2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
20-01-2014
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
ოთხი ორდენით დაჯილდოებულ ჯარისკაცს შეიძლება სახლი გაუყიდონ!

ომში სასიკვდილო ჭრილობას გადარჩენილი ჯარისკაცი სიღარიბესა და ბანკთან ბრძოლაში მარცხდება. სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ვიტალი კუჭუხიძე ცხინვალის ომში ჩადენილი გმირობისთვის ოთხი ორდენით დააჯილდოეს, თუმცა... 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის ომში სენაკის მეორე ბრიგადამ სოფელი ხეთაგუროვი დაიკავა. ამ სტრატეგიულ ადგილს სეპარატისტები წლების განმავლობაში განაგებდნენ. საგუშაგოზე მდგარნი ყოველ წამს ელოდნენ ოსებისგან რევანშს... ქართველებმა სოფლის გზაზე მომავალი "ჟიგულის" მარკის ორი ძველისძველი ავტომობილი შენიშნეს. მოწინავე ოცეულმა
ცეცხლის გახსნაზე თავი შეიკავა, - ვაითუ, მშვიდობიანი მოქალაქეები არიანო. ამასობაში გაისმა სროლა...

ორი ქართველი ჯარისკაცი თვალის დახამხამებაში იმსხვერპლა მტერმა... კაპრალი ვიტალი კუჭუხიძე მიხვდა, რომ სანგრიდან ვერაფერს გახდებოდა, ფეხზე წამოდგა და მტრის ავტომობილისკენ გაუშვა ტყვიის ჯერი. მოწინააღმდეგე განადგურდა, ქართველები გადარჩნენ, მძიმედ დაიჭრა მხოლოდ ვიტალი - კისერში
მოხვედრილმა ტყვიამ ნერვი გაუგლიჯა... სისხლში მცურავი გორის ჰოსპიტლისკენ მიჰყავდათ. "არ უნდა მოვკვდე, ძმის გარდაცვალებიდან წელიწადიც არ გასულა, ოჯახს პატრონი აღარ ეყოლება", - ჩურჩულებდა მძიმედ დაჭრილი... ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. მერე ნელ-ნელა ფეხზე დადგა, ერთმა წელმაც განვლო. ამ ხნის განმავლობაში გადაეცა ოთხი ორდენი. დღეს სასოწარკვეთილს ფიქრი ტანჯავს - იქნებ ბრძოლაში გმირულად დაღუპვა სჯობდაო და სინანულით დასჩერებია გაშეშებულ მარჯვენას...

რამდენიმე დღის წინ იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში, კუჭუხიძეების ოჯახს ვესტუმრე. მათ შესახებ კაპრალის თანამებრძოლებმა მითხრეს, - ვიტალი გმირია, ომში სხვების სიცოცხლის დასაცავად გაწირა თავი, ახლა ოთხ შვილს წარმოუდგენელ სიღარიბეში ზრდისო. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი, რომელშიც გმირი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი სახურავჩანგრეულია, ოთახებში კი ისევე წვიმს, როგორც გარეთ. შეშის საყიდელი ფული არ აქვთ და აივნის ხის იატაკს წვავენ. "აქაურობას წვიმა და თოვლი ალპობს, სხვა გზა არ მაქვს, ბავშვებს ვერ გავყინავ და ჩემი ხელით ვწვავ სახლს, რომელშიც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ", - ამბობს ვიტალი კუჭუხიძე.

- ჩვენს ოჯახს არასდროს ულხინდა. ჯარში რომ დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე, სახლს გავმართავ და შვილებს ადამიანურად დავზრდი-მეთქი. მალე ომი დაიწყო და დავინვალიდდი. ამასობაში სახურავიც ჩამოიქცა. წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე დახმარება. კომისარიატმა შემომითვალა, ჩამოდი და თუნუქს გაგატანთო. ნასესხები ფულით ვიქირავე ტრანსპორტი და წამოვიღე... პირკატა მეცა, როცა მეზობლებმა დაჟანგული თუნუქი ჩამოცალეს ძარიდან. არ ვარგოდა და ჯართად ჩავაბარე, მის მოსატანად აღებული ვალი რომ მაინც გამესტუმრებინა. პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასაც მივმართე, მაგრამ ჩემს წერილებს ისევ წყალტუბოს გამგეობაში გზავნიდნენ. 2013 წლის ნოემბერში წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე, - შეშით მაინც დამეხმარეთ-მეთქი. ახალი წლის წინადღეს მომივიდა პასუხი, - თქვენს საკითხს 2014 წელს განვიხილავთო. ხედავთ? ისიც კი არ არის მითითებული, რომელ თვეში განიხილავენ, ზოგადად 2014 წელსო!

ომის შემდეგ ვიტალის, როგორც გმირულად დაჭრილს 7 000 ლარი გადასცეს.
ვიტალი კუჭუხიძე: - "ის ფული თვალის დახამხამებაში გაილია. ჩემს უბედურებას დაემატა ბანკის ვალიც. ერთმა ჯარისკაცმა 4 400 ლარის ასაღებად თავმდებობა მთხოვა. როგორ მეთქვა უარი? რას ვიფიქრებდი, რომ ვალს არ გადაიხდიდა. იმ ბიჭმა ერთადერთხელ გადაიხადა შესატანი, მალევე კი რაღაც ჩაუდენია და დაუპატიმრებიათ. ერთი წელი არ მოიკითხა ბანკმა, აწერდა იმ 4 400 ლარს ჯარიმას და ვალი კატასტროფულად რომ გაიზარდა, არც კი დამირეკეს, ისე დამიბლოკეს თანხა ხელფასიდან. სადაური წესია, რომ არ შემატყობინო? საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი, ძლივს დავდიოდი და ვაზროვნებდი. მივედი, ავუხსენი, მე რა შუაში ვარ-მეთქი? როგორც ჯარისკაცს, ჯარიმებს ჩამოგაწერთ, მაგრამ ძირი Fფული უნდა გადაიხადოო - ყოველთვიურად მიჰქონდათ 400 ლარამდე. ასე გრძელდებოდა წელიწად-ნახევარი. გავგიჟდი და სამსახურს ხელფასის ჩასარიცხად ჩემი ცოლის სახელზე ანგარიშის გახსნა ვთხოვე. აღარ ვუხდი ფულს ბანკს, მაგრამ მედავებიან, ჯარიმები 22 ათას ლარამდე ავიდა და თუ არ დაფარავ, სახლს დაგიყადაღებთო. დააყადაღონ, ამას თუ სახლი ჰქვია... სამშობლოსთვის უყოყმანოდ გავწირე სიცოცხლე, რომ შემეძლოს, ისევ გავწირავდი და ამ სამშობლომ ერთი საშინელი ბანკისგან რომ მიხსნას, არ შეუძლია?"

ოჯახი ბანკის ვალების გამო რომ აუწიოკებიათ, ვიღაც ქალბატონს შეუთავაზებია, თქვენი 6 წლის გოგონა მომაშვილეთ, სანაცვლოდ ვალებსაც დაგიფარავთ და კიდევ მოგცემთ ფულსო(!).
ჩემს შვილებს დალაგებულ ქვეყანაში რომ ეცხოვრათ, თავი გავწირე და გოგონას როგორ მივცემ ვინმეს, თანაც ბანკის იმ ვალის გამო, რომელიც მე არ ამიღიაო,  - შეუთვლია მამას ქალბატონისთვის.
ოჯახს დღემდე ზარავს ამ სიტყვების გახსენება და ოცნებობს, რომ სიღარიბეს რამე სასწაულით დაუსხლტეს...
პ.ს. მკითხველის თხოვნით ვიტალი კუჭუხიძემ გვაცნობა ანგარიშის ნომერი, რომლის საშუალებითაც მსურველთ შეეძლებათ დახმარების გაღება. ანგარიში ვიტალის მეუღლის სახელზეა ”საქართველოს ბანკში”

GE78BG0000000912051800 გულიაშვილი ოლია.

eliso
27 იანვარი 2016 17:13
Guli damewva:( tu sami weli gavida rac vali ar gadauxdia banks ufleba ar aqvs motxovos, uchivlos da uechveli gamartldeba
temo
06 მაისი 2014 09:31
ახალი მთავროვის იპოტენტობაც ძველს ბრალდება, ეს არის "
სამართლიანი" ქართველის აზროვნება.
kepo
02 თებერვალი 2014 22:45
ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს ბიჭი რო გაიყვანეს მანქანით ყველას გაარდაცვლლი გვეგონა გადარჩა საბედნიეროდ ყველაფერი მართალი ცერია

რედაქტორის რჩევით