შაბანი მხოლოდ მზეს ხედავს - კვირის პალიტრა

შაბანი მხოლოდ მზეს ხედავს

19 იანვარი, წყნეთი. მეგობრის ეზოში მოთამაშე ბავშვები. 12 წლის ლიკა, თეკლა და ანი, დიდი ადამიანებივით მსჯელობენ თემაზე: "რა არის ბედნიერება".

- რა არის ბედნიერება? - ეკითხება ლიკა თანატოლებს. პასუხობს ანი: - ამ კითხვაზე ბევრი პასუხის გაცემა შეიძლება. მაგალითად, ბედნიერებაა, როცა ყველა საყვარელი ადამიანი შენ გვერდით არის და ჯანმრთელია. ყოველი დღის გათენებაც ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როცა მზეს ხედავ, ნაცნობებს, უცნობებს... საუბარში თეკლა ერთვება: - რა მნიშვნელობა აქვს, რას ან ვის ხედავ, ბედნიერებაა, რომ უბრალოდ, ხედავ...

თეკლა უსინათლო გოგონაა. მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე, მაგრამ ოჯახის წევრებისგან უარი მივიღე...

20 იანვარი. თბილისი, 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლა-პანსიონი. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ამ დერეფნებში დასვენებაზე მოთამაშე მოსწავლეებს იშვიათად ნახავთ. გაკვეთილიდან გაკვეთილამდე რამდენიმეწუთიანი დასვენების დრო ერთმანეთთან საუბარში გაჰყავთ.

სკოლაში, რომელიც 1900 წელს გაიხსნა, დღეს 50-მდე მოსწავლე სწავლობს. მეექვსეკლასელი შაბანიც ერთ-ერთი მათგანია. 12 წლის მოზარდმა მხედველობა 7 თვის ასაკში, ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად დაკარგა.

შაბან მამედოვი: -„ეროვნებით აზერბაიჯანელი ვარ. სოფელ ჯანდარაში დავიბადე. შვიდი თვის ვიყავი, როდესაც სისხლში სეფსისის ვირუსი აღმომიჩინეს. ექიმების არასწორი მკურნალობის გამო მხედველობა დავკარგე, თვალის ნერვი ატროფირებული მაქვს. შარშან ირანში მითხრეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდები, მანამდე ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებაო. მეუბნებიან, რომ ოპერაციის შემდეგ მხედველობა დამიბრუნდება.

ამბობს, რომ 202-ე უსანთლოთა სკოლა ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს.

- პირველ კლასში მშობლებმა ჯანდარის საჯარო სკოლაში შემიყვანეს. იქ არ მომეწონა...

ერთხელ ჩემი კლასელების საუბარს მოვკარი ყური. შაბანს ჩვენს სკოლაში რა უნდა, ეს უსინათლოების სკოლა ხომ არ არისო... არაფერი მითქვამს. ერთხელ კი ერთმა ბავშვმა, რომელსაც მეგობრად ვთვლიდი, მითხრა, შენ ბრმა ხარო... არც მისთვის მითქვამს რამე, მაგრამ აღარ ვმეგობრობ.

მერე დირექტორმა მამაჩემს უთხრა, რომ არსებობს თბილისში სკოლა, რომელიც სპეციალურად უსინათლოებისთვის არის და თუ გინდათ, იქ მიიყვანეთ ბავშვიო. მომიყვანეს ამ სკოლაში, სადაც ძალიან კარგი გარემო დამხვდა. პირველად აქ გავიგე, რომ არსებობდა ბრაილის შრიფტი, რომლის საშუალებითაც დამოუკიდებლად შევძლებდი წერა-კითხვას. ჩემი პირველი მასწავლებელი ლალი ხატიაშვილი იყო, რომელიც ძალიან საყვარელი და თბილი ქალია. ამ სკოლაში რომ მოვედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულად ასე გამართულად ვსაუბრობ.

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სკოლის პანსიონატში ვცხოვრობ. დილის რვის ნახევარზე ვდგები. დამოუკიდებლად ვალაგებ საწოლს, მერე ჩავდივარ სასაუზმოდ და გაკვეთილები მეწყება. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს ეს სკოლა, ზეპირად ვიცი, რომელ სართულზე რომელი ოთახია. დამოუკიდებლად დავდივარ სართულიდან სართულზე და უცნობი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ უსინათლო ვარ, ვერც მიხვდება. თუ შაბათ-კვირას პანსიონატში ვრჩები, კომპიუტერით ვერთობი, ან წიგნს ვკითხულობ. როცა რაიონში მივდივარ, ჩვეულებრივ ჩავდივარ ხოლმე ეზოში და ბავშვებთან ვთამაშობ.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის მსგავსად, შაბანი მხოლოდ მზეს ხედავს, ოღონდ ბუნდოვნად. როგორც ამბობს, მისი სამყარო მხოლოდ სიზმრებში ფერადდება.

- ოთხ წლამდე ფერებს ვხედავდი.

- რა ფერებს?

- წითელსა და შავს.

- ახლა?

- ახლა შუქსა და მზეს, ოღონდ ბუნდოვნად... ერთხელ დამესიზმრა, რომ ვხედავდი... მეკითხებიან ხოლმე, როგორი წარმოგიდგენია შენი თავი ან მშობლები, რომლებიც არასდროს გინახავსო? ისეთები არიან, როგორიც მე წარმომიდგენია... მშობლებს არასდროს უგრძნობინებიათ ჩემთვის, რომ განსხვავებული ბავშვი ვარ.

10 წლისამ გავაცნობიერე, რომ თანატოლებისგან განვსხვავდებოდი. არასდროს გამჩენია პროტესტის გრძნობა, რომ ვერ ვხედავ. ეს ღმერთის ნება იყო... ჩემს მშობლებს რომ სახლში გამოვეკეტე, ალბათ, სულ სხვანაირი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ.

სხვა უსინათლო ბავშვების მშობლებს მინდა ვუთხრა, არ გამოკეტონ ბავშვები შინ, არ შერცხვეთ იმის, რაც ღმერთმა მისცათ. ღმერთის ნებაა, უსინათლო იქნება ადამიანი თუ მუნჯი...

შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, შაბანი ამის კარგი მაგალითია. ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია.

- ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვერ ვხედავ, მუსიკის მოსმენა განსაკუთრებულად მიყვარდა. ხუთი წლის ვიყავი, რომ მამამ ელემენტიანი სინთეზატორი მიყიდა. დავიწყე მასზე დაკვრა. ვაწყობდი სიმღერებს და ძალიან მომწონდა. რომ შემატყვეს, მუსიკა ძალიან მიყვარდა, ნამდვილი სინთეზატორი მიყიდეს. ამის შემდეგ მიმიყვანეს მასწავლებელთან, ბატონ ამირან ნასყიდაშვილთან, სადაც დავიწყე სიმღერების შესწავლა. პირველი სიმღერა, რაც ბატონმა ამირანმა მასწავლა, "ყვავილების ქვეყანა"“ იყო. პირველი კონცერტი 2011 წელს მარნეულში მქონდა, სადაც „"ყვავილების ქვეყანა"“ დავუკარი და ვიმღერე. მალე ანსამბლ "მარნელის" ბენდის წევრიც გავხდი - სინთეზატორზე ვუკრავ. პარალელურად შევედი ქართულ ხალხურ ანსამბლ "იბერიაში", რომლის სოლისტი ვარ. ამ ანსამბლთან ერთად ბევრ კონცერტზე გამოვედი.

- ვინ გინდა გამოხვიდე?

- მომღერალი უნდა გამოვიდე. ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა პროფესიონალივით კომპიუტერის შესწავლას, მაგრამ მეორე პროფესიად პროგრამისტობა მინდა. ამ ეტაპზე ხმოვანი სისტემის დახმარებით კარგად ვფლობ კომპიუტერს, ვნახოთ, მომავალში როგორ იქნება.

- რაზე ოცნებობ?

- ანრი ჯოხაძესთან ჯანსუღ კახიძის სიმღერას "წარსულმა სულ თან წაიღო" დუეტად ვწერ და ვოცნებობ, რომ კარგი გამოვიდეს. ნინი ბადურაშვილთან დუეტი სიმღერაზე "მომენდე" უკვე ჩავწერე. ანრი ბათუმში გავიცანი, კონკურსის ჟიურის წევრი იყო. მაშინ მითხრა, დუეტი ჩავწეროთო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ახლა აკეთებს არანჟირებას და, ალბათ, სამ თვეში ჩავწერთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი