"მწვანე ზონა" - ტოქშოუ "პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" ეთერში - კვირის პალიტრა

"მწვანე ზონა" - ტოქშოუ "პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" ეთერში

"მწვანე ზონა" წარმატებული პროექტი იქნება, რადგან გარემოსა და ბუნების დაცვის საკითხები ის თემებია, რომელიც თითოეული ცივილიზებული ადამიანის საფიქრალი უნდა იყოს"

ცოტა ხანში "პალიტრა TV"-ის სატელევიზიო ბადეს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეემატება. "მწვანე ზონა" - ტოქშოუში ამ სახელწოდებით, გადაცემის წამყვანი და მოწვეული სტუმრები მიმდინარე და აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებზე იმსჯელებენ. გადაცემა ინტერაქტიული იქნება და მასში მონაწილეობა, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით, "პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" მაყურებელსაც შეეძლება. გადაცემა შაბათობით გავა ეთერში და მას ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი გაუძღვება.

ლაშა ჩხარტიშვილი, გადაცემა "მწვანე ზონას" ავტორი და წამყვანი: - მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვა თანამედროვე მსოფლიოში მართლაც პრინციპული, გადამწყვეტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, საქართველოს მედიასივრცეში (ვგულისხმობ ელექტრონულ მაუწყებლობას), არ არსებობს ამ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მიძღვნილი გადაცემა. არადა, საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხები, რადგან წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებისთვის ეს თემა რუხ ლაქასავით იყო. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დღესაც აუღელვებლად უყურებს ამ საკითხს, რადგან ეკოლოგიური პრობლემა თავს იჩენს ხოლმე არა იმ კონკრეტულ მომენტში, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეკოლოგიური პრობლემების გამო ადამიანები ნელი სიკვდილით იღუპებიან და რა მნიშვნელობა აქვს, კაცს ყალიბში ჩამოსხმული ტყვია მოკლავს თუ ჰაერში გაბნეული?! ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლოა დაავადდეს სიმსივნით იმის გამო, რომ საქართველოში იყიდებოდა და დღესაც იყიდება ტყვიით დაბინძურებული საწვავი, რასაც კანონმდებლობა კრძალავს. ეკოლოგიური პრობლემები მრავალმხრივია, ფაქტობრივად, არ არსებობს მიმართულება, სადაც ამ მხრივ რეალური პროგრესი შეინიშნება, მათ შორისაა დიდი კაშხლების მშენებლობა, რომელიც საკვანძო საკითხია არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. მოქმედმა ხელისუფლებამ დადო პირობა, - დიდ კაშხლებზე უარს ვიტყვითო, მაგრამ პირობას არღვევს და ლობირებს ასეთ პროექტებს. ამასვე ვიტყვი გენმოდიფიცირებულ პროდუქტების აკრძალვაზე, რაზეც  მხოლოდ ლაპარაკობდნDენ წინა ხელისუფლებაში და ლაპარაკობენ ახლაც.

გარემოს დაცვა ის საკითხია, რომელიც ეხება კაცობრიობის უმთავრეს ღირებულებას - სიცოცხლეს. მაგალითად, თბილისში, ბოლო 10 წელიწადში, სიმსივნური დაავადებების გამოვლენის რაოდენობა 2,6-ჯერ გაიზარდა. ამ დაავადების მთავარ მაპროვოცირებელ გარემოებად კი გვევლინება გაუკონტროლებელი სურსათი და აბსოლუტურად დაუცველი გარემო.

- რა იქნება თქვენი გადაცემის მიზანი?

- ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით გავზარდოთ მოქალაქეთა ცნობიერება, შევახსენოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას და გარემოს ადამიანისთვის, რომ არა მხოლოდ სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ ეროვნული ღირებულებებისთვის, მატერიალური, ფიზიკური განვითარებისთვის  არის მნიშვნელოვანი ბუნების დაცვა. თუკი მდგრადი განვითარება არ იქნება ამოსავალი წერტილი სახელმწიფოსთვის, საქართველოს, უკეთეს შემთხვევაში, მეორე-მესამეხარისხოვანი სახელმწიფოს როლი ექნება მსოფლიოში, რომელიც სხვა ქვეყნების ბიზნესჯგუფების გამდიდრებასა და მათთვის კეთილდღეობის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. არც პოტენციალი გვაქვს, რომელიმე განვითარებულ ქვეყანას წარმოების მასშტაბებით გავეჯიბროთ, მაგრამ შეგვიძლია ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული ვიყოთ ჩვენი ექსკლუზიურობით. მათ შორის ბუნებრივ და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ.

ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ამ მხრივ მივიღოთ მნიშვნელოვანი დივიდენდი.

ევროკავშირში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია განსაკუთრებით ფასობს და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა.

გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადება მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი საარჩევნო პირობა იყო, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, ვყოფილიყავით იმ ექვს ქვეყანას შორის, რომელსაც თავისი ტერიტორია გამოცხადებული აქვს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად და ამ გზით იცავს არა მხოლოდ თავის მოქალაქეებს, არამედ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე.

იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა შეგვეძლოს გარემოზე ზემოქმედების ზიანის მოცულობის და ხარისხის შემცირება. მაგალითად, უნდა მოვახერხოთ ისეთ ელემენტარულ საკითხებში გარკვევა მაინც, როგორიც არის უსაფრთხო საკვები პროდუქტების შერჩევა. ჩვენი გადაცემით ამ ინფორმაციას საზოგადოებამდე მივიტანთ.

- როგორი იქნება გადაცემის ფორმატი, გეყოლებათ სტუმრები, იქნება დისკუსია კონკრეტულ თემებზე?

- ტოქშოუს პირველ ბლოკში სტუმრებთან ერთად გვექნება დისკუსია  კვირის აქტუალურ, გარემოსდაცვით საკითხებზე. გადაცემის პირველ ბლოკში ასევე მოვუსმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. გადაცემის მეორე ნაწილი კი მიეძღვნება კონკრეტული საკითხის სპეციალისტთან დიალოგს, მისგან მოვისმენთ რჩევებს, როგორ შეიძლება ადამიანმა დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა არსებულ პირობებში. გადაცემაში გვექნება ეკოლოგიური დაიჯესტიც, რომელიც მიაწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში გარემოსდაცვით მოვლენებთან დაკავშირებით.

ვგეგმავთ ვიქტორინას ეკოლოგიურ თემებზე, რაც, ვფიქრობ, წაახალისებს მსმენელისა და მაყურებლის ჩართვას გადაცემის მსვლელობისას. ვფიქრობ, "მწვანე ზონა" წარმატებული პროექტი იქნება, რადგან გარემოსა და ბუნების დაცვის საკითხები ის თემებია, რომელიც თითოეული ცივილიზებული ადამიანის საფიქრალი უნდა იყოს.