"ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად" - კვირის პალიტრა

"ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

თემურ ჭყონია: "ვესაუბრე მაკდონალდსის იურისტებს და მითხრეს, რომ ეს საიტის მენეჯერის შეცდომა იყო"

"ჩემი ჩაძირვა ასე იოლი არ იყო"

წინა ხელისუფლებისგან, რა თქმა უნდა, იყო ზეწოლის ფაქტები, თუმცა ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა დამავალეს და რა გავაკეთე"აფხაზეთი ჩვენია!" - ამ ლოზუნგით გამოხატა თბილისის მოსახლეობამ პროტესტი აფხაზეთში "მაკდონალდსის" ბრენდის შეტანის  წინააღმდეგ. საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა ცენტრალური კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ანონსს, რომელიც იუწყებოდა, რომ "მაკდონალდსის" ქსელი აფხაზეთშიც მალე გაჩნდებოდა. ვინ იყო აფხაზეთში მსოფლიო ბრენდის შეტანის ინიციატორი და, რა სტატუსით უნდა მომხდარიყო საქართველოს ამ მიწაზე კომპანიის მუშაობა, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" საქართველოში "მაკდონალდსის" "ფრენჩაიზის" მფლობელი თემურ ჭყონია ესაუბრა:

- "მაკდონალდსის" საიტზე აფხაზეთის თემის გამოჩენამ მართლაც დიდი ხმაური გამოიწვია. ვესაუბრე კომპანიის იურისტებს და მითხრეს, რომ ეს საიტის მენეჯერის შეცდომა იყო. მერწმუნეთ, მათ არც უფიქრიათ აფხაზეთში რესტორნების გახსნა. ამ საკითხს პოლიტიკური ფაქტორი არ ახლავს.

- საიტზე მსგავსი ანონსის გამოქვეყნება ისე გაიგეს, თითქოს "მაკდონალდსი" არღვევდა მსოფლიოს მიერ აღიარებულ ეკონომიკურ რუკას, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია.

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ საიტზე იმ ჩანაწერის გაჩენა ეკონომიკური რუკის დარღვევას არ ემსახურებოდა. იქ არავინ ფიქრობს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად განხილვას. დიახ, გვაქვს ხელშეკრულება, სადაც აფხაზეთი, ბუნებრივია, საქართველოს შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ეკონომიკური რუკის გათვალისწინებით მოხდა ჩანაწერის გაუქმებაც. დამიჯერეთ, იურიდიულ დოკუმენტს ასეთი გიგანტი კომპანიები არაფრის ფასად არ არღვევენ.

- მაშინ ერთი ვერსია გვრჩება - აფხაზეთში შესვლის იდეა თქვენ მიაწოდეთ კომპანიას. თუკი ასეა, თამამი გადაწყვეტილება მიგიღიათ, არგუმენტებიც მზად უნდა გქონოდათ ამისთვის.

- ცენტრში ჩემს მოთხოვნას ანგარიშს უწევენ და გვეკითხებიან, სად შეიძლება იყოს სარფიანი ახალი რესტორნის მშენებლობაო. ჩვენ ერთად ვსწავლობთ ადგილმდებარეობას და ყველა დეტალს ვითვალისწინებთ. საკითხს საქართველოს ერთიან რუკაზე განვიხილავთ. აფხაზეთში რომ რესტორნები არ გვაქვს, ამ რუკაზე ნათლად ჩანს. ამიტომ კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა იქ რესტორნის აშენებაო. შესაძლებელია, ოღონდ მაშინ, როდესაც იურიდიულად და ეკონომიკურად ჩამოვყალიბდებით-მეთქი. სწორედ ეს გახდა შეცდომის მიზეზი...

- გამოდის, ამ გეგმის ერთგვარი ინიციატორი მაინც თქვენ ყოფილხართ. რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესის დაწყება კონფლიქტის ზონაში?

- ყველას უნდა რაღაც გააკეთოს აფხაზეთში. თუმცა არასტაბილური მდგომარეობის გამო იქ ბიზნესის დაწყებას ბევრი ერიდება. გარდა ამისა, არ არის საბანკო სისტემა სრულად ჩამოყალიბებული. 20 წელია, კონფლიქტი გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში ეკონომიკის კუთხით ამ ტერიტორიაზე არაფერი გაგვიკეთებია. რუსეთი პირიქით, ცდილობს, არასარისკო ინვესტიციებით შევიდეს აფხაზეთში და ადგილი დაიმკვიდროს. ამ ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ბიზნესის წარმოება, რომელიც მეც მაინტერესებს. ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობასაც ვესაუბრე. ვუთხარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ამ ტერიტორიაზე. იდეა მოიწონეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კონფლიქტის ზონაა და ყველა რისკი უნდა იყოს გათვლილი.

- მხოლოდ ქართულ მხარესთან საუბარი არ იქნება საკმარისი აფხაზეთში ბიზნესის დასაწყებად. გაქვთ კონტაქტი აფხაზურ მხარესთან?

- ჯერ არა, მაგრამ ვცდილობ დავამყარო ურთიერთობა. აფხაზებს თუ უნდათ, ჰქონდეთ "მაკდონალდსის" რესტორნები, ამას უჩემოდ ვერავინ გააკეთებს. შეიძლება იძახონ, დამოუკიდებელი ქვეყანააო, მაგრამ ცენტრალურ ოფისში სხვა ეკონომიკური რუკა დევს და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. ვერავის მისცემენ იქ შესვლის უფლებას, რადგან კონტრაქტი ირღვევა. ამას კი ასეთი გიგანტი კომპანია არასდროს დაუშვებს.

- ბიზნესმენებისთვის წინა ხელისუფლების დროს უფრო სარისკო იყო მუშაობა, თუ ახლა?

- მე არც ერთ ხელისუფლებასთან არ მქონია პრობლემა და ყველა ხელისუფლებასთან ვამყარებდი კარგ ურთიერთობას. პატივს ვცემდი წინას, ახლა ამათ ვცემ პატივს, თუმცა ისტორიაში გადასულებსაც დადებითად მოვიხსენიებ.

- წინა ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, შეეძლო, თქვენი წარმატებაც ისევე დაესრულებინა, როგორც დაასრულა ბევრისა საქართველოში?

- ხომ ვერ მეტყვით, რას უნდა მომდავებოდნენ?

- თუ მოინდომებდნენ, გიპოვიდნენ დარღვევას...

- იყო დარღვევის ფაქტები და რამდენჯერმე დამაჯარიმეს კიდეც. ჩემი ჩაძირვა ასე იოლი არ იყო. ჩემ უკან იმხელა კომპანიები დგას, რომლის სახელი და ავტორიტეტი საქართველოზე ბევრად დიდია.

- ხელისუფლების ზეწოლით რაიმე დავალება ხომ არ შეგისრულებიათ?

- რა თქმა უნდა, იყო ამის ფაქტები, თუმცა ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა დამავალეს და რა გავაკეთე.

- ბევრ ადამიანს აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. ვიდეოკამერით იღებდნენ და მერე მათ კომპრომეტირებას ახდენდნენ. როგორ ფიქრობთ, თქვენც ხომ არ იქნებოდით მათი სამიზნე?

- ვიყავი და არაერთხელ. ყველა მთავრობა იყენებს ვიდეოკამერას და მოსასმენ აპარატებს... ეს ცუდია, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ მსგავსი დანაშაულები მხოლოდ საქართველოში არ ხდება...

უტა ბიწაძე