ღმერთს ებარებოდეთ! - კვირის პალიტრა

ღმერთს ებარებოდეთ!

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე. ვინ ვიქნებოდით ჩვენ და, საერთოდ, ვიქნებოდით თუ არა, კვართი უფლისა რომ არ ჩამოებრძანებინათ საქართველოში?! ჩვენს ქვეყანაში გაბრწყინდა ჭეშმარიტი სარწმუნოება და გამოჩნდა, რომ საქართველო ღვთისაგან განსაკუთრებული მადლითაა დაჯილდოებული.

საკვირველ არიან საქმენი უფლისანი.

რამ გადაარჩინა საქართველო - სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა თავის რწმენას, რომელიც არ იყო რომელიმე სექტის მიერ შერყვნილი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება - უფლის მიერ დაარსებული წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. ამას ვიცავდით და ვიცავთ.

KvirisPalitra.Ge***

ძალიან რთული დროა. ე.წ. გლობალიზაცია - ეს არის კულტურათა დაახლოება, ცივილიზაციათა დიალოგი და დაახლოება. მაგრამ ამ დაახლოების დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეროვნული საუნჯე. ჩვენი უდიდესი და უპირველესი საუნჯე - ეს არის ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, ეს არის ჩვენი ქართული ენა, ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი მუსიკა, ეს არის ჩვენი საგალობლები, ეს არის ჩვენი ხატწერა, ეს არის ჩვენი მინანქარი, ეს არის ყველაფერი ის, რაც შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. ასევე, არ უნდა დავკარგოთ ჩვენი სულიერი საუნჯე - ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი თანაგრძნობის ნიჭი. ქართველი კაცი მუდამ თანაუგრძნობს გაჭირვებულს. ეს საუნჯენი უნდა შევინარჩუნოთ და ეს გადაარჩენს საქართველოს!

***

ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც.

გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.

ადამიანი - ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და, რაც უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი, ან რა სულიერ მწვერვალამდე ამაღლდება. ყველას თავისი გზა და ბედი აქვს.

კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიიდრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა!

დღეს კაცობრიობამ მეცნიერებაში, ტექნიკაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ,  მაგრამ, ამავე დროს, ადამიანმა ზნეობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა უკან.

KvirisPalitra.Ge***

"დადგა დრო, როცა ომებს აღარ შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელნიც ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებობს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მსოფლიოში წარმოქმნილ კონფლიქტებს და მათ შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირებს, შეიძლება დავინახოთ, თუ რა ნათლად გამოხატავენ ისინი იმ ადამიანთა ხასიათის თვისებებს, რომელთა წიაღშიც ან რომელთა ნებითაც აღმოცენდება ეს ომები; ეს ვლინდება ნებისმიერი მასშტაბების მოვლენებში - პირადი იქნება ეს თუ ოჯახური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო. ადამიანი თავისი თავისუფალი ნებისყოფით ირჩევს ორიდან ერთს - სიკეთეს ან ბოროტებას... ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე".

***

ერთი კაცი ხშირად რჩებოდა ტაძარში და უყურებდა მაცხოვრის ხატს. ერთხელ მღვდელი მივიდა მასთან და ჰკითხა: - თქვენ ლოცულობთო? არა, - მიუგო კაცმა. მაშ, მხატვრობას სწავლობთ? კაცმა კიდევ უარი უთხრა. აბა, რატომ რჩებით და უყურებთ ამ ხატს? მე ვუყურებ მას, ის მიყურებს მე და ჩვენ, ორივენი, ერთად კარგად ვართო. აი, ასეთი სულიერი კავშირი უნდა იყოს ხატსა და ჩვენ შორის. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ხატი, ნებისმიერი და, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ნალოცი ხატი - ეს არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ პირველსახეს ვხედავთ. ის ადამიანიც მხოლოდ ხატის გარეგნულ სახეს კი არ უცქერდა, არამედ მისი საშუალებით უფალს უყურებდა და ზეცას ხედავდა.

***

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა - არ არის არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ბრალი - ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.

მაგრამ იმედი მაქვს, ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენი მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს შერიგება რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები, აფხაზებთან ერთად, ერთ ძეგლს ააგებენ ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

როცა აფხაზეთში ვიყავი, იქ, ახალ ათონში, ცხოვრობდა ერთი ბერი. მისმა მორჩილმა მიამბო, რომ ერთხელ ბერს განუზრახავს საქართველოდან რუსეთში წასვლა. სწორედ ამ დროს სიზმარში ახალ ათონზე ე.წ. ივერიის მთა კანდელებით გაბრწყინებული უნახავს და თურმე მოესმა ხმა: მთელი საქართველო ასეა გაბრწყინებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს მას და შენ სად უნდა წახვიდეო?

მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ მართლა გაბრწყინდეს საქართველო და, უპირველეს ყოვლისა, გაბრწყინდეს ჩვენი ცოდვით დამძიმებული გულები.

***

მე გამომივლია ისეთი პერიოდი, როცა ჩვენი ეკლესიები ცარიელი იყო; უფრო მეტიც, მინახავს ისეთი დრო, როცა ქართველი კაცი თავისი ხელით ანგრევდა ქართულ მონასტრებსა და ტაძრებს. ღმერთმა გვაპატიოს და შეგვინდოს ეს დანაშაული. ნუ იფიქრებთ, რომ ის მხოლოდ ჩამდენთა დანაშაულია. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მათი დანაშაულია, მათი ცოდვაა, მაგრამ ეს ცოდვა აწევს მთელ ერს და ჩვენ უნდა მოვინანიოთ, შენდობა ვთხოვოთ უფალს ამ ბოროტებისთვის.

დადგა დრო შენებისა. ვმადლობთ უფალს, რომ მოვესწარით ამ ჟამს შენებისასა.

მოხევური დალოცვა

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,

ნაწილმა ბარძიმისამან,

ქალაქჩი - სიონისამა

დარეკამ ზარებისამან,

მცხეთაჩი - სვეტიცხოველმა,

გადმომცქერელმა მტკვრისამან,

ლომისამ თორმეწამემა,

პატრონმა არაგვისამან,

მა კობის წმინდა გივარგიმ,

პატრონმა დიდის მთისამან,

მა ბერმა წმინდა სამებამ,

პატრონმა ხმელეთისამან,

ივანე ნათლისმცემელმან,

პატრონმა ბალღებისამან,

მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,

პატრონმა მგზავრებისამან.

შენი სიცოცხლე ერს უხარია უწმიდესს

მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა,

შეჭიდებული უხილავ მტერთან,

სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა

ცად მიმართ უძღვი ცხოვართა შენთა.

აყვავებული სანთლები ხატთან

სიკეთის დღეთა იყვნენ მაცნენი, -

სიწმინდის მადლად და სასწაულად

მშობელთა ლოცვით აღმონაცენნი.

იმედმოსხმულან შენი დღეები,

სიხარულს ყოველს რომ უწილადებ,

შენი ფიქრია, შენი მამული

სამარადისო ნათლით ბრწყინავდეს.

თუ საქართველო წმიდა ჯვარია, -

ნატრობ, - სამოთხის კართან იყოსო...

შენი სიცოცხლე ერს უხარია,

მრავალჟამიერ, კათალიკოსო!..

მეუფე თადეოზი

უწმიდესსა და უნეტარესს

გაუტეხელსა ციხესა

მტერნი ვერ შევიდიანო,

მტილსა მას აღყვავებულსა

მადლის წყარონი გდიანო,

საუნჯეს წყალობისასა

ანგელოზთ დასნი გცვიანო,

გამჩენის მადიდებელსა

დიდება მაღლით გციანო.

შენთ ცრემლთა ღელეთ განბანეს

მამული რადარდიანო,

ჯვარ-ხატის ძალა დაგყვება

პირს სხივნი გადაგდიანო,

ფეხ-ქვეშ გიყვავის მიწაი,

ზე-ცანი განგეხვნიანო,

ღმერთმა გიცხოვნოს ცხოვარნი,

უფლისა ბაგე-ხმიანო.

იღუმენია ნინო (გრიგოლაძე)