მხოლოდ მაშინ... როცა უყვარდა - კვირის პალიტრა

მხოლოდ მაშინ... როცა უყვარდა

2014 წელი ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო წელია, ის 110 წლისა ხდება

მელიტონ ბალანჩივაძისა და მარია ვასილევას ოჯახში 1904 წელს დაიბადა ვაჟი - გიორგი. პეტერბურგში, სადაც იმხანად ოჯახი ცხოვრობდა, მელიტონ ბალანჩივაძეს "ქართველ გლინკას" ეძახდნენ. ცხადია, იმიტომ, რომ ქართველი იყო როგორც მენტალობით, ისე შემოქმედებით... თუმცა წლების შემდეგ, როცა მისმა უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ, მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ჯორჯ ბალანჩინად იქცა, მის ბიოგრაფიებში გაჩნდა ჩანაწერი: "წარმოშობით პეტერბურგელი". ცხადია, ეს "არახალი" გახლდათ საქართველოსთვის, არაერთი წარმატებული ქართველი ჩაუწერიათ რუსად, ან მოსკოველად, პეტერბურგელადაც კი - ოღონდ მისი ეროვნება არ დაესახელებინათ. ეს ერთგვარი პოლიტიკა იყო.

თავად ჯორჯ ბალანჩინმა იცოდა, ვინც იყო, მისმა უახლოესმა ადამიანებმაც კარგად იცოდნენ, რომ ქორეოგრაფი, რომელმაც მსოფლიო ფურორი მოახდინა, ქართველი გახლდათ. ლინკოლნ კერსტაინი (ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბალეტო დასის ორგანიზატორი) წერდა: "გსმენიათ რამე ბალანჩინზე? თუ არა, მოგახსენებთ: საუბარია ქართველ გიორგი ბალანჩივაძეზე. ის გახლდათ საოცრად მომხიბვლელი, შავგვრემანი ახალგაზრდა, ყველაზე დახვეწილი ბალეტმაისტერი, რომელიც სიცოცხლეში შემხვედრია... მას შეეძლო შენ თვალწინ სასწაულის მოხდენა".

არც მღვდელი, არც ფლოტის ოფიცერი

პატარა გიორგი ბალანჩივაძეს ერთი ოცნება ჰქონდა - მღვდლობა უნდოდა. საოცრად მუსიკალურ ბიჭს ძალიან მოსწონდა გალობა, რომელსაც ეკლესიაში ისმენდა... მამამისს კი უნდოდა, უფროსი ვაჟი ფლოტის ოფიცერი გამხდარიყო.

სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა: 9 წლის გიორგი მშობლებმა მარიას თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში მიიყვანეს.

შორეულ მოგონებებში დარჩა მღვდლობასა და ფლოტის ოფიცრობაზე ფიქრი, ახლა სულ სხვა იყო მისი მთავარი საზრუნავი - ცეკვა! 18 წლისამ ცეკვების დადგმა დაიწყო.

1923 წელს პირველად გამოჩნდა პეტერბურგში, როგორც ბალეტმაისტერი. ერთი წლის შემდეგ, თავის დასთან ერთად, გერმანიაში გაემგზავრა. დასიდან ოთხი წევრი - თამარა ჯივა, ალექსანდრა დანილოვა, ნიკოლას ეფიმოვი და გიორგი ბალანჩივაძე საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა.

ლონდონში მათ სერგეი დიაგილევმა (ცნობილია, როგორც რუს ვარსკვლავთა შემქმნელი) შესთავაზა ახალი სპექტაკლების დადგმა... სწორედ დიაგილევმა მოუფიქრა ბალანჩივაძეს ფსევდონიმი - ბალანჩინი.

ქართველი ხელოვანი გიორგი ბალანჩივაძე ჯორჯ ბალანჩინად იქცა.

პარალელურად იყო სასიყვარულო თავგადასავლებიც... თამარა ჯივა გახლდათ ბალანჩინის პირველი ცოლი, მეორე - ალექსანდრა დანილოვა.

ცოლები მერეც ბევრი ჰყავდა... მაგრამ მთავარი პირადი ცხოვრება არ ყოფილა - ხელოვნება იყო, რადგან ბალანჩინი მხოლოდ მაშინ ქმნიდა, როცა უყვარდა, ამიტომ ჰაერივით სჭირდებოდა მუზა... ასე იბადებოდა ყველა შედევრი...

ანტი

ამ პატარა სიტყვაში, "ანტი", ოდესღაც სასიკვდილო განაჩენი იკითხებოდა. არადა, ბალანჩინი ანტი იყო - ანტისაბჭოთა ელემენტი. ამიტომაც მისი ოჯახი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა, მით უმეტეს, ცუდად იყო საქმე, როცა ჯორჯ ბალანჩინს რადიო "თავისუფლებაში" იწვევდნენ.

გიორგი ბალანჩივაძე საგასტროლოდ იყო ევროპაში, როდესაც მოსკოვიდან უდეპეშეს - სასწრაფოდ დაბრუნდით, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დგასო. ცხადი იყო, თუ დაბრუნდებოდა, უსათუოდ დააპატიმრებდნენ, შეიძლება, დაეხვრიტათ კიდეც.

"ბიძაჩემი სხვანაირად ნაჭედი კაცი იყო,  სრულიად განსხვავებული ბალეტი შექმნა და მთელ მსოფლიოს გააცნო თავისი ნიჭი, - იხსენებდა დიდი მაესტროს ძმისწული ჯარჯი ბალანჩივაძე, - ჩვენს ოჯახს კი განსაკუთრებულ სირთულეს უქმნიდა ის, რომ ჯორჯ ბალანჩინი ხშირად გამოდიოდა "ამერიკის ხმის" რადიოეთერში და საბჭოთა სისტემას აკრიტიკებდა. მეორე მხრივ, მამა (კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე) კმაყოფილი იყო, რომ ძმის გამო კომუნისტურ პარტიაში არ მიიღეს. პარადოქსულია, მაგრამ ანდრია ბალანჩივაძის მნიშვნელობა ქართული კულტურისათვის იოსებ სტალინმაც კი დაინახა. პირველი ქართული ბალეტისა და პირველი ქართული სიმფონიის ავტორს, ანდრია ბალანჩივაძეს, მან სტალინური პრემია გადასცა".

სუზან ფარელი - უკანასკნელი სიყვარული

სუზან ფარელი (რობერტა სუ ფიკერი)  ბალანჩინის დიდი სიყვარული იყო, ამერიკის ბალეტის ისტორიაში ის შევიდა, როგორც ბალანჩინის უკანასკნელი მუზა. სუზანი 15 წლის იყო, როცა ბალანჩინის დასის ბალერინამ დიანა ადამსმა ნახა და ბალანჩინის სტუდიაში მიიყვანა. მიიღეს და სტიპენდიაც დაუნიშნეს. 16 წლის სუზან ფარელი ბალანჩინმა შეამჩნია, თავის დასში გადაიყვანა და ისიც 42 წლის ქორეოგრაფის მუზა გახდა. ამბობდა, ფარელი ჩემთვის იგივეა, რაც დიდი მუსიკოსისათვის სტრადივარიუსის ვიოლინოო.

პირველად მისთვის ბალეტი "დონ კიხოტი" დადგა. ბალანჩინი დონ კიხოტს ცეკვავდა, ფარელი - დულსინეას.

7 წელი ყველაფერს ფარელის უკავშირებდა.

ყოველ საღამოს ვახშმობდა სუზანთან. ყოველ დილით ფარელი მიდიოდა მასთან და სვამდა ყავას.

როცა სუზანი სცენაზე გამოდიოდა, ბალანჩინი ან კულისებში იყო, ან პირველ რიგში იჯდა სუზანის დედის გვერდით.

ახალი სეზონის გახსნამდე მაესტრო ეკითხებოდა თავის მუზას:

- ამ სეზონზე რისი ცეკვა გსურს?

- რაშიც ჩემი ნახვა გინდა, - პასუხობდა სუზანი. ბალანჩინს ძალიან სიამოვნებდა მისი პასუხი.

ამიტომაც დაუდგა 59 ბალეტი.

არ მალავდა, მეტიც, თავის დიდ გატაცებას ასე ხსნიდა: მის თვალებში სული ჩანსო!

უსაზღვროდ უყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ამდენი ქალი იყო, ფარელი მისთვის შეუცვლელი იყო! 1969 წელს გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა, ამის გამო ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ამასობაში ფარელის ახალგაზრდა მოცეკვავე პოლ მიხაია შეუყვარდა, თანაც ისე, რომ ვერაფერმა შეაჩერა, თვით დასიდან გაგდების მუქარამაც კი. სუზანმა და პოლმა საიდუმლოდ დაიწერეს ჯვარი. ცერემონიალს ესწრებოდა ბალანჩინის ერთ-ერთი ყოფილი ცოლი.

ბალანჩინმა ვერ გადაიტანა ფარელის გათხოვება. პოლი მოხსნა როლიდან ცნობილ სპექტაკლში "სიმფონია". ფარელმა ულტიმატუმი წაუყენა, - თუ პოლი არ იცეკვებს, მეც წავალო. ეგონა, ბალანჩინი დათმობდა, მაგრამ მაესტრო დათმობას არ აპირებდა. ერთ დღეს სპექტაკლზე მისულ სუზანს, რომელმაც ფორმა ჩაიცვა და გრიმი გაიკეთა, მოახსენეს, - სცენაზე ვერ გახვალთ, მოხსნილი ხართო...

23 წლის სუზანი ბალანჩინის დასის გარეთ დარჩა.

მერე იყო ევროპა... ბერჟართან შესრულებული როლები. თუმცა ბალანჩინი მისთვისაც შეუცვლელი დარჩა, ამიტომაც წლების მერე ისევ მისკენ გაუწია გულმა...

1975 წელს ევროპიდან ამერიკაში დაბრუნდა. რაც უნდა საკვირველი იყოს, ბალანჩინი შეურიგდა  და თეატრშიც მიიღო... მაგრამ მხოლოდ სუზანი. პოლ მიხაია არ გაიკარა.

დაბრუნება

მოსკოვში საგასტროლოდ ჩასულ ჯორჯ ბალანჩინსა და მის დასს აეროპორტში ძმა და ძმისწული დახვდნენ. 40 წელი იყო, ძმებს ერთმანეთი არ ენახათ. ჯერ მოცეკ-ვავეები ჩამოვიდნენ ტრაპიდან და ნახევარწრედ დადგნენ, ჯორჯ ბალანჩინმა მიწას ფეხი რომ დაადგა, ყველამ ტაში დაუკრა. ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

იმ დღეს ჯორჯ ბალანჩინი ოჯახმა სასტუმრომდე მიაცილა. იქ სტრავინსკის პირველი შემსრულებელი, პიანისტი მარინა იუდინა დახვდათ. დაიწყო საუბარი სტრავინსკიზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე...

სულისშემძვრელი იყო, როცა  ჯორჯ ბალანჩინმა ძმასთან ერთად დედის საფლავი მოინახულა. იდგა მდუმარედ. ალბათ დედას უსიტყვოდ უამბობდა თავს გადახდენილს...

ერთი დიდი ამბავი იყო ბალანჩინის თბილისში ჩამოსვლა. ანდრია ბალანჩივაძის მეზობლებმა სადარბაზო ყვავილებით მორთეს, გამოაცხვეს ტორტი, ვაშლის ღვეზელი. ჯორჯ ბალანჩინი სახლამდე ტაშით მიაცილეს. თურმე სიხარულით ტიროდა...

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მისი დადგმები, შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ სად, როდის, რა და როგორ შეასრულა, თუ თქვა... მაგრამ ვერასოდეს გავიგებთ ზუსტად, რას იტევდა მისი ცრემლი - ყველაზე გულწრფელი და მოულოდნელი...