სანდრას სეხნია დათვი და ორი ვირისა და მარტორქას სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

სანდრას სეხნია დათვი და ორი ვირისა და მარტორქას სიყვარულის ამბავი

შესვლა აკრძალულია!

ადგილი, სადაც უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია, ზოოლოგიური პარკის ვოლიერების ის ნაწილია, სადაც მხეცებს უვლიან და კვებავენ. განსაკუთრებით სახიფათო მტაცებლები არიან, ამიტომ მათ გარე სამყაროსგან, ან პირიქით, გარე სამყაროს მათგან, რამდენიმე რკინის კარი და გალია იცავს. აქ შესვლის უფლება მხოლოდ ცხოველების მომვლელებს აქვთ.

რკინის კარი ხმაურით იღება. მხეცების მომვლელი გვეუბნება, რომ იქ ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მოსახელე მურა დათვი ბინადრობს. უზარმაზარი ცხოველი ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებს და ცდილობს, ვოლიერიდან თათით მოგვწვდეს, ამიტომ მომვლელი გვაფრთხილებს, - შორს დადექითო.

კოტე ჭიჭინაძე, ცხოველების მომვლელი: - სანდრა რულოვსს ბელი აჩუქეს, მან კი ჩვენ მოგვიყვანა, თან შემოგვითვალა, - დათვს ჩემი სახელი დაარქვითო. ბელი მამრი გამოდგა, ამიტომ სანდრო დავარქვით. რვა წელია, ზოოპარკში ვმუშაობ, ცხოველთა უმეტესობა ჩემი გაზრდილია, მათ შორის მურა დათვი ბალუ, რომელსაც ბელობაში ვეჭიდავებოდი.

თუ ვერ წამაქცევდა, ბრაზდებოდა და მიტევდა, როგორც კი მომერეოდა, მოდიოდა და მლოკავდა. ახლა ვოლიერთან რომ მივდივარ, დრუნჩს გამოყოფს და მლოკავს, მაგრამ  მისი ნდობა აღარ შეიძლება, ამიტომ მხოლოდ რკინის ღობიდან ვეფერები. დათვი ადამიანივით მოხერხებულია, თანაც ძალიან ერთგული, მაგრამ თუ რამე არ მოეწონა, აგრესიული ხდება.

ყველა ცხოველს თავისი სახელი აქვს. დათვი სანდრო დათვ მაშოსთან ერთად ცხოვრობს. იცით, როგორ უყვართ ერთმანეთი? სამწუხაროდ, იძულებული გავხდით, სანდროსთვის კასტრაცია გაგვეკეთებინა - ზოოპარკში 14 დათვი გვყავს და მატების შემთხვევაში მათი განთავსება გაჭირდება. ჩვენი დათვები ძირითადად ბოსტნეულით, ხილით და თევზით იკვებებიან, ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ.

დათვების შემდეგ თეთრი ვეფხვის ვოლიერში შევდივართ. მხეცი მშვიდად გვათვალიერებს და მომვლელის დაძახილზე ყურს არ იბერტყავს. იაგუარებთან და ლეოპარდებთან მისულებს მომვლელი გვიხსნის, - მათთვის ზურგის ჩვენება არ შეიძლება, თორემ მოსალოდნელია, თავს დაგესხასო. მომვლელი ყველა ცხოველს სახელით მიმართავს და ისინიც ახლოს მოდიან, უცნაურ ხმებს გამოსცემენ და ცდილობენ, თათით შეეხონ. "მტაცებელს, სულ რომ ხელით აჭამო, როგორც კი სისხლის სუნს იგრძნობს, უმალ მტაცებლის ინსტინქტი იღვიძებს. ზოგჯერ აქ ღამღამობით საოცრება ხდება - ყველა ცხოველი ერთდროულად იწყებს ყმუილს, ბღავილს, ღრიალს. გეგონება, ერთმანეთს ელაპარაკებიან", - გვიხსნის ცხოველების მომვლელი.

...ზოოპარკის დირექცია ეგზოტერიუმის აკრძალულ ტერიტორიაზე შეშვებასაც გვპირდება, გზად კი მეტად საინტერესო და უჩვეულო ამბებს ვისმენთ.

დავით თაქთაქიშვილი, ზოოპარკის დირექტორის მოადგილე: - გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ცხოველი ირემია. შეიძლება ვოლიერში ლომთან უფრო გაბედო შესვლა, ვიდრე ირემთან. თუ ცუდ ხასიათზეა, რქებით კაცის მოკვლა თავისუფლად შეუძლია. ჩვენთან კავკასიური ირემი ბინადრობს. სანამ პატარა იყო, მის ვოლიერში შევდიოდით, მაგრამ რაც წამოიზარდა, ახლოსაც ვერ ვეკარებით. მისი ვოლიერის დალაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ნებას ვრთავთ, მეზობელ მარტორქას ესტუმროს. ჩვენი მარტორქა კი ორ ვირთან ერთად ცხოვრობს. მარტორქა თავიდან ვოლიერში მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან მოიწყინა, გახდა. ბევრი ვიფიქრეთ, რა ცხოველი ჩაგვესვა მასთან ერთად, რომ ერთმანეთისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. გადავწყვიტეთ, დედა-შვილი ვირები ჩაგვესახლებინა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამეგობრდნენ და მარტორქას გუნებაც გამოუკეთდა. ახლა გვინდა გავათხოვოთ, მაგრამ მარტორქასთვის ქმარი ძნელი მოსაძებნია.

მტაცებლების ვოლიერისგან განსხვავებით, ტერარიუმში, სადაც სხვადასხვა სახეობისა და ზომის ქვეწარმავალი ბინადრობს, მაგიური სიშვიდეა. სწორედ ეს  მოჩვენებითი სიმშვიდეა ზოგჯერ ყველაზე სახიფათო.

ლევან ქურდიანი, ქვეწარმავლების მომვლელი: - პატარა და საშუალო ზომის გველებს კვირაში ერთხელ ვკვებავთ, დიდი ზომის ქვეწარმავლებს კი ორ კვირაში ერთხელ. მაგრამ ყოველდღე აუცილებლად უნდა დავასუფთავოთ ტერარიუმი, გავწმინდოთ მინა გველის შხამისგან, შევამოწმოთ, რამე ტრავმა ხომ არ აქვთ. შხამიან გველებთან სპეციალური ხელსაწყოებით ვმუშაობთ. მაფურთხებელ კობრასთან კი დამცავ ნიღაბსაც ვიყენებთ, რადგან შეუძლია, რამდენიმე მეტრიდან თვალში შეაფურთხოს მსხვერპლს და დააბრმავოს.

საფრთხილოა გიურზების მოვლაც, რომლებიც, სხვათა შორის, თბილისში აღმოაჩინეს, მათ შორის ავლაბარში, ბოტანიკურ ბაღსა და ორთაჭალაში. ცხადია, ყოველთვის არის საშიშროება, რომ გველმა დაგგესლოს. შხამიანს არა, მაგრამ არაშხამიან გველს ჩემთვის ბევრჯერ უკბენია.

ზოოპარკის დირექციაში ამბობენ, მომვლელად ვერ იმუშავებ, თუ ცხოველები არ გიყვარსო. თუმცა სიყვარული სიფრთხილეს ხელს არ უშლის. მთავარია, მომვლელმა ყურადღება არ მოადუნოს. და კიდევ: გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ცხოველი ადამიანისმაგვარი მაიმუნი ყოფილა, რადგან არასდროს იცი, მისგან რა ხიფათს უნდა ელოდო...

სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე