ყველაზე მეტი საქართველოსთვის ნეკრასოვს გაუკეთებია (?!) - კვირის პალიტრა

ყველაზე მეტი საქართველოსთვის ნეკრასოვს გაუკეთებია (?!)

უწმინდესის ჯილდო საქართველოს გადარჩენა და გაბრწყინებაა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და ქართველ ერს არც ისე საზეიმო დროება უდგას, 2010 წლის შემობრძანებას ტრადიციული პომპეზურობა და ჭერში ქუდების სროლა არ დაჰკლებია. მსოფლიოს თვალის დასათხრელად დიდი "ცუმპა-რამპა" მოვაწყვეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთან ყველაფერი "იდეალურად" არის. არადა, საზღვარგარეთ გულწრფელად უკვირთ და ლოგიკურად კითხულობენ, - თუკი ომი და უბედურება გადაიტანეს, თუკი ყველას ეხვეწებიან დახმარებას და თანადგომას (ჩვენი საგარეო ვალი ამ "უანგარო" დახმარებების შემდეგ უკვე მილიარდებს აღწევს!), რა ეზეიმებათ და რა ეკუნტრუშებათო... მაგრამ რატომაც არა? ჩვენ ხომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ შოუების მოწყობაში - მსგავსი რამ არც კი დაესიზმრება არც ერთ ქვეყანას(?!).

KvirisPalitra.Geტარდება ათასნაირი გამოკითხვა, ჯამდება წლის შედეგები და პასუხებიც ისეთია, როგორიც ჩვენნაირ ქვეყანას შეეფერება - ხალხის აზრითა და განწყობით ლამაზად შეფუთული და "მირთმეული".

საახალწლო საჩუქრად საზოგადოებრივმა არხმა "მქუხარე" გამოკითხვა ჩაატარა იმ ადამიანის გამოსავლენად, რომელმაც 2009 წელს ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის(?!). 500-ზე მეტი ხმით პირველი ადგილი რუსმა რეჟისორმა ანდრეი ნეკრასოვმა დაიკავა. მან აგვისტოს ომის შესახებ მეუღლესთან ერთად გადაიღო ფილმი "რუსული გაკვეთილები", რომელშიც ასახულია ქართველი ხალხის ტრაგედია. მეორე ადგილი წილად ხვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც გამარჯვებულმა 200 ხმით გაუსწრო, მესამეზე კი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გავიდა(?!).

გაიმართა დაჯილდოებაც, რომელზეც ნეკრასოვი თავად ჩამობრძანდა და საზოგადოებრივი არხის შეფისგან საჩუქრად "ოქროს”თბილისი" მიიღო. რა თქმა უნდა, ჯეროვნად უნდა დავაფასოთ ყველა, ვინც საქართველოს ტკივილს იზიარებს და ცდილობს გვერდით დაგვიდგეს. გასაკვირი სხვა რამეა: თუ აცხადებ, რომ გინდა იმ პერსონის გამოვლენა, რომელმაც ყველაზე მეტი(?!) გააკეთა საქართველოსთვის, ნომინანტები მეტი დაკვირვებით უნდა შეარჩიო და შესაძლო შედეგებზეც იფიქრო, რათა პარადოქსულ სიტუაციაში არ აღმოჩნდე. მშვენივრად გვესმის, რომ ნეკრასოვის აღიარება მხოლოდ მისი მაღალპროფესიონალური საქმიანობისა და ჩვენი ინტერესების გაზიარების გამო (რისთვისაც გულწრფელად ვუხდით მადლობას!) კი არ მოხდა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსა და, კერძოდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის თვალში თითის საკრავადაც. საქართველოსა და რუსეთს შორის ამჯერად ეკრანზე გამართული ომის კვალად ნეკრასოვის ლაურეატობა მისწრება იყო იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება მეგობრობის ხიდი გადოს თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნის ხელოვანმა დანასისხლად წაკიდებულ მეზობლებს შორის (ისიც საკითხავია, რამდენად ჩათვლის რუსეთი მეგობრობის ხიდად ამ ფილმს!). კეთილი და პატიოსანი, მაგრამ დავიჯეროთ, რომ ნეკრასოვზე ნაკლები ხელოვანები არიან პაატა ბურჭულაძე და ნანი ბრეგვაძე, რომლებსაც რუსეთში სიმღერის გამო მოღალატეობა დასწამეს? თუ მათ ომი უნდათ და მეგობრობის ხიდების აღდგენა არ აინტერესებთ?..

წეღან ნომინანტებზე ვთქვით და თავად ნეკრასოვი იყო გაკვირვებული, რომ საქართველოსთვის ყველაზე მეტის გამკეთებელთა შორის პირველ ადგილზე გავიდა. არ ველოდი და არც ვიცი, რა დამსახურებისთვის მომენიჭა ესოდენ დიდი პატივიო, - გულწრფელად თქვა ამ კაცმა და მართალიც იყო. იქ, სადაც ნომინანტებში ქვეყნის სულიერი მესაჭე და პრეზიდენტი არიან დასახელებულნი და სხვა ქვეყნის ხელოვანი (თუნდაც ნიჭიერი) საზოგადოების აზრით ასეთი უპირატესობით იმარჯვებს, ან თავად ქვეყანა ვერ არის წარმატებული, ანდა საზოგადოებას "უქრის" გვარიანად. სხვანაირად, ვერანაირად ვერ იქნებოდა ამ გამოკითხვის ლაურეატი ნეკრასოვი და მესამე ადგილსაც დიდ პატივად ჩათვლიდა...

ნეკრასოვმა ნამდვილად მოკრძალებულად მიიღო ეს აღიარება, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს. სამაგიეროდ, საზოგადოებრივი არხის თავკაცმა ამ გამოკითხვის შედეგებს "ძალიან(?!) სამართლიანი" უწოდა (მცირედ სამართლიანობა რაღაა, ამასაც თუ აგვიხსნის, მადლობელი დავრჩებით). პარადოქსულიც სწორედ ეს გაპიარებული განცხადებებია და არა ის, რომ ჩვენი ქვეყნისადმი კეთილად განწყობილ ადამიანს გარჯა დავუფასეთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დღედაღამ საკუთარ ქვეყანაზე მოფიქრალ ქვეყნის პრეზიდენტს ერთი, თუნდაც ჩვენი ინტერესების გამომხატველი ფილმის (ქართველებისვე დაფინანსებული) გადაღებით სჯობნის სხვა ქვეყნის მოქალაქე და ქართველი საზოგადოების მიერ აღიარებულია ადამიანად, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის(?!).

ჩვენი უწმინდესი პატრიარქისთვის "საპატიო" მე-3 ადგილის მიკუთვნება მის წინააღმდეგ ბოლო დროს აგორებული ბინძური კამპანიის კვალად აღარც არის გასაკვირი - მსგავს გამოკითხვებში მავანნი ყველანაირად ეცდებიან, დააკნინონ მისი ავტორიტეტი, მაგრამ მუდამ საწინააღმდეგო შედეგს იღებენ, ხომ უნდა მიხვდეს "ვიღაც", რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით (და ვერც ვერანაირი მზაკვრობით) ქართველ ხალხს საკუთარ სულიერ მამას ვერ გადააყვარებენ? ისე კი, უწმინდესი არც ჯილდოს ითხოვს, არც ამქვეყნიურ დიდებას, რადგან მისთვის ჯილდო საქართველოს გადარჩენა და გაბრწყინებაა მხოლოდ და მხოლოდ. ეგ არის, ჩვენ არ უნდა ვაძლევდეთ თავს უფლებას, პატრიარქის სახელი "წაღმა-უკუღმად" მოფიქრებულ ნომინაციებში ვატრიალოთ და მით უმეტეს, მისი "საპრიზო”ადგილზე" გასვლა საზოგადოების აზრად შევრაცხოთ. ვინ დაიჯერებს, რომ ჭეშმარიტად ობიექტურ გამოკითხვაში რუსი დოკუმენტალისტი უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? არავინ და ეს არის ჩვენი ქვეყნის მძიმე სენი - ყალბი თავანკარად საღდება და რეალობა - ვირტუალურობად, თორემ მეგობრები რომ უნდა დავაფასოთ და უმადურები არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენ საზოგადოებრივი არხის შეფისგან და "მქუხარე" ნომინაციების "არქიმედეებისგან" დღეს არ გვისწავლია.