"დავითიანი" წაიკითხეთ, უბრალოდ გონებით კი არა, არამედ გულით...
27-01-2014
"დავითიანი" წაიკითხეთ, უბრალოდ გონებით კი არა, არამედ გულით...
დავით გურამიშვილის "დავითიანი" სკოლიდან გვახსოვს, - თითო-ოროლა სტროფი, ავტორის ბიოგრაფიის შესახებაც ვიცით (უფროსი და საშუალო თაობის ადამიანებს ფილმიც გვინახავს), მაგრამ გვესმის კი მისი ნამდვილი ფასი?  

XXI  საუკუნეში - ინტერნეტის, გასაოცარი ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში - პოეზია თითქოს ცხოვრების ავანსცენის მიღმა მოექცა. მართლაცდა, ვინ კითხულობს დღეს ლექსებს? ვის აინტერესებს? რაში სჭირდება? ამ, თითქოსდა რიტორიკულ კითხვებზე არსებობს პასუხი: პოეზია ისევე გვჭირდება, როგორც ჰაერი, რომელსაც სანამ სუნთქავ, ვერ ამჩნევ, როცა დაგაკლდება - იხრჩობი.
პოეზია საზოგადოების ჟანგბადია... პოეზიის გარეშე ვიხრჩობით - ეს ჩვენი გაუხეშებული, სწორხაზოვანი, ყალბი, უსულგულო ურთიერთობებიდან ჩანს. ცნობილი ფრაზაა "სამყაროს სილამაზე გადაარჩენს"... მხოლოდ სილამაზე, მხოლოდ პოეზია, რა თქმა უნდა, ვერ გვიხსნის, მაგრამ პოეზიის გარეშე ადამიანი ცხოველს ემსგავსება, ანუ იღუპება - კარგავს თავისთავადობას... პოეზია გზაა ჭეშმარიტებისაკენ, რადგან გულზე
გადის და ზეცად მაღლდება...

ეს ბოლო ფრაზა თუ ვინმეს მიესადაგება, თუ ვინმეს შემოქმედებაზე შეიძლება ითქვას ქართულ ლიტერატურაში, უპირველესად სწორედ დავით გურამიშვილზე. მისი "დავითიანი" სულის ღაღადისია - ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით... ეს არის ღმერთის ძიება საკუთარ გულში. ხსნის, გადარჩენის ერთადერთი იმედისა და სასოების ძიება წუთისოფელში, რომელიც წარმოუდგენლად მუხანათია, საოცრად მტანჯველი, მზაკვარი და გამოუვალი.

დავით გურამიშვილმა მთელი ეს სიმწარე საკუთარ ტყავზე გამოცადა. მისი ცხოვრება ერთგვარ სიმბოლოდ თუ მეტაფორად შეიძლება მივიჩნიოთ - ქართლის ჭირის, ჩვენი სამშობლოს ტრაგიკული სვე-ბედის სიმბოლოდ. და, რაც მთავარია, მან ეს "ჭირი", - პიროვნული და საქვეყნო, - გულში გამოატარა, გაიაზრა, ამოთქვა: ნამდვილ პოეზიად აქცია. დავითის ცხოვრება და შემოქმედება განუყოფელია, ამიტომ, მისი ბიოგრაფიის შესახებ საუბარი, იმავდროულად, მის შემოქმედებაზე მსჯელობაცაა.

დავით გურამიშვილი 1705 წელს დაბადებულა სოფელ გორისუბანში,  მცხეთის მახლობლად. ბავშვობა და ყრმობა მამულში, საგურამოში გაუტარებია. მამამისი თავადი იყო, წინაპრები - მესხი დიდებულები, ზედგენიძეები, რომელნიც ქართლში სამხრეთ საქართველოდან  XV  საუკუნეში გადმოსულან (გურამიშვილთა გვარის მამამთავარი, გურამ ზედგენიძე, წიწამურის ბატონი ყოფილა).

ჩვენს ქვეყანას  XVIII  საუკუნის დასაწყისში მძიმე დღე ადგა - ქვეყანა სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი, ყოველი მხრიდან მტერი ჯიჯგნიდა: ოსმალები, სპარსელები, ლეკები. ამას შინააშლილობა, ქართლისა და კახეთის დაპირისპირება ერთვოდა. ლეკები ისე თავისუფლად დათარეშობდნენ, რომ დავითის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა დავითის ცოლის ნათესავებთან, თუმცა არც ამან უშველა. 1727 წელს 22 წლის უაიარაღო დავითი ლეკებმა გაიტაცეს, დაღესტანში გადაიყვანეს და სოფელ ოსოქოლოში დაამწყვდიეს. დავითი გაიქცა, დაიჭირეს, ხელმეორედაც გაიპარა, თერთმეტი დღე იარა და თერგის პირას დასახლებულ კაზაკთა სოფლამდე მიაღწია.

დავითმა იცოდა, იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა ქართლის გახიზნული მეფე ვახტანგ VI, თავისი მრავალრიცხოვანი ამალით (დაახლოებით, 1000 კაცი, მათ შორის იყვნენ დავითის ნათესავებიც). ვახტანგ მეფე აშკარად დაუპირისპირდა სპარსეთის შაჰს, რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის დახმარების იმედით, მაგრამ ერთობლივი ლაშქრობა ჩაიშალა და ვახტანგი იძულებული შეიქნა, ქვეყანა დაეტოვებინა.

დიდი წვალების შემდეგ დავითი მოსკოვში ჩავიდა, ქართლის მეფეს ეახლა. ვახტანგმა მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა - "ჯაბადარბაშობა" (ჯავშან-საჭურვლის მნეობა ანუ ჯაბახანის გამგეობა) უბოძა. 1737 წელს ვახტანგ VI გარდაიცვალა. უპატრონოდ დარჩენილმა ქართველმა თავად-აზნაურებმა შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული (შემდეგ, პოლკი) და რუსხელმწიფის სამსახურში ჩადგნენ. დავითი მონაწილეობდა ყირიმის ომში,  შემდეგ ქართველი ჰუსარები ჩრდილოეთში გადაისროლეს, სადაც შვედებს ებრძოდნენ. ამ კამპანიის შემდეგ რუსეთის მეფემ მათ უკრაინაში ადგილ-მამულები დაურიგა. დავითი მირგოროდში დასახლდა. მალე პრუსიასთან შვიდწლიანი ომი დაიწყო და ის კვლავ ბრძოლაში ჩაება. 1758 წელს ტყვედ ჩავარდა და დაახლოებით ერთი წელი მაგდებურგის ციხეში გაატარა. 1760 წელს  სამხედრო სამსახურს თავი დაანება პორუჩიკის წოდებით და თავის უკრაინულ მამულში, ზუბოვკაში დასახლდა ახალგაზრდა ცოლთან, ტატიანა ავალიშვილთან ერთად. სწორედ იქ, უკრაინულ სოფელში შეიქმნა ქართული პოეზიის უბრწყინვალესი ძეგლი "დავითიანი". 1778 წელს დავით გურამიშვილმა საკუთარი ხელით გადაწერილი კრებული გადასცა მირიან ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ძეს, რომელიც რუსეთის იმპერატორთან იყო მივლინებული და გზად მირგოროდი გაიარა. სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში "დავითიანი".

პოეტს სამშობლოს ხილვა არ ღირსებია - გარდაიცვალა 1792 წელს, 87 წლის ასაკში, დაკრძალულია მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.
წიგნი პირველად 1870 წელს დაიბეჭდა თბილისში. "დავითიანი" კრებულია, სადაც შესულია ლირიკული ლექსები და ორი პოემა: "მხიარული ზაფხული" და "ქართლის ჭირი". ეს უკანასკნელი ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიული ყოფის შემზარავ სურათებს წარმოგვიდგენს. პოემაში ჩართულია ავტორის თავგადასავალი, მისი ცხოვრების ეპიზოდები. მთლიანობაში კი, ეს არის ქართველი კაცის უდიდესი სულიერი ტკივილის გამოხატულება, რომელსაც ძველ ქართულ ლიტერატურაში ბადალი არ მოეპოვება.

ქართული პოეზიის მწვერვალი, რასაკვირველია, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანია". ძველ ქართულ მწერლობაში მისი გავლენა განუზომლად დიდი იყო. დავით გურამიშვილი, თავის მხრივ, ცხადია, ასევე რუსთაველის ტრადიციას მისდევს, - საგანგებოდ აღნიშნავს, რომ არ ედრება შოთას: "მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს, - ჩალის ძირსა". მაგრამ, ამავე დროს, გურამიშვილი პირველი პოეტია, რომელმაც გაბედული ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ რუსთაველის გავლენისგან გათავისუფლებულიყო. მან თავის შემოქმედებაში ბუნებრივად შემოიტანა ხალხური პოეზიის განწყობა და კილო, სატრფიალო თუ ყოფითი მოტივები, რაც, იმავდროულად, მისტიკურ შრეებსა და სიღრმეებს ერწყმის...

რა შეიძლება ვთქვათ წიგნზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს საშუალო სკოლაში კი "გაუვლია", მაგრამ, უმრავლესობა, სინამდვილეში, არ ვიცნობთ? ახალს, ცხადია, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ძალიან მოკლედ თუ ვეცდებით და მხოლოდ არსებითს შევეხებით: ეს გახლავთ უმაღლესი დონის პოეზია - რელიგიური, სულიერი, ქრისტიანული, ჭეშმარიტად ქართული, ადამიანური...  ეს არის უფლის დიდება და იმავდროულად, გოდება ჩვენი ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის გამო, საკუთარი ხვედრის გამო, რომელიც სამშობლოს ტრაგიკული ხვედრისგან განუყოფელია.

თუმცა, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ადამიანი ვერასოდეს შეიგრძნობს ნამდვილი პოეზიის ძალას, სიღრმესა და მშვენიერებას, თუკი არ წაიკითხავს... არ წაიკითხავს, უბრალოდ გონებით კი არა, არამედ გულითა და სულით.

ირაკლი ლომოური
მაგდა
12 აპრილი 2015 00:19
მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს!
უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.
ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?
ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!
ნინო
30 იანვარი 2014 03:28
ძვირფასო ირაკლი ლომოურო, ძალიან კარგი სტატიაა, თვით დიდი სიყვარულით დაწერილი. ხშირად წერეთ ასეთი სტატიები და მაგალითი მიეცით იმ ჟურნალისტებს რომლებიც ძირითადად სკანდალებით და ჭორებით''იკვებებიან" და მკითხველსაც ამით კვებავენ.
დავითი უდიდესი ქართველი პოეტია, სამწუხაროდ, ჩვენი თანამედროვენი მას კარგად არ იცნობენ, ან საერთოდ არ იცნობენ! ამაზე, და ბევრ სხვა უარყოფითზე დავითის სიტყვებითვე ვიტყვი:
"მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ფარავს,
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს"
manana
27 იანვარი 2014 21:05
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო, იესო!"- სკოლაში ნასწავლი ეს სიტყვები ლოცვასავით აღმომხდება ხოლმე,დავით გურამიშვილი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია,რომელსაც ჩემს მოსახსენებელში მუდმივად უკავია ადგილი.

რედაქტორის რჩევით