"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
27-01-2014
"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
"მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ"

ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული.

ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის
ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი.
თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ.

პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო...

სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც.  
ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი.

სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ,  სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით.
კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, -  ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით,  რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი.

სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო.
სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?!

განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!).

რა ანადგურებს  თევზს


დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება
avtomonadire.
02 თებერვალი 2014 21:43
აქ გამოითქვა აზრი როცა ბრაკონიერს დაინახავთ გარემოს დაცვაში დარეკეთო. კი ბატონო ასეც უნდა იყოს მაგრამ ვაი რომ გარემოს დაცვის სამსახური აზრზე არაა რა უნდა გააკეთოს! ნეტა მაგათ ტვინებში ჩამახედა რომლებიც თევზაობის შესახებ ახალ კანონს წერდა. კიმარა თქვე მამაცხონებულებო თუ ამ საქმის არაფერი გაგეგებათ იკითხეთ მაინც ან მოიწვიეთ მრჩევლებად მცოდნე ხალხი ! სამი კავზე დაიყვანეს ანკესი, თვითსატყუარა 6 ნემსკავზე, სასროლი ბადე 1 მ და 20 სმ დიამეტრზე,გოდორი ბრაკონიერულ მეთოდათ მონათლეს. უნახავთ საერთოდ სასროლი ბადე ამის დამწერებს? კიდევ ათასი აბდაუბდა წერია კანონში.ეს არის აბსოლიტურად უვიცი ადამიანის ნაბოდვარი რომელსაც ყველა პატიოსანი მოყვარული მეთევზე ბრაკონიერი გამოჰყავს. კარჩხანას ზომა 20ზე მეტიო! ხალხო ამ უჯიშო ,პარაზიტ და სარეველა თევზის დაჭერაზე პრემიები უნდა იძლეოდეს !კალმახი (ყველანაირი) ყველა მეთოდით აიკრძალა როცა საკალმახე მდინარეებს არც თუ ისე სავალალო მდგომარეობა აქვთ,კალმახი საკმაოდ მრავლადაა მაგრამ იქ რა უნდათ გარემოს დამცველებს? შორია ბატონო და ფეხით მოუწევთ სიარული! ფარგა გადაშენების პირასაა და საერთოდ ნახსენებიც არაა კანონში,ჭანარი დენით მოისპო არც ამაზეა საუბარი. აკრძალვით საქმე არ კეთდება! მუშაობაა საჭირო. ანკესით მოთევზავე ადამიანი თევზს ვერ მოსპობს ეს ყველამ კარგად იცის !თევზს სპობს დენი ,დინამიტი, მოწამვლა,სახლართი ბადეები,ეგრედ წოდებული ტელევიზორები,პარაშუტები და ეკრანები! 2012 და 2013 წელს 20000 მდე ცისარტყელა კალმახის ლიფსიტი გაუშვა კლუბ ,,მონადირე,,-ს წევრებმა სხვა კლუბების წევრების გვერდში დგომით(საკუთარი სახსრებით) თბილისის ზღვაში. რისთვის ცდილობს ეს ხალხი? იმისთვის რომ ბრაკონიერებად შერაცხონ და მათი გაშვებული კალმახი დენით მოთევზავეებმა ყიდონ რესტორნებზე?
Fishing Club
01 თებერვალი 2014 19:26
ჩვენ 2013 წლის ნოემბრის თვეში 100კგ კარპის/საზანის ლიფსიტები გაუშვით თბილისის თზღვაში.

თუ ამ ქველმოქმედებით ვინმე დაინტერესდება გთხოვთ მოგვმართოთ location25@gmail.com ამ ელეტრონულ მისამარათზე. თევზის ტრანსპორტირებას ჩვენვე უზრუნველყოფთ.
gela
31 იანვარი 2014 13:06
ნახეთ ერთი ჩვენი მდინარეები, განსაკუთრებით ის პატარა მდინარეები დასახლებულ პუნქტებზე რომ გაედინება - ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა ა - სანაგვე ყუთების ფუნქცია აქვთ დაკისრებული, რომელთაც არვინ არ ასუფთავებს! ! !

ჩანს, არ ვართ ქართველები ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე ცხოვრების ღირსი (მხოლოდ საამურ ცხოვრებაზე ოცნებებში ვართ მაგრები!) საქმე კი ისე მიდის, რომ 30-40 წელში ასეც იქნება!!!

რედაქტორის რჩევით