"პოლიკლინიკაში გვეუბნებიან, სხვაგან წადით, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებითო" - კვირის პალიტრა

"პოლიკლინიკაში გვეუბნებიან, სხვაგან წადით, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებითო"

"მზღვეველი სასწრაფო დახმარების მანქანას გზავნიდა და პაციენტი თავის კლინიკაში გადაჰყავდა, ახლა ეს აღარ მოხდება - პაციენტს ვუპატრონებთ იქ, სადაც მიიყვანენ"

"პაციენტი ირჩევს პოლიკლინიკას და არა პოლიკლინიკა - პაციენტს"

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს" გაკოტრების შემდეგ ყველას, ვისაც ეს ორგანიზაცია ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ემსახურებოდა, პრობლემები შეექმნა. "არქიმედეს" გაკოტრების შემდეგ პროგრამის განხორციელება და ბენეფიციარებზე (პენსიონერები, 0-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების რამდენიმე რაიონის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები) ზრუნვა ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. მოქალაქეები ჩივიან, რომ ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ.

- რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, გაკოტრების წინ მზღვეველმა მკურნალობის ნებართვა რომ მოგვცა, ექიმმა გვერდზე გადადო, თქვენი მზღვეველი გაკოტრდა, ფულს ვერავინ გადამიხდის და ამ ნებართვის საფუძველზე უფასოდ ვერ მოგემსახურებითო, - აცხადებს მოქალაქეთა ნაწილი.

სხვები პოლიკლინიკებში გამეფებული ქაოსის გამო წუხან.

- ვერ გავიგეთ, რისი უფლება გვაქვს, რომელ პოლიკლინიკაში შეგვიძლია მისვლა. ექიმები გვირეკავენ, გვწერენ, ჩემთან ხართ ჩაწერილიო; დღემდე სადაც დავდიოდით, იმ პოლიკლინიკაში მისულებს გვეუბნებიან, სხვა პოლიკლინიკას უნდა მიმართოთ, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებითო. ის "სხვა" კი ან შორს არის, ან პირობები არ მოგვწონს... დაზღვევა იმას ხომ არ ნიშნავს, მზღვეველს ვისთანაც მოუნდება, იმასთან გაგიშვას?! - ჩივიან ბენეფიციარები.

რუსუდან გოგოლაშვილი, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა, იმედი გვაქვს, საზოგადოების ინფორმირების შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. მთავარი პოლიკლინიკების მომსახურების მოგვარებაა. "არქიმედეს" ბენეფიციარებს რამდენიმე პროვაიდერი პოლიკლინიკა ემსახურებოდა, ჩვენ კი 250 პოლიკლინიკა ჩავრთეთ პროგრამაში და ხალხს უფლება მიეცა, თვითონ სადაც სურს, იქ მივიდეს. მაგალითად, თუ თქვენს მეზობლად არის პოლიკლინიკა და გზაში დროის დაკარგვა არ გინდათ, შეგიძლიათ იქ მიაკითხოთ ოჯახის მკურნალს, მიიღოთ ამბულატორიული ან პირველადი მომსახურება. თამამად შეარჩიეთ პროგრამაში ჩართული ნებისმიერი პოლიკლინიკა და გააკეთეთ წერილობითი განაცხადი, რომ თქვენ მის მომსახურებას ირჩევთ. არავის აქვს უფლება, უარი გითხრათ. სამწუხაროდ, პოლიკლინიკები ძალიან ცუდად იქცევიან. ვერ დავადგინეთ, საიდან იღებენ ბენეფიციართა მონაცემებს და ხალხს თვითნებურად უკავშირდებიან. ჩვენ არ გვეყოფა რესურსი, რომ თითოეული შემთხვევა გამოვიძიოთ, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვონ. თუ რომელიმე პოლიკლინიკაში ეტყვიან, აქედან სხვაგან წასვლის უფლება არ გაქვთო, არ დაიჯერონ, დაგვიკავშირდნენ ან წერილობით მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

- პოლიკლინიკების შემოსავალი ბენეფიციარების რაოდენობაზეა დამოკიდებული?

- დიახ, კაპიტაციური (სულადობრივი) დაფინანსების მეთოდის მიხედვით, პოლიკლინიკებს, მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა პაციენტი, ბიუჯეტიდან ერიცხებათ განსაზღვრული თანხა, ბენეფიციარების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი თანხის რაოდენობაც იზრდება.

- აუცილებლად რომელიმე პოლიკლინიკაში უნდა იყოს მოქალაქე დარეგისტრირებული?

- ეს აუცილებელია ამბულატორიული, პოლიკლინიკური სერვისის მისაღებად.  გადაუდებელი ან გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის კი მოქალაქე მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და თავად გადაწყვეტს, სად იმკურნალოს. აქამდე მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში გზავნიდნენ პაციენტებს, ახლა კი პროგრამაში თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს.

- მკურნალობის ხარჯი სრულად ანაზღაურდება?

- პროგრამის მიხედვით, ჩვენ კონკრეტული სატარიფო არეალის ფარგლებში ვაფინანსებთ მომსახურების 90%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პაციენტის შერჩეულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის ღირებულება თავსდება სატარიფო არეალის ფარგლებში, ის გადაიხდის თანამონაწილეობის 10%-ს, დანარჩენს კი დაფარავს სახელმწიფო. თუ მკურნალობის ღირებულება სატარიფო არეალზე მეტია, ჩვენ სატარიფო არეალის შესაბამისად ვაძლევთ მას კუთვნილ 90%-ს, დანარჩენს - ტარიფის 10%-ს და სხვა თანხას თვითონ დაფარავს.

- რა ქნას იმან, ვისაც "არქიმედეს" მიმართვაზე ეუბნებიან, ეს უკვე ძალადაკარგულია და ამის საფუძველზე უფასოდ ვერ გიმკურნალებთო?

- საბედნიეროდ, ყველა ექიმი არ პასუხობს ასე პაციენტს და განუმარტავს, რომ მას შეუძლია, სოციალური დახმარების სააგენტოში შეცვალოს ძალადაკარგული მიმართვა. ეს ტექნიკური პრობლემაა და მალე მოგვარდება. ასევე გაცნობებთ, რომ თუ წინათ გადაუდებელი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში პაციენტი ხვდებოდა იმ კლინიკაში, რომელიც არ იყო "არქიმედეს" პროვაიდერი, მზღვეველი სასწრაფო დახმარების მანქანას გზავნიდა და პაციენტი თავის კლინიკაში გადაჰყავდა, ახლა ეს აღარ მოხდება - პაციენტს ვუპატრონებთ იქ, სადაც მიიყვანენ.