"ჩემისთანა თუ არ წავიდა, ბაღნები რათ გინდათ ომში"
27-01-2014
"ჩემისთანა თუ არ წავიდა, ბაღნები რათ გინდათ ომში"
ჩემი უცნობი ტაქსის მძღოლი

"ომი რომ იყოს, ისევ მივალ კომისარიატში და ვიზამ პირს იქითკენ"

ზურაბ ურუშაძე: "ამ ხნისა რომ ვმუშაობ, ძალიანაც კაია, მაგის მეტი სხვა სადარდელი არ მომცა ღმერთმა, მარა  მაძლევს და მეც ვუძლებ!"


ოზურგეთი პატარა ქალაქია, სადაც უნდა იყო, 15-20 წუთში ფეხით შინ ხარ. ქალაქის ცენტრში რამდენიმე ტაქსი დგას. მძღოლები  ერთმანეთს და კლიენტს "ბდღვნიან", - არა, ჩემთან ჩაჯექი, არა ჩემთანო! გული რატომღაც ძველი მანქანისკენ მიმიწევს.

- შეიძლება? - ვეკითხები
ხალისიანად და ჩანთას უკანა სავარძელზე ვდებ, - ნინოშვილის ქუჩაზე წამიყვანთ?
- აგერ, სერზე რომაა? კი მარა, მაგი ყურის ძირასაა და მაქანა მისვლიზა რა უნდა გამოგართვა?! - მძღოლი ახლაღა ტრიალდება უკან.
- რას ჰქვია, რა უნდა გამომართვათ, რომ არ გიჭირდეთ, ამ ხნის კაცი ტაქსაობას ხომ არ
დაიწყებდით!
- ამ ხნისა რომ ვმუშაობ, მაგი გაჭირვება კი არა, ძალიანაც კაია, მაგის მეტი სხვა სადარდელი არ მომცა ღმერთმა, მარა  მაძლევს და მეც ვუძლებ!
- მაინც რა გაგჭირვებიათ, ბიძია? - ვეკითხები და ამასობაში ქალაქის პარკთანაც გავდივართ, - იქ საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავია (2004 წლის აგვისტოში, როცა ცხინვალის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სანგარში ყუმბარა ჩავარდა. კაპრალი ზაზა დამენია ყუმბარას გადაეფარა და მასთან ერთად აფეთქდა. ამით სამი კაცი გადაარჩინა). ჩემი ტაქსის მძღოლიც იმ საფლავისკენ იხედება და ხმა უმძიმდება:

- ე, უყურებ, ბიძია, მაგი კაცი რისთვინაც მოკვდა? უპირველეს, ღმერთი მეც იმ სადარდელს მაძლევს, - გლახა დღეშია ჩვენი ქვეყანა. კაცი 76 წელს გავცდი და იგი ვერ ამომიღია თვალებიდან, 2008 წლის აგვისტოში გორიდან ხაშურამდე ფეხით რომ წამოვედი გულგასივებული და გზაზე გამარჯვებულ რუსებს ვუყურე. ისე გვიყურებდნენ, რაფერც ნივთებს, სამხედრო ფორმა ვისაც არ გვეცვა, ხელით გვიშორებდნენ, - გეიარეთ, გეიარეთო, სამხედრო ფორმა რომ გვცმოდა, უეჭველი დაგვხოცავდნენ.
მაშინ ვინატრე, - ნეტა ფორმა არ გამეხადა, მომკლავდნენ და გამათავებდნენ, სამაგიეროდ ამათ დაცინვას  ხომ არ ვნახავდი-მეთქი..

- 2008 წელს  თქვენც იბრძოდით?
- ოზურგეთის საკრებულოში რომ დამიბარეს, - გამოცდილება გაქვს და თუ წახვალო, მაშინვე მივუგე, - რას ჰქვია, ჩემისთანა თუ არ წევიდა, ბაღნები რათ გინდათ ომში, მაგენმა ომი რა იციან-მეთქი. ჩემი ხნის არა, მარა არც ჩემზე ძალიან უმცროსები, კიდევ რამდენიმე კაცი წაგვიყვანენ ოზურგეთიდან. გორში ბაზარი რომაა, იმის უკან შენობაში დავბანაკდით. ისე აგვიხდა  ყველაფერი კაი, რაც იქ ჩემი ნათქვამი ახდა, იმ ღამეს იმ შენობაში 17 წლის ბაღნებიც შემოგვიყვანეს,  საჰაერო ავიაციამ ბომბები რომ ჩამოგვიყარა, იმ გაუწვრთნელმა ბაღნებმა აქეთ-იქით სირბილი დეიწყეს და ძლივს დავაბით, - იმფერ დროს უნდოდათ გაქცევა, დეიხოცებოდნენ უეჭველად. ასე რაფერ შეიძლება! ბაღანა კი არა, რუსები ტანკებით რომ შემოვიდნენ გორში, გადასაღებად წინ უცხოელი კორესპონდენტი გადაუდგა  და ჩემი თვალით ვუყურებდი, რომ ესროლეს. შავი ბოლი რომ ავარდა მიწაზე დაცემული კაცისგან, მეც კინაღამ გავთავდი.  

სოხუმშიც ბაღნები ჰყავდათ წამოყვანილი.

- ახლა არ მითხრათ, სოხუმშიც ვიყავიო!
-  ორჯერ ვიყავი სოხუმში. პირველად ჰაუბიცები წავიღე მანქანით, მაშინ ჩემი ვაჟი მახლდა. კარვებში ვიყავით. შვილიშვილისხელა ბიჭების გაღვიძება გვენანებოდა და ჩვენ მივდიოდით დასაზვერად. რა ვიცი, გადავრჩი. გამოცდილებამ გადამარჩინა ალბათ, თუ არა, სადაც ის ოქროსავით ბიჭები ჩაწყდნენ, მეც იქ ჩავკვდებოდი! სოხუმი რომ წაგვართვეს, ცოცხლებში აღარ ვეწერე, ვიწექი, ვუყურებდი ჭერს და ვფიქრობდი, - ასე რაფერ გაგვიმეტა განგებამ, აწი რაფერ უნდა ვიარსებოთ-მეთქი.
ღმერთმა ნუ ქნას და ომი რომ იყოს, ისევ მივალ კომისარიატში და ვიზამ პირს იქითკენ. აგია სამშობლო, მაგიზა მე სიცოცხლე არც დამნანებია და არც დამენანება! - მითხრა ჩემმა ტაქსის მძღოლმა და კარი გამიღო, - ჩაბრძანდიო. დაბნეულმა მივიხედ-მოვიხედე, - თურმე სახლთან კარგა ხნის მისული ვყოფილვარ და ვერ მივმხვდარვარ.

- ვის ელაპარაკებოდი, ვინ იყო ის კაცი? - მკითხა დედაჩემმა, როცა შინ შევაბიჯე.
- რა ვიცი, კაცი იყო, - ვუპასუხე და გავჩუმდი.

მართლაც კაცი იყო!
Ba
02 თებერვალი 2014 12:00
სასაცილოა
marika
01 თებერვალი 2014 23:49
ბებერი ხარის რქა ხნავსო
გგ
01 თებერვალი 2014 21:17
კი მაგრამ 70 წელს გადაცილებული კაცი რანაირად წაიყვანეს ომში ვერ გავიგე, ასეთი რა გამოცდილება ქონდა.

რედაქტორის რჩევით