"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს" - კვირის პალიტრა

"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"

"მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ"

ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული.

ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი.

თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ.

პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო...

სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც.

ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი.

სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ,  სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით.

კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, -  ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით,  რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი.

სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო.

სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?!

განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!).

რა ანადგურებს  თევზს

დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება