"ჩემი ეს განცხადება ძალიან ბასრია და გულზე მოხვდებათ, მაგრამ მე აღარ შემიძლია მოთმენა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ეს განცხადება ძალიან ბასრია და გულზე მოხვდებათ, მაგრამ მე აღარ შემიძლია მოთმენა"

"ხელისუფლებამ ახალგაზრდობა მოისყიდა"

"სააკაშვილი ხოსე კარერასს მასპინძლობს და პაატა ბურჭულაძესთან ურთიერთობას იფუჭებს?!"

ქართული აკადემიის წევრმა, რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ, რომლისთვისაც 2010 წელი საიუბილეოა (70 წელი უსრულდება), გვითხრა: "ხალხის პასიურობის გამო გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ  ისევ მისი იმედი მაქვს. მჯერა, გადამწყვეტ მომენტში ქართველი ხალხი ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომ საკუთარ თავსაც გადაარჩენს და ქვეყანასაც".

- 2009 მძიმე წელი იყო. ისეთი რთული ვითარება, როგორიც ბოლო წლებშია, იშვიათად ჰქონია ჩვენს ქვეყანას. დიდების მემორიალის ნგრევა ჩემთვის ეროვნული ფასეულობების ნგრევა იყო. ეს ძეგლი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო იყო... მემორიალის აფეთქება მარტო ძეგლის განადგურება არ ყოფილა, მისი შედეგი მალე იჩენს თავს. მოთმინება დაელია ხალხს და მალე მის აფეთქებას ველი.

ხალხი საყვედურობს ოპოზიციას, რომ რადიკალური ნაბიჯი არ გადადგა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა საფრთხე იგრძნეს და იმიტომ შეაჩერეს ამბოხის სუნი, რომელიც აქციების პერიოდში ტრიალებდა. საზოგადოებაზე კი უნდა ვთქვა, რომ ყველას უნდოდა მისი გასაკეთებელი სხვას გაეკეთებინა, სხვას გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მომხდარზე პასუხისმგებლობა აეღო.

ქვეყანაში ტერორია, ხალხი შეშინებულია.  ვისაც სამსახური აქვს, ის ხელისუფლების სამსახურშიცაა. ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილმა ხელი ჩაიქნია, თუ გამოვედით ქუჩაში, რა გამოვიდაო.

ახლა მთელი ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილია, გამორიცხულია, ოპოზიციამ გაიმარჯვოს.

საქართველოს მძიმე დრო უდგას. იმედი დაიკარგა, ხალხს გამარჯვების რწმენა აღარ აქვს. საზოგადოებაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ჩვენ და ისინი. ამ ორ შეურიგებელ ბანაკს შორის დიდი უფსკრულია. Kკომპრომისებზე წასვლა და შერიგება უკვე შეუძლებელიც კი ჩანს.

ახალი წელი იმედისმომცემია, ამ დღეს არ შეიძლება ვიშვიში, წინ უნდა გაიხედოს კაცმა, მაგრამ რა ხდებოდა 31 დეკემბერს  ბათუმსა და თბილისში? სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, არ შეიძლება მოკრძალებული ზეიმები გავაკეთოთ? რა აუცილებელია ეს თვალში საცემი პომპეზური ღონისძიებები? ხელისუფლებამ ახალგაზრდობა ამით მოისყიდა. გაყოფილია ახალგაზრდობა, ორ ბანაკად გაიყვნენ ხელოვანებიც.

- რის გამო არის ხელოვანთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისთვის მისაღები?

- "ქართულ აკადემიაზე" თქვეს, იქ ხელმოცარული ხალხია და ამიტომ გვიპირისპირდებიანო. ეს რომ პრესაში დაიწერა, მეორე დღეს ვანო კიღურაძე ლექციების წასაკითხად  გაფრინდა აშშ-ში, ან ზაზა პაპუაშვილს როლები და ავტორიტეტი აკლია? რის საფუძველზე ამბობენ, რომ  უმუშევრად დარჩენილი და გამწარებული ხალხი უპირისპირდება ხელისუფლებას? ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია გვალაპარაკებს და არა ვინმეს ამოჩემება. ხელოვანებს, ვისაც ასე "მოსწონთ" სააკაშვილი, ჩანს, გამორჩენა ამოძრავებთ. ისინი რაღაცით დააკავეს, საქმე გაუჩინეს და მათაც "მოსწონთ" სააკაშვილი. არადა ხელოვნება - მწერლობა, თეატრი - ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოს. განა ვინმეს ჰგონია, თუ ეს ხელისუფლება წავა, დალხინებული ცხოვრება გვექნება? ხელოვანები მამხილებლები უნდა ვიყოთ. თუ ოპოზიციაში არ ვიქნებით, ჩვენი ხელოვნება მოკვდება.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ თქვენ ხართ "წითელი ინტელიგენცია", რომელსაც კრემლის მონატრება მოეძალა და ეს გალაპარაკებთ.

- რაში ჩანს ეს? დაგვისაბუთონ. ახლა ნოღაიდელის გამოა ატეხილი დიდი ამბავი. რაკი ჩვენი ქვეყნების ლიდერები ვერ ლაპარაკობენ,  ვისაც კი საშუალება აქვს, უნდა ეცადოს, რომ რუს ხალხთან ურთიერთობა აღდგეს. მეც ჩავერთვები ამ საქმეში. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება.

- ამას წინათ ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რუსი ხელოვანები თავიანთი ხელისუფლების აგრესიას ამართლებენ, ჩვენზე თავდასხმა არავის გაუპროტესტებიაო.

- არ არის ეს სიმართლე. ბევრი ადამიანია რუსეთში, ვისაც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა უნდა. რუსეთსა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება! ამ დღეებში ჩაუშესკუს გადაყენების მეოცე წლისთავი აღინიშნა. ჩაუშესკუს სააკაშვილზე არანაკლები ჯარი და პოლიცია ჰყავდა, მაგრამ ხალხმა ვეღარ მოითმინა და მისი მმართველობა ტრაგიკულად დასრულდა. ჩემი ეს განცხადება ძალიან ბასრია და გულზე მოხვდებათ, მაგრამ მე აღარ შემიძლია მოთმენა. მე ვინ ვარ? ქვეყანას აღარ შეუძლია უკვე!

- რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ უმასპინძლა პრეზიდენტმა ხოსე კარერასს, მანამდე ენდი გარსიას, რუსი რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი კი 2009 წლის ადამიანად გამოცხადდა.

- სააკაშვილი ხოსე კარერასს მასპინძლობს და პაატა ბურჭულაძესთან ურთიერთობას იფუჭებს?! რა ხდება, მხოლოდ მოწვეული ხალხი და სტუმრები უნდა, რომლებიც მადლობას ეტყვიან? სააკაშვილს თავისი კარის ხელოვანები სჭირდება მხოლოდ. როდესაც ინტელიგენციაზე თქვა სააკაშვილმა, ჩარეცხილებიო, ლენინის განცხადება გამახსენდა: "ეტო ნი ინტელიგენცია, ა გავნოო". სააკაშვილი საბჭოთა ბელადის სიტყვებით ლაპარაკობს და სხვას უწოდებს "კრემლის მონატრებით შეპყრობილს".

- მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია თქვას, ჩაბნელებული საქართველო გავანათე, რუსთაველის პროსპექტი ჭაღებით მოვრთე და გზები დავაგეო. ეს ხომ არის რეალობა, ფაქტი?

- მოიცათ, მოიცათ... რუსთაველის პროსპექტს უკვე "ლუსტრაველს" ეძახის ხალხი. ერთი ავტობანი შენდება, თორემ ხომ დადიხართ თბილისის ქუჩებში? აქაურ გზას გზა ჰქვია? ნაადრევად დადგმული ნაძვის ხეები  და საახალწლო სოფლების აშენება თვალში ნაცრის შეყრაა. არ სჯობდა, ეს თანხა უპოვართათვის მოეხმარებინათ?

განათლების სისტემა დაანგრიეს, მეცნიერება ჩაკლეს, სოფელი დაქცეულია, ეს არის ქვეყნის აშენება?! ვის ატყუებენ, რომ გლეხებს ტრაქტორები დაურიგეს, რომ რთველი შესანიშნავად ჩატარდა და მანდარინის მოსავალიც გაუყიდავი არავის დარჩენია? ხალხი შეშინებულია და ვერ ლაპარაკობს. სოფლად მასწავლებლებს ეუბნებიან, თუ არ მოგვემხრობით, სამსახურს დაკარგავთო.

რაღაც ჯგუფია ხელისუფლებასთან მიტმასნილი, რომელიც მეთოდურად ებრძვის ეროვნულობას, რომ დავკარგოთ ეროვნული ღირსება და მომსახურე ერად გადავიქცეთ. აი, ასეთი არასაახალწლო განწყობით ვხვდები ახალ წელს.

მაპატიოს "კვირის პალიტრის" მკითხველმა, თუ საახალწლო განწყობა დავუმძიმე, მაგრამ ხელისუფლებასავით მეც ხომ არ მოგატყუებდით? ქართველი კაცის უტეხობის სიმბოლოდ ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი მიმაჩნია, რომელმაც ახალი წლის დადგომამდე შეახსენა ხალხს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ის აღმოჩნდა. ვიფხიზლოთ, ქართველებო, ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი!