ვის რაში სჭირდება მოძალადე კონტროლიორები? - კვირის პალიტრა

ვის რაში სჭირდება მოძალადე კონტროლიორები?

"ბილეთი არ მომთხოვო ახლა, თორემ ავტობუსიდან გადავხტები"

ახალ წლამდე ორიოდე დღით ადრე ყვითელი ავტობუსით მგზავრობისას ასეთ ამბავს შევესწარი. გაჩერებაზე ორი ჯანიანი, შავსამოსიანი ჯეელი ამოვიდა, მგზავრებს თვალი მოავლეს და მერე 15-იოდე წლის ბიჭს მიადგნენ, ბილეთი გვაჩვენეო. ბიჭმა უპასუხა, ჩასვლის წინ ავიღებო. არა, ახლავე აიღეო, დაუჟინეს ბიჭს. კარგა ხანს არ ჩავდივარ და რა მეჩქარებაო, - უპასუხა ბიჭმა. წინააღმდეგობის გაწევას როგორ მიბედავო, გაანჩხლდა ერთ-ერთი. მივხვდით, რომ კონტროლიორები იყვნენ, მაგრამ არც ერთს არ ეკეთა პირადობის დამადასტურებელი ბარათი. ადრე კონტროლიორებს, უნიფორმები ეცვათ და მგზავრებში არ აგერეოდნენ. ახლა ზოგიერთ მათგანს რატომღაც აღარც პირადობის დამადასტურებელი გულსაკიდები აქვს და ხშირად ზრდილობა და ნერვებიც ღალატობს.

მოკლედ, ატყდა ამბავი, ბიჭს ძირს ჩასაყვანად დაუწყეს ქაჩვა. ისიც გაუძალიანდა, რა გინდათ, მოსწავლე ვარ და სპეციალური ბარათით ვსარგებლობ, რას გადამეკიდეთო. ვინც ხარ, მაგას პოლიციაში დავადგენთ, ძირს ჩამოდიო, დაემუქრა ჯეელი ბავშვს. მეორე, შედარებით ტანმომცრო კი მძღოლისკენ გაიჭრა ყვირილით, ავტობუსი გააჩერე, ბიჭი უნდა ჩავიყვანოთო. აქ კი გაუწყდა ხალხს მოთმინების ფიალა და რამდენიმე მგზავრი ერთდროულად აყვირდა ბიჭის დასაცავად.

კონტროლიორებმა ხალხის რეაქცია აინუნშიც არ ჩააგდეს, გაჰყვიროდნენ, პატრულს გამოვიძახებთ და ვნახავთ, ძირს როგორ არ ჩამოხვალო. ბავშვმა ფერი დაკარგა. დიქტოფონმომარჯვებულმა განსაკუთრებით აგრესიულ კონტროლიორს ვთხოვე, თქვენი ვინაობა მითხარით-მეთქი. კიდევ რა გინდაო, აგდებით მიპასუხა და ბიჭს კვლავ ქურთუკში სწვდა. კანონით მოვალე ხარ მიპასუხო-მეთქი, გავუმეორე, მაგრამ ამაოდ. დიქტოფონის დანახვაზე ხალხს კიდევ უფრო მოეცა გული და მოძალადეებს შეუტია. დამფრთხალი "ვაჟკაცები" ავტობუსიდან ლანძღვა-გინებით ჩავიდნენ და დაბლიდან დაემუქრნენ ბიჭს, ახლა კი ამ ხალხის იმედი გაქვს, მაგრამ ერთხელაც იქნება დაგიჭერთო. ბავშვი ერთიანად კანკალებდა, ფერი არ ჰქონდა. ჩასვლისას ხალხს მადლობა გადაუხადა და მოიბოდიშა, მოსწავლის ბარათი დავკარგე, სახლიდან გამოსვლის წინ კი დედა შინ არ იყო და ამიტომაც არ მაქვს ფულიო.

"მერამდენედ შევესწარი მოზარდებზე თავდასხმას ავტობუსში. ამოცვივდებიან, თითქოს სპეცოპერაციას ატარებდნენ. უფრო მოზარდებზე ნადირობენ. ამას წინათ #25 ავტობუსიდან ჩაიყვანეს ბიჭი, ძირს მანქანა ელოდებოდათ. გზად სულ იმას ვფიქრობდი, თუ მართლა კონტროლიორები იყვნენ, ის მანქანა რატომღა ელოდებოდათ-მეთქი. ამ ამბავს ოჯახში რომ მოვყევი, ჩემმა 17 წლის ბიჭმა მითხრა, ეგ მანქანიანი ხალხი კონტროლიორები კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიანო. ვითომ კონტროლიორობენ, სინამდვილეში კი საკბილოს ეძებენ. თუ წინააღმდეგობას გაუწევ და 15-ლარიან ჯარიმას არ დათანხმდები, წაგიყვანენ, ნარკოტესტს აგიღებენ, ათასნაირ დამცირებას გადაგატანინებენ და თუ "სუფთა" გამოხვედი, ბოდიშსაც არ მოგიხდიან, გარეთ ისე გამოგაბუნძულებენო.

მოკლედ, ახლა ძნელია ამტკიცო, ვინ ვის ტყავში გახვეული დაიარება ავტობუსებით, თუმც, ფაქტია: მგზავრმა, ვინც უნდა იყოს იგი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმგზავროს უბილეთოდ, კონტროლიორმა კი კარგად უნდა იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები.

კიდევ ერთ შემთხვევას გიამბობთ, რომელიც ისევ კონტროლიორს შეეხება, თუმცა ეს ამბავი სრულიად განსხვავდება ზემოთ მონათხრობისაგან. თუ ჯიბეშიU ხურდა არ აღმოგაჩნდათ, ვერც დამხურდავებელი გამოძებნეთ ან სურვილი არა გაქვთ, ბილეთი აიღოთ, ეს მაგალითი უთუოდ გამოგადგებათ. ამას წინათ ავტობუსით ვიმგზავრე. ის იყო, ავტობუსი დაძვრას აპირებდა, რომ კონტროლიორი ამოვიდა. მის დანახვაზე ჩემ უკან მჯდომი ქალი წამოხტა და უკვე გაქანებული ავტობუსიდან გადახტომა დააპირა. კონტროლიორმა შესაშური სიმარჯვე გამოიჩინა, ქალს კაპიუშონში სწვდა და მიშველეთო, დაიღრიალა. ამ მოულოდნელი და თანაც განწირული ღრიალით დამფრთხალი ელდანაკრავივით წამოვხტი, კონტროლიორს შევუერთდი და ერთობლივად ვცადეთ მგზავრის გადარჩენა. ქალი ჯიუტად გადასახტომად იწევდა, ჩვენ კი მის კაპიუშონს ჩაფრენილები ჯიუტად არ ვაძლევდით ავტობუსიდან გადახტომის უფლებას. "რას შვრებით, ქალბატონო, 40 თეთრის გამო თავს იკლავთ?" - გაჰკიოდა ფერდაკარგული კონტროლიორი და მგზავრს ეხვეწებოდა, ოღონდ არ გადახტე, არ ქნა ეს საქმე და სულ არ მოგთხოვ ბილეთსო. ამასობაში მძღოლმაც მოახერხა კარის დაკეტვა და გადავრჩით.

ახლა კონტროლიორი გამიხდა მოსაბრუნებელი. კაცს ცივმა ოფლმა დაასხა და სკამზე უღონოდ მიესვენა. გაფითრებული გულზე ხელს იკიდებდა "ვაიმე დედას" ძახილით. ხუთწუთიანი "თერაპიის" (ჩემი დაგლეჯილი ბლოკნოტი მოვიმარჯვე და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუნიავე კონტროლიორს) შემდეგ, როგორც იქნა, მოსულიერდა. შემდეგ გაჩერებაზე მომდევნო კონტროლიორი ამოვიდა ბილეთების შესამოწმებლად და კოლეგა რომ გაფითრებული და სკამზე მისვენებული ჭირისუფალ მგზავრთან ერთად შერჩა ხელთ, გაკვირვებულმა მკითხა, რა სჭირს ამასო? ამ აურზაურში, ბუნებრივია, ბილეთის აღება გადამავიწყდა! მაგალითის ძალით გულმოცემული კონტროლიორს გავეჭიმე და ომახიანად შევუძახე, ბილეთი არ მომთხოვო ახლა, თორემ ავტობუსიდან გადავხტები და მერე მიხვდები, რა სჭირს ამას-მეთქი!

ხათუნა პაიჭაძე