შემს ქალაქში "სტუმრად" ჩავედი, ანუ "Ты не наша!"
27-01-2014
შემს ქალაქში "სტუმრად" ჩავედი, ანუ "Ты не наша!"
დევნილის ჩანაწერები

" მეთევზეებმა მითხრეს - მთელი აკვატორია თურქებმა იყიდეს და ადგილობრივებს "მათ" ტერიტორიაზე შესვლა გვეკრძალებაო"


დევნილთა თავშესაფრებში ქართველების გვერდით აფხაზები ცხოვრობენ - დედით ქართველი აფხაზები. ისინიც თავიანთ ქვეყანაში დევნილები არიან. ჩვენი რესპონდენტი, დალილა ბ. ერთ-ერთი მათგანია: - ძმათამკვლელი ომი რომ დაიწყო, შერეულ ოჯახებს აფხაზებმაც და ქართველებმაც ეჭვის თვალით დაგვიწყეს ყურება. სოხუმიდან დედასთან ერთად წამოვედი და თბილისში, დევნილთა თავშესაფარში დავიდეთ ბინა.
გვეგონა, ჩვენს სახლებში მალე დავბრუნდებოდით, მაგრამ დრო გადიოდა და
იმედიც ქრებოდა.E მალე მარტო დავრჩი - დედა გარდამეცვალა და გადავწყვიტე მშობლიურ ქალაქში დამეკრძალა. ამდენი ხნის შემდეგ, თეთრი სუდარით გადავლახე ენგური - დედის ცხედარი გადავასვენე და აფხაზი ნათესავების დახმარებით სოხუმში მივაბარე მიწას.

ომმა აფხაზები ორად გაყო: ერთნი, ვინც იარაღს მოჰკიდა ხელი, მეორენი ქართველებთან ბრძოლას თავის გარიდება
რომ არჩია და საზღვარგარეთ გადაიხვეწა. მათ სახლებში კი ისინი დამკვიდრდნენ, ვისაც ომში "დამსახურებისთვის" ერგო აფხაზეთში ცხოვრება.

ომიდან ოცი წლის შემდეგ ისევ გავეშურე აკრძალული ქალაქისკენ, ამჯერად - სტუმრის სტატუსით. ჩასვლისთანავე აფხაზმა მასპინძლებმა მთხოვეს,  სახლის ნახვას ნუ ეცდები - შენს სახლში, ისე როგორც სხვა მიტოვებულ სახლებში, ახლა ნაომარი ხალხი ცხოვრობს და მათთან შეხვედრამ შეიძლება შენც და ჩვენც პრობლემები შეგვიქმნასო. შევპირდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი, მაგრამ ძილი გამიტყდა, სულ ახლოს, ჩემი სახლი მეგულებოდა, მე კი მისკენ არც ვიხედებოდი.

სოხუმში ომის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა - მინისტრთა საბჭოს დამწვარი შენობაც ისევ ისე ხელშეუხებლად დგას. აღდგენილი სასტუმრო "რიწა" რატომღაც უსახლკაროთა თავშესაფრად ქცეულა, სასტუმრო "აფხაზეთი" კი კვლავ ბადეშემოხვეული დაჰყურებს ქალაქს. სამაგიეროდ, გავლენიანი კერძო მესაკუთრენი იშენებენ სასტუმროებს, რესტორნებს! ყველაზე უცვლელი, ყველაზე ლამაზი ზღვაა, ჩვენი დაკარგული სამოთხის გვირგვინი!..
სოხუმში თევზი ენატრებათ. მეთევზეებმა მითხრეს - მთელი აკვატორია თურქებმა იყიდეს და ადგილობრივებს "მათ" ტერიტორიაზე შესვლა გვეკრძალებაო.
ჩემი ნათესავები აფხაზურად აღარ ლაპარაკობენ. პატარებს მშობლიური ენა არც აინტერესებთ. ახლა მათთვის მშობლიური რუსული ენაა.

მასპინძლების თხოვნის მიუხედავად, სახლის ნახვის სურვილს ვერ მოვერიე და ნაცნობ ქუჩას ქურდული ნაბიჯით დავუყევი. საშინელი სანახავია გამოკეტილი სახლები, დაჟანგული, გახუნებული ღობეები, სახლების უმეტესობა  გადამწვარია. მხოლოდ თითო-ოროლას ატყვია პატრონის ხელი.
...და აი, ისიც, ჩემი სახლი. ჩემი ლამაზი ეზო, მამაჩემის დარგული ადესა. მამა სახლს რომ აშენებდა, მეც ვეხმარებოდი, ხარაჩოზე მდგარს აგურებს ვაწვდიდი. ჩემი სახლიდან ხელისგულივით მოჩანდა ჰორიზონტი. აქედან ვუმზერდი მზის ჩასვლას - ჩემთვის მთელი სამყარო იშლებოდა.

ახლოს მისვლას როგორ გავბედავდი, მეზობლის დამწვარი სახლიდან ვუმზერდი რთველს საკუთარ ეზოში... და ვტიროდი!...
...ენგურის ხიდზე აფხაზ მებაჟეს საბუთები გავუწოდე. მან გულგრილად ჩახედა ქართულ პირადობის მოწმობას. საოცარი ზიზღით ამომხედა და აფხაზური გვარი რატომღაც ხმამაღლა წაიკითხა, მერე მოწმობა ცივად დამიბრუნა და შემომიღრინა: - Ты не наша! არც მწყენია.
- მე მართლაც არ ვარ მათიანი, მე იმ აფხაზთა მოდგმას ვეკუთვნი, ვისაც ქართული სხეულის გამთლიანება, ქართველებისა და აფხაზების ერთ სახლში ცხოვრება სურს.
zviadi
31 იანვარი 2014 22:20
ეე.. თუ ღმერთი გწამთ, აფხაზი მხოლოდ ასეთ ადამიანებს დაუძახეთ და არა ყველას, ვისაც კიცხავთ დაუნახავებს იმათ არა..

ჰმ, ერთი რა დომხალია რა ხდება მანდა რა? თურქებმა როგორ ჩაიგდეს ხელში მთელი აკვატორია როცა რუსებს უნდათ სულ თავიანთთვის? ეს ხომ აქსიომაა, რუსმა თურქს რა ჭკუით უნდა მიყიდოს აფხაზეთის სანაპირო? ასეთი რა დაერხათ?

ამას დაუკვირდით რა, წინასწარ ხომ არ იციან რამე რუსებმა, ხელი რო აქვთ ჩაქნეული?

ისე მაგ თურქებმა რაც იყიდეს ეგეც უკანონოა და მოკლედ გასაყრელები არიან.

"რუსის" ფიქრები: გავალთ კავკასიიდან, საქართველოს დავატაკებთ თურქებს, მერე ისევ ჩვენ მოგვთხოვენ შველას, წამოვაძახებთ რომ "გონება გაეხსნათ", დავაყვედრებთ როგორც უმადურებს, დავბრუნდებით "დიდებით", თურქეთსაც ზედ მივაყოლებთ და ერთხელ და საბოლოოდ გავარუსებთ მანდაურობას. "ვოტ ტაკ".
sube74
31 იანვარი 2014 17:49
ბევრი ხვდება უკვე , რა ცუდადაც აქვთ საქმე, მარა უკვე გვიანია?! თუ ასე გაგრძელდა რათქმაუნდა მარტო სახელი დარჩება..
აბხაზი....
nka
29 იანვარი 2014 19:20
გადაშენების პირას არიან ეს სულელები და ვერ ხვდებიან კი არა ხვდებიან მარა სადაა, მიდი და ებრძოლე ეხლა დათვს:D 150 წლის მერე სანთლით საძებნი გახდებიან ამ ხალხის წარმომადგენლები. რუსეთი ნელნელა გენოციდს უწყობს ამ ხალხს .იმიტო რო აფხაზეთი რუსებისთვის უნდათ და არა აფხაზებისთვის და კიდე ქართველებისთვის.

რედაქტორის რჩევით