავილნარს და ჩუმად მიდიოდა მეუღლის საფლავამდე.

მისი ვაჟი საგანგებოდ ჩავიდა მოსკოვში, იქ აფხაზ მეზობელს სთხოვა, - დედა როგორმე სოხუმიდან გამომაყვანინე, თორემ მამა დახვრიტეს და მასაც რამე არ მოსწიონო. ხუტას ვინ დახვრეტდაო, - ვერ დაიჯერა მეზობელმა. ამ ამბის შემდეგ შვილებს დედის წერილი ჩამოუტანეს: - ახლა ბინდდება, ღელესთან ვზივარ და ისე გწერთ... ვიდრე ორმოცი არ გავა, ხუტას საფლავს ვერ მივატოვებო.

იცოდა, კარგის მოლოდინი ნაკლებად უნდა ჰქონოდა: სოხუმში მათი ახლობლების - მესხების და მითაიშვილების ოჯახი დახვრიტეს. ბარამიებს, ვისთანაც ღამეს ათევდა,  ხელშეუხებლობის წერილი ჰქონდათ არძინბასგან, მაგრამ აფხაზებმა მაინც მოაკითხეს, - წამობრძანდით, საბუთებს შევამოწმებთ და დაგაბრუნებთო. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ბიჭიკო ბარამია ავადმყოფობდა, მეუღლემ მარტო ვერ გაუშვა. ქალბატონი ეთერიც თანადგომის ნიშნად მათ გაჰყვა, თან იოსებ გრიშაშვილის ნაჩუქარი ალბომი წაიღო, სადაც არაერთი ისტორიული ფოტო ჰქონდა ჩაკრული: თითქოს ისევ ეიმედებოდა საქართველოს საამაყო შვილები, უნდოდა ეჩვენებინა, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთი სიყვარულით ჩამოდიოდნენ სოხუმში და სოხუმელები, რომლებიც ასე ცდილობდნენ თავისი ქალაქი საუკეთესო კუთხით წარედგინათ სტუმრებისთვის - არ და ვერ იქნებოდნენ მტრები... ალბომს ძვირფასი სპილოსძვლის ყდა ჰქონდა. ცოტა ხანში ყდამოგლეჯილი, მტვერში ამოსვრილი ალბომი სოხუმის ქუჩაში იპოვეს... ქალბატონი ეთერი ბიჭიკო და მედეა ბარამიებთან ერთად დახვრიტეს.

"ფიქრით ვარ გაფითრებული, განა სიკვდილი მაშინებს", - ეს ფრაზა მისი ლექსიდანაა. სიკვდილის პირისპირ მდგომს იქნებ გაახსენდა კიდეც...

ქალი, რომელსაც სოხუმიდან სრულიად უცხო ბავშვები თბილისში სამკურნალოდ მოჰყავდა... ქალი, რომელიც შეჭირვებულს გულგრილად არ აუვლიდა გვერდს, ხშირად კი უპოვრებს (უფრო ხშირად რუსები იყვნენო, ამბობენ) შინ შეიყვანდა, გახამებულ თეთრ სუფრას გაუშლიდა და დააპურებდა... ქალი, რომელიც სიდუხჭირის ჟამს საგანგებოდ ყიდულობდა ბევრ პურს, რომ მერე მეზობლებისთვის უფასოდ დაერიგებინა - დახვრიტეს.
იქნებ ხვდებოდა კიდეც, რომ საამისოდ ემზადებოდა გაალმასებული სამყარო, როცა წერდა:

"ვისღა მივესალმო,/აქ არავინ არ არის,/თეთრო იასამანო,/ცრემლო ობოლ სამარის.../იქ რომ მონასტერია, გზა ეკლებმა დაჰფარეს,/ვარდი მონატრებია მივიწყებულ სამარეს".

არავინ იცის, სად არის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სამარე.
ცოტა ხნის წინ კი ჭიათურაში, მის მშობლიურ კუთხეში, ქალბატონი ეთერის ხსოვნის საღამო ჩატარდა. მისი სახელი მიენიჭა ჭიათურის ცენტრში სკვერსა და სოფელ რგანის სკოლას, სადაც ბავშვობაში სწავლობდა.

აზა ჯღამაძე, პოეტის ქალიშვილი: - დედულეთმა დაკარგული დედა დაგვიბრუნა. მშობლიურ რგანში, ბებია-ბაბუის საფლავებს შუა, დედის საფლავი დაგვხვდა - ქვაში გაცოცხლებულმა, გასხივოსნებულმა სახემ სევდიანი სიხარულით გაგვიღიმა და თითქოს გვიჩურჩულა: აქა ვარ, თქვენთან ვარ, შვილებოო!.. გული ამოგვიჯდა, როდესაც აფხაზეთიდან ჩამოტანილი უსაშველოდ მონატრებული აფხაზეთის მიწა დედის სიმბოლურ საფლავს მოვაფრქვიეთ...
მედეა ნემსწვერიძე
21 ივლისი 2017 10:37
კარგად მახსოვს ბატონი ხუტა ჯღამაძე. წარმოსადეგი, კარგი სიტყვა-პასუხით. სხვათაშორის, თამად იყო ჩემს ქორწილში, სოხუმში, რესტორან "სოხუმში" - 1973 წელს.......
ნატო კეკელია
28 აპრილი 2016 22:26
დიდი სიამოვნებით შევიძენდი ეთერ სამხარაძის კრებულს. ბავშვობაში, მახსოვს, ვკითხულობდი მისი ლექსების პაწაწინა კრებულს, რომელიც თავად აჩუქა თურმე სოხუმში მასთან სტუმრად მისულ ჩემს დედას! კრებული სახლთან ერთად ცეცხლმა შთანთქა! მიყვარდა ქალბატონი ეთერის ლამაზი ლექსები. ერთხელ...თოვლის გუნდა ესროლა ახლად დათოვლილი სოხუმის ქუჩაში ვიღაც ახალგაზრდამ ქალბატონ ეთერს: ,, ...თოვლის მოსვლა მახარა, ალბათ თოვლში ვერ შენიშნა, თოვლისფერი ჭაღარა!"
ქალბატონი ეთერი თავისი შესანიშნავი ქართველ-ქალობით ალამაზებდა იმ გარემოს, რომელშიც უწევდა ცხოვრება. მისი ღირსეული გასვლა ამქვეყნიდან მაგალითია თაობებისთვის. მისი ლამაზი ლექსების კრებული კი თავისი სულიერი სიფაქიზით და მოხდენილობით მრავალს მოჰგვრის სიხარულს! იქნებ მოხერხდეს კრებულის გამოცემა!
ნანი შულაია
26 იანვარი 2014 10:56
წინა კომენტარი ვერ გავიგე ,უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.მე ასე ვიცი
უფალმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ეთერის,მისი მეუღლის და ყველა იმ ადამიანის სული,ვინც აფხაზეთში მოკლე
ძალიან მძიმეა შვილებისთვის.ღმერთმა დაგვიფაროს,მეტჯერ ასეთი ომები
. .

რედაქტორის რჩევით