აივ-დადებითის გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

აივ-დადებითის გულახდილი ინტერვიუ

"ეს დიაგნოზი ტრაგედია არ არის, ამით ცხოვრება არ მთავრდება!"

"არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს გავუმხელ ჩემს დიაგნოზს..."

2013 წელს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში" აივ-ვირუსის ინფიცირების 4131 შემთხვევა დაფიქსირდა. 32 წლის ნინო გაბედავა (გვარ-სახელი შეცვლილია) უკვე შვიდი წელია, ამ ვირუსის მატარებელია. პროფესიით ფილოლოგი დღეს "აივ-ვირუსით დაავადებულთა ფონდში" მუშაობს. ამბობს, რომ მისი დიაგნოზი საბოლოო განაჩენი არ არის და ცხოვრება გრძელდება. ჩვენი ინტერვიუც იქ შედგა, სადაც ნინო ამ დიაგნოზმა მიიყვანა, დღეს ეს მისი სამსახურია...

- შვიდი წლის წინ გავიგე, რომ ინფიცირებული ვარ... ყველაფერი კი მეუღლის ავადმყოფობით დაიწყო - რამდენიმე კვირა სიცხეს ვერაფრით ვუგდებდით. ექიმებს ხან ღვიძლზე ჰქონდათ ეჭვი, ხან ფილტვებზე. დიაგნოზი მაინც ვერ დასვეს. ბოლოს შიდსის ვირუსზე ანალიზის გაკეთება მოგვთხოვეს. მაშინ გავიგეთ, რომ აივის მძიმე ფორმა ჰქონდა. დიაგნოზის დასმიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.

- როგორ დაინფიცირდა?

- სანამ დავოჯახდებოდით, ვიცოდი, რომ თაზო ნარკოტიკს მოიხმარდა, თუმცა მერე თავი დაანება და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ვფიქრობ, თავის დროზე სხვისი გამოყენებული ნემსით დაინფიცირდა... 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად.

ეს დიაგნოზი რომ დაუსვევს, საშინლად განვიცადე. მეც მაშინვე ამიღეს ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ინფიცირების საწყისი სტადია მქონდა და კარგა ხანს მედიკამენტური ჩარევა არ დამჭირდებოდა.

ძალიან განვიცადე მეუღლის დაკარგვა... ზოგიერთი ცოლ-ქმრის შემხედვარე ვფიქრობ, ჩემი 5-წლიანი ტკბილი ურთიერთობა ჯობდა ზოგის 10 და მეტწლიან თანაცხოვრებას.

არასდროს მინანია, რომ ცოლად გავყევი. მხოლოდ იმას ვნანობ, დროულად რომ ვერ დავადგინეთ დიაგნოზი, იქნებ სწორი მკურნალობით კიდევ ეცოცხლა... მაშინ თეკლა სამი წლის იყო და სანამ ბავშვის ანალიზის პასუხს გავიგებდი, ერთი სიცოცხლე გავათავე. ჯანმრთელი აღმოჩნდა...

ჩემმა მშობლებმა დღემდე არ იციან, რომ მეც ინფიცირებული ვარ. არ მინდა, ინერვიულონ... ექიმები მაძალებენ, ვუთხრა, ცუდად თუ გავხდი, მათი გვერდში დგომა დამჭირდება, მაგრამ... ჩემი მშობლები თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობენ, მე და თეკლა ცალკე ვართ. ერთად რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ, ვერ დავმალავდი. ხანდახან, როცა მარტივ საკითხზე პრობლემას ქმნიან და კამათობენ, მინდა ვიყვირო, მარტომ ამხელა ტკივილი გადავიტანე და თქვენ ამ სისულელეზე როგორ კამათობთ-მეთქი, მაგრამ ჯერ ამის გამბედაობა არ მყოფნის. ამ დაავადების გამხელა ძალიან რთულია და ბევრი ვერ გაიგებს...

როცა ჩვენს ორგანიზაციაში აივ-დადებითები მოდიან და მშობლები გვერდით ჰყავთ, კეთილი შურით მშურს. ის პაციენტები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, თითქოს რაღაც ტვირთი აქვთ მოხსნილი... ოდესღაც მეც ვეტყვი ჩემებს და ამოვისუნთქავ... არ მადარდებს, რას იტყვის ხალხი. ეს ჩემი ცხოვრებაა და ტვირთიც მე უნდა ვზიდო. ვცდილობ, ნაკლებად ვინერვიულო, რადგან ჩვენთვის ნერვიულობა ყველაზე დიდი მტერია.

- მშობლებმა იციან, სადაც მუშაობ?

- იციან, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, თუმცა კონკრეტულად სად, არა.

- ბავშვმა თუ იცის?

- თეკლა ჩემი მესაიდუმლეა. ბევრ ტკივილს იტევს ერთი ციდა გოგონა. სამსახურშიც ხშირად მიმყავს. ყველაფერს ხედავს და ესმის, თუმცა ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. არასდროს არაფერი უკითხავს, მაგრამ ვხვდები, ყველაფერი იცის. ხელს მიწყობს და ყოველთვის მახსენებს დილა-საღამოს წამლის დალევას. ალბათ, დიდი რომ გაიზრდება და მეტად გააცნობიერებს რაც მჭირს, ძნელი გადასატანი იქნება მისთვის.

- მეუღლის ოჯახმა თუ იცის შენი დიაგნოზი?

- კი, იციან. როცა რაღაც მაწუხებს, მხოლოდ მათთან შემიძლია გულის მოოხება. ბავშვის აღზრდაშიც მეხმარებიან... ცოტა ხნის წინ ერთ მეგობარს ვუთხარი, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა და მეშინოდა... ჩვენ ისევ მეგობრები ვართ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს გავუმხელ ჩემს დიაგნოზს...

- ახლა როგორ გრძნობ თავს?

- კარგად ვარ. ერთი წელია, რაც მედიკამენტური მკურნალობა დავიწყე. მანამდე არ დამჭირვებია, კარგი იმუნიტეტი მქონდა... სანერვიულო შემხვდა, თორემ კიდევ დიდხანს არ დამჭირდებოდა წამლები... სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ, ყველანაირ საკვებს ვიღებ და შეზღუდვა არაფერზე მაქვს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ დიაბეტიანი ადამიანი უფრო წვალობს, ვიდრე მე. ყველა ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, ზოგს გული აწუხებს, ვიღაცას წნევა აქვს და ამით ცხოვრება არ სრულდება. ჩემი მდგომარეობა ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და მეც ვაგრძელებ ცხოვრებას.

ცოტა ხნის წინ ქირურგიული დახმარება დამჭირდა, ექიმისთვის გამიჭირდა თქმა, რომ აივ-ინფიცირებული ვიყავი. ოპერაციის დაწყებამდე ქირურგს ვუთხარი, ჰეპატიტი მაქვს-მეთქი. რატომ ვუთხარი, იცით? ჰეპატიტი ისე საშინლად არ ჟღერს...

ოპერაციის დაწყებამდე ექიმმა მკითხა, შემთხვევით აივ-ვირუსიც ხომ არ გაქვსო? შემთხვევით კი არა, ეგ მაქვს-მეთქი. მერე სხვა ინსტრუმენტებით გამიკეთა ოპერაცია...

- იმ პაციენტებს რას ურჩევდი, რომლებიც აივ-ვირუსის მატარებლები არიან?

- რეგიონებში ძალიან ბევრი ინფიცირებულია. ვფიქრობ, ისინი უფრო იკეტებიან საკუთარ თავში, ვიდრე თბილისში მცხოვრები აივ-მატარებლები. რაიონში არ აქვთ საშუალება იმავე დიაგნოზის მქონე პაციენტებთან ურთიერთობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ტრაგედია არ არის და ამით ცხოვრება არ მთავრდება! მე ეს გადავლახე... ცხოვრება რთულია და არავინ იცის, ვის რა ელოდება. ბევრია ინფიცირებული და არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია. ჩვენ ხომ ის ხალხი არ ვართ, პროფილაქტიკის მიზნით ყოველწლიურად გამოკვლევას რომ იტარებს. სანამ დაავადება კულმინაციას არ მიაღწევს, ექიმთან არ მივდივართ. სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებს, სადაც აივ-ვირუსის გადადების მაღალი რისკია, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ფრთხილად უნდა იყოს ყველა!

"შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს" ხშირად აკითხავენ აივ-დადებითები. ჩვენ მათ ვეხმარებით. კვირაში რამდენჯერმე ვიკრიბებით, ერთმანეთს ვამხნევებთ, რაც ფსიქოლოგიურად გვეხმარება. ახლა ისე გადის დღეები, არ მახსოვს, რომ აივ-ვირუსის მატარებელი ვარ.

თორნიკე ყაჯრიშვილი