მერიას საკრებულოც ფეხებზე ჰკიდია!
20-01-2014
მერიას საკრებულოც ფეხებზე ჰკიდია!
"თბილისის მერია ხალხის მტერია!"

"გიგის რაზმი პარკებს ჩეხავს, რომ უფრო გამდიდრდეს"


თუ იცი, რომ ის ტოტი არ უნდა მოჭრა, რომელზეც ზიხარ, უვლი ტყეს, ქალაქებში კი - პარკებს, ბაღებს, გაზონებს, მეტიც - მათ ამრავლებ, მაგრამ თუ ბრიყვი ხარ, დღევანდელი კვერცხი გირჩევნია ხვალინდელ ქათამს, არ გაფიქრებს კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა-აცივება და სხვა მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმები, ანადგურებ ტყეს, ქალაქებში კი - პარკებს, ბაღებს, გაზონებს და მათ ადგილზე აშენებ სასტუმროს, რესტორანს, ავტოგასამართ სადგურს, კაზინოს
- ერთი სიტყვით, ყველაფერს, რითაც ბევრი ფულის შოვნა შეიძლება...
ვნახოთ, როგორ იქცევა თბილისის მერია: დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოს ვებგვერდზე, არქიტექტურის სამსახურის #909795 ბრძანების თანახმად, გაიცა ნებართვა ვაკის პარკში, რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას, 30 მეტრი სიმაღლის სასტუმროს ასაშენებლად. წესით, ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს, თუმცა, როგორც
ირკვევა, კარგა ხანია, მერიაში წესებს გიგი უგულავას და მისი ძმების, "ნაცმოძრაობის" მამამთავართა ნება-სურვილით ადგენენ, ამიტომაც არქიტექტურის სამსახურს არც აქამდე ანაღვლებდა და არც დღეს ანაღვლებს იმ ხალხის ბედი, ვისაც თბილისში რეკრეაციული ზონები ისე სჭირდება, როგორც თევზს - წყალი. პარკში არა მხოლოდ სასტუმროს, არამედ მასთან მისასვლელი გზის, პარკინგისა და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლადაც უნდა განადგურდეს ხეები და წლების განმავლობაში ისედაც გვერდებშემოჭრილი ვაკის პარკი შაგრენის ტყავივით დაპატარავდეს. დედაქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელები აცხადებენ, მხოლოდ რამდენიმე ხე მოიჭრა და ისიც კანონის დაცვით, ანუ ჩვენი ნებართვითო. არ ფიქრობენ, რომ მათი ნებართვა ეწინააღმდეგება იმ ხალხის ნებას, ვინც ვაკის პარკის განადგურების წინააღმდეგ იბრძვის და ვინც მერიის თანამშრომლებს ხელფასს უხდის. როგორც ჩანს, გამწვანების სამსახურში რამდენიმე მრავალწლოვანი ხის მოჭრა ტოტის მოტეხა ჰგონიათ და არ იციან, რა დრო სჭირდება ხის გაზრდას, რომ მან სანიტრის როლი შეასრულოს. 

აწ გადაყენებული მერის ნაცვალის, სევდია უგრეხელიძის აზრით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ თბილისში "საწოლების პრობლემაა" (იგულისხმა, რომ სასტუმროებში ადგილების დეფიციტია). არადა, საბურთალოზე ყოველდღიურად მიწევს გავლა ფანჯრებჩაღამებულ უზარმაზარ "ჰოლიდეი ინთან" და კანტიკუნტად განათებული ნომრების შემხედვარეს, მიკვირს, როგორ ინახავს სასტუმრო თავს?! ამასვე იფიქრებთ "რედისონის", "შერატონისა" და "მარიოტის" შემხედვარეც. და თუ თბილისში მართლაც ცოტა სასტუმროა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხი რატომ არ მოეთხოვათ ინვესტორებს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე "კემპინსკი" უნდა აეშენებინათ, კოსტავას ქუჩაზე - "ინტერკონტინენტალი", მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი - "ჰაიატი", რომლის ასაშენებლად რესტორანი "არაგვი" დაანგრიეს, უზარმაზარი კლდე მოჭრეს, ლანდშაფტი გაანადგურეს და ცირკს ლამის საძირკველი გამოაცალეს... რატომ არ შენდება ეს ობიექტები?
ამბობენ, რომ ამ ე.წ. ინვესტორების უკანაც "ნაცმოძრაობის" ლიდერები დგანან, თბილისის მერის და მისი ნათესავების სილუეტები იკვეთება ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს უკანაც. სასტუმროს უგულავას ქვისლი, ლელა კილაძის დის ქმარი გიორგი ღონიაშვილი აშენებსო, მაგრამ ისიც თქვეს, ღონიაშვილი შირმაა ყოფილი მერისო, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის დაპყრობის დაუოკებელი ჟინი აღმოაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს კომპანია "ტიფლის დეველოპმენტი" აშენებს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უგულავასა და მისი ოჯახის წევრებთან ნათესაურ კავშირს. მათ განაცხადეს, რომ ქართულ-ყაზახურ "ტიფლის დეველოპმენტთან" უგულავას ქვისლს საერთო არაფერი აქვს, თუმცა...

ქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემებით, უგულებელყოფილია კანონით გათვალისწინებული ნორმები და თბილისში 11მ2-ის ნაცვლად, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია 5,6 მ2-ია, არადა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კომუნისტური კანონმდებლობით ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია 13 მ2-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თბილისის "ფილტვების" შევიწროების საფრთხე განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2009 წლიდან, როდესაც საკრებულომ 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალა და მას სამშენებლო ზონა უწოდა. შესაბამისად, გამწვანებულ ტერიტორიებს მოეხსნა "იმუნიტეტი", რომელიც მათ მშენებლობებისგან იცავდა. არსებობს ვერსია, რომ ქალაქის მერიამ დასაბუთებისა და საჯარო განხილვის გარეშე გაყიდა დაცული ტერიტორიების ნაწილი.  
თუ საპროტესტო აქციები უშედეგოდ დამთავრდება, თანამედროვე "აღა-მაჰმად-ხანები" თბილისის გაკაფვას გააგრძელებენ და საეჭვოა, საკანონმდებლო ცვლილების გარეშე მათი შეჩერება შესაძლებელი იყოს...

საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მიიღო დადგენილება - თბილისის მთავრობას დაევალა, გადახედოს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას, მაგრამ სევდია უგრეხელიძის ქედუხრელი ტონი მოწმობს, რომ მერიას საკრებულოც ფეხებზე ჰკიდია!
ირა ჭელიძე, საპროტესტო აქციის მონაწილე: - უგულავამ თბილისი თავზე კი არა, ფეხებზე წამოიცვა! გიგის რაზმი პარკებს ჩეხავს, რომ უფრო გამდიდრდეს. მაგის პარპაში უნდა დასრულდეს! რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება მითურ ბოროტ პერსონაჟებს, მაგალითად, სარუმანს "ბეჭდების მბრძანებლიდან", რომელიც ხეებს ძირკვავდა. გიგი უგულავა, თქვენ ხართ მავნე, თბილისის მერია კი ხალხის მტერია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით