იმიჯის გამოსწორების წელი - კვირის პალიტრა

იმიჯის გამოსწორების წელი

ვა, ეს ვანო მერაბიშვილი რა კაი ტიპი ყოფილა! რა იუმორის გრძნობა ჰქონია! რა მხიარული და მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული აღმოჩნდა! მართალია, ხუმრობები ძირითადად "ვანოს შოუს" ბიჭების დაწერილი იყო, მაგრამ ამ ხუმრობებს შესაბამისად განსახიერება ხომ სჭირდებოდა! მოკლედ, ახალ წელს გააოცა ხალხი დიდმა ვანომ პატარა ვანოს დახმარებით.

ხალხმა ნახა, რომ მერაბიშვილი სულაც არ ყოფილა ცხრათავიანი დევი და  დემონი. რა ხდება, ბატონო ვანო, იმიჯის გამოსწორების წელი დადგა? გადასარევია, პირადად მე თქვენს ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მრავალმხრივ განვითარებული ბრძანდებოდით და რომ ერთნაირად წარმატებით შეგეძლოთ ღამით მომიტინგების დარბევის ბრძანების გაცემა და შემდეგ სუფრაზე კარგად ხუმრობა. ეს სულაც არ ყოფილა ჩემთვის ახალი ამბავი. აი, ვინც იმ გადაცემაში გამაოცა, კობა ხაბაზი იყო. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ალბათ, ნახეთ, იმავე შოუში პატრულის მიერ კობა ხაბაზისთვის მოწყობილი საახალწლო "ხუმრობა". ხაბაზს მეგობარმა მანქანა სთხოვა, შემდეგ პოლიციამ ეს მანქანა კუს ტბაზე მიტოვებული იპოვა. ხაბაზს პატრულმა დაურეკა, თქვენი მანქანა ვიპოვეთო. ავტომობილი რომ გაჩხრიკეს, საბარგულში ხელ-ფეხშეკრული გოგო იპოვეს, რომელიც აცხადებდა, რომ მოიტაცეს. ხაბაზს სახე წაეშალა. როგორია, შენს მანქანაში ხელ-ფეხშეკრულ ქალს რომ პოულობენ, შენი მეგობარი კი, რომელსაც დილით მანქანა ათხოვე, გეხვეწება, მე არ მახსენოო?! მერე წადი და ამტკიცე, რომ ის გოგო შენ არ მოგიტაცებია. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა და აშკარა ნერვიულობისა, ხაბაზს არ დაუწყია არც თავისი პარლამენტარობით "ბლატავი", არც მერაბიშვილთან რეკვა. პატრულის ბრძანებას, მანქანაში ჩამჯდარიყო, წყნარად დამორჩილდა. უარი თქვა პოლიციის შეთავაზებაზე: ოქმს თუ გინდათ, სხვა ხაბაზის სახელზე შევადგენთო. ის კი არა, განაცხადა: ხვალვე დავწერ განცხადებას და დეპუტატის იმუნიტეტს მოვიხსნიო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმეს საქციელი იყო იმ დღეს ჩემთვის სიურპრიზი, ეს კობა ხაბაზი გახლდათ.

ახალი წლის სევდა

ახალი წელი ჩემთვის სევდანარევი ზეიმია. ახალი წლის ღამეს ყოველთვის გაურკვეველი სევდა შემიპყრობს ხოლმე. არ ვიცი, ეს რა არის, - გაურკვეველი მომავლის შიში, უბრალოდ მელანქოლია თუ დეპრესია. განსხვავება არც წელს ყოფილა - ოჯახის წევრებთან თითო ჭიქა შავი ღვინო და ერთ სადღეგრძელოში ჩატეული ყველა სურვილი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არა ვარ. ძალიან ბევრს ემართება ასე. ძალიან ბევრს აყენებს ახალი წელი სევდიან განწყობაზე. შეიძლება იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს უფიქრდები განვლილ ცხოვრებას და აღმოაჩენ, რომ... თუმცა, არ ღირს გაგრძელება! ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა, ახალი წელი მაგარი მუხანათური ზეიმია: შენს განწყობას სულ არ ელოდება, ჯიუტად მოდისო. თუმცა წელს ერთმა რამემ მაინც გამამხიარულა: ჩემმა წლინახევრის შვილმა ზუსტად ახალი წლის ღამეს პირველად თქვა თავისი სახელი. ლუკას რომ ვკითხეთ, რა გქვიაო, - გუკაო, გვიპასუხა. ახლა ვფიქრობთ, შინაურულად გუკა ხომ არ დავუძახოთ...

საახალწლო ზეიმი

თქვენი არ ვიცი და მე წლევანდელი საახალწლო ზეიმი ყველაზე მეტად მომეწონა (ბათუმში გამართულ კონცერტს ვგულისხმობ). მგონი ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, საახალწლო ზეიმების გამართვა მაინც ისწავლა! ჩანს, ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლისთავზე მიხვდნენ, რომ თუ ფულს ზეიმში ხარჯავ, ეს ფული შეიძლება უფრო გონივრულად დახარჯო, ვიდრე ტოტო კუტუნიოს ან რუსლანას ჩამოყვანაა. მართალია, ზოგიერთებს ამ კონცერტში დახარჯული ფულიც ენანებათ (მათიც მესმის), თუმცა იაფი არც თბილისში გამართული კონცერტი დაჯდებოდა, რომელიც ფონოგრამას ვერ გასცდა....

ბათუმის სადღესასწაულო კონცერტის ყურებისას კი პირველად არ დამენანა ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან ზეიმებისთვის ფულის დახარჯვა. სხვა საკითხია, ეზეიმება თუ არა ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება და მეც დავწერე რამდენჯერმე, რომ არავინ დაძრახავს ხელისუფლებას, თუ პომპეზურ ზეიმს არ გამართავს და იმ ფულით ღარიბებს დაეხმარება-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, ბათუმის კონცერტი მაინც მომეწონა. კონცერტი, თითქოს თან პომპეზური იყო და თან არც იყო პომპეზური. იყო გენიალური მუსიკა და არ იყო ტაშ-ფანდური.  იყო, მართალია, ხანში შესული, მაგრამ მაინც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი ხოსე კარერასი და ულამაზესი ქართველი მომღერალი ქალები. ამ კონცერტს რომ ვუყურებდი, ამაყი ვიყავი. სცენიდან ქართველი მომღერლები ხმით უფრო გატყვევებდნენ თუ გარეგნობით, ვერ მიხვდებოდი. შოუც გემოვნებით იყო დადგმული. მოკლედ, შთამბეჭდავი სანახაობა იყო! ჩემი მშობლიური ბათუმი იმ დღეს ისეთ საქართველოს განასახიერებდა, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ არ არის. თუმცა ხომ შეიძლება ახალი წლის ღამეს მაინც ვიოცნებოთ წარმატებულ საქართველოზე! ეს კონცერტი და ბათუმი ამ ოცნების განსახიერება იყო. ახლა, მთავარია, ბატონმა მიშამ თავადვე არ დაიჯეროს ამ ზღაპრის...