"თანამდებობიდან გადადგომა აზრადაც არ მომსვლია"
03-02-2014
"თანამდებობიდან გადადგომა აზრადაც არ მომსვლია"
"საყდრისის მაღაროებს სტატუსი კი არ გაუუქმდა, ბათილად გამოცხადდა საკანონმდებლო აქტი, რომლითაც მაღაროს ძეგლის სტატუსი მიენიჭა"

"საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი"


"გადავდექი, ოღონდ ჭკუიდან!" - ჟურნალისტების კითხვას, გადადგა თუ არა თანამდებობიდან, ასე პასუხობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.


- შესაძლოა, ვინმემ იფიქრა, რომ რადგან საყდრისის მაღაროების თემა მძიმეა, უნდა გადავმდგარიყავი. ეს მართლაც მძიმე თემაა, მაგრამ გადადგომა აზრადაც არ მომსვლია.

- გაკრიტიკებენ, რომ საყდრისის მაღაროებს ძეგლის სტატუსი თქვენი ნებართვით მოეხსნა.

- ეს არასწორი ფორმულირებაა. სტატუსი არ მოგვიხსნია. 2013 წლის მაისში კომპანია, რომელიც საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს აფეთქების მეთოდით მოიპოვებს (არსებობს ოქროს მოპოვების ორი მეთოდი: აფეთქებით და მაღაროული, მაგრამ ეს უკანასკნელი არარენტაბელური ყოფილა), ითხოვდა, მიგვეცა უფლება,
ძეგლი სხვა ტერიტორიაზე გადაეტანათ, რათა ოქროს მოპოვება გაეგრძელებინათ. ძეგლების გადატანა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუ სახელმწიფო თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია. მაგალითად, ეგვიპტეში სუეცის არხის დაგუბების გამო, უძველესი ძეგლები გადააადგილეს, ჩინეთში კი 20 მეტრი სიმაღლის და ამაზე განიერი უძველესი სამარხი ამოჭრეს და 50-სართულიანი ნაგებობის თავზე განათავსეს - მიწას სპეციფიკური სითხით გაჟღენთენ, ამოჭრიან და გადააქვთ უვნებლად...

მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ საყდრისის ძეგლი არ არის მიწისზედა ნაგებობა, რომელსაც იოლად გადაიტან. ეს არის ბორცვი, სადაც აღმოაჩინეს ოქროს მოსაპოვებელი ორი გვირაბი. საყდრისს ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, გოკა გაბაშვილის მინისტრობის დროს. ეს ის პერიოდია, როდესაც სტატუსს უბრუნებდნენ იმ ძეგლებს, რომელთაც იგი საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდათ. საყდრისის გარდა, ყველა ძეგლს აქვს პასპორტი. საქმე ისაა, რომ სტატუსი კი არ გაუუქმდა, ბათილად გამოცხადდა საკანონმდებლო აქტი, რომლითაც მაღაროს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კანონის თანახმად, ძეგლს სტატუსი მოეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დანგრეულია, დაშლილია, დაკარგა პირვანდელი სახე და მნიშვნელობა. ამას ადგენს ჩვენი სტრატეგიული საბჭო, რომელიც მოხსნის ან არ მოხსნის სტატუსს და მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად.

- ინვესტორს აქვს ამ უპასპორტო, მაგრამ მაინც ძეგლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება?
- კომისიის ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ბოლომდე არ არის შესწავლილი და კანონის თანახმად, ისევე ხელშეუხებელია, როგორც ძეგლი, მისი ხელყოფა კანონით ისჯება. ამასთან, ტერიტორია ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სამუშაოების ჩატარების ლიცენზია გადასცა კომპანია რმგ-ს. კულტურის სამინისტრო ვერ დაითვლის, რა სარგებლობა მოაქვს მას სახელმწიფოსთვის, ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განიხილოს, განსაზღვრონ, საყდრისში ოქროს მოპოვების შეჩერების შემთხვევაში სად წავა იქ დასაქმებული 3 000 ადამიანი, გამოიწვევს თუ არა ეს მათ მიგრაციას და შექმნის თუ არა სხვა პრობლემებს. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს განკარგულება ამ ტერიტორიაზე ოქროს წარმოების შესახებ. საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც, რადგან საყდრისის მაღაროების არქეოლოგიური კვლევის პროექტი ქართულ-გერმანულია და კომპანია "ფოლკსვაგენმა" მისი განხორციელებისთვის 800.000 ევრო გადაიხადა. ამიტომ საყდრისის ბედით დაინტერესებულია გერმანიის საელჩოც.

- ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა?

- განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომელსაც სამინისტრო ემხრობა - დარჩეს მაღარო თავის ადგილზე, გაუკეთდეს ირგვლივ დამცავი ფარი, რომლის მიღმა ოქროს მოპოვება აფეთქების მეთოდით გაგრძელდება, ძეგლის ახლოს კი - მაღაროული წესით. ასევე ვმსჯელობთ ძეგლის გადატანაზე სხვა სამუზეუმო სივრცეში, ან ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების შეწყვეტაზე... საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო განხილვების საფუძველზე მიიღებს პრემიერ-მინისტრი.

- გასული წლის ბოლოს "კვირის პალიტრამ" საზოგადოებას აცნობა, რომ ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი გაიყიდა... გაირკვა, ვინ არის ამ ამბავში დამნაშავე?
- წინა ხელისუფლების დროს სასახლის ეზოს ნაწილი იყიდა ბიზნესმენმა ვინმე ლევან ქარდავამ, რომელიც ამავე დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. გაიძახის, 135 ათასი ლარი გადავიხადე, დამიბრუნეთ და დაგიბრუნებთ მიწასო. მიწა უკანონოდ არის გაყიდული. ვინ გაყიდა და როგორ, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

- ანეკდოტად ჰყვებიან ამბავს, როგორ დაუბრუნა კულტურის სამინისტრომ ბიუჯეტს მორჩენილი ფული. ნუთუ ყველა კულტურული პროექტი დაფინანსებულია? ქვეყანაში, სადაც უამრავი ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაშია, ბიუჯეტში დასაბრუნებელი ფული როგორ დაგრჩათ?
- კულტურის სამინისტროს აქვს 83 "სიპი", დაახლოებით სამოცს ჩვენ ვაფინანსებთ. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ამ ორგანიზაციებმა ეს თანხა ვერ დახარჯეს და კულტურის სამინისტროს ბალანსზე დარჩა მილიონ ლარზე მეტი. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ვერ ვაფინანსებდით მთელ რიგ პროექტებს, რადგან ეს მოსყიდვად ჩაგვეთვლებოდა. 300 ათასი გამოყოფილი იყო უკრაინაში კულტურის სამინისტროს ვიზიტისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ამასთან, თითოეული პროექტისთვის გამოყოფილ თანხას აქვს კოდი, რაც საშუალებას არ გაძლევს, დარჩენილი თანხა სხვა პროექტს მოვახმაროთ. გადავწყვიტეთ, ბიბლიოთეკებს ორ წელიწადში ერთხელ მივცეთ ვაუჩერები. 2012 წელს უკვე გავეცით, წელსაც გავცემთ. რაც შეეხება მწერალთა სახლს, პირად კონტროლზე ავიყვან, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ვთხოვ, დაეხმაროს. ავარიული სახლების ბედი მერიამ უნდა გადაწყვიტოს. მუცოს კი წელს გავამაგრებთ.

- როგორია თურქეთში ქართული ძეგლების მდგომარეობა, რას მივიღებთ რესტავრაციის შემდეგ - აღდგენილ ძეგლებს თუ გარემონტებულ ნაგებობებს?

- იშხანში ხარვეზები გამოსწორდა და კარგი მდგომარეობაა, თურქეთის კულტურის სამინისტრო ჩვენს ექსპედიციებს რესტავრაციის მონიტორინგში ხელს უწყობს. ოშკში კიდევ უკეთესად იქნება საქმე.

- რას აპირებს მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრო?

- ეს წელი ოპერის წელი იქნება. ასევე ფრანკფურტში დავიწყებთ მოსამზადებელ პერიოდს 2018 წლისთვის, როდესაც საქართველო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება.
ნანა
08 თებერვალი 2014 00:16
დაბა კაზრეთი რომ იწამლება დაბინძურებული ჰაერით, ასევე ბოლნისიც, ამაზე რატომ არაფერს ამბობთ? მდინარე მასავერაში წყალმცენარეებიც კი არ ხარობენ და ვინც მასში ჩადგამს ფეხს,"ბოტკინი" გარდაუვალია. ჩემს ბავშვობაში, რამდენიმე ბავშვი ვიცი, ვინც მაგ წყალში ბანაობის შედეგად დაინფიცირდა. საერთოდ უნდა გამოცხადდეს მადნეულის საბადო დახურულ ზონად და ტურისტულ ზონად გადაკეთდეს. რა მოხდა ერე? თუ სტალინის სახლ-მუყეუმში შესვლა 15 ლარი ღირს, მაშინ მსოფლიოს უძველესი მაღაროს მოსანახულებლად ნებისმიერი ტურისტი გაიმეტებს იგივე თანხას... ის ხალხიც დასაქმდება, ვინც ახლა მონურ შრომაშია და სხვა თუ არაფერი, სუფთა ჰაერს ისუნქებს...
nita
05 თებერვალი 2014 11:40
სამწუხაროდ ამ სტატიის წაკითხვის საშუალება არ მეძლევა.უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო:ჩემი აზრით კულტურული ძეეგლი საყდრისი არ არის , ისტორიულს რაც შეეხება,მთელი საქართველო ისტორიული ძეგლია და დავიკრიფოთ გულზე ხელი და ისტორია ვართთქო და აღარ ვიმუშაოთ.ის მაღარო არამარტო იქ დასაქმებულების და მათი ოჯახების შემოსავლის წყაროა,არამედ მასზე დამოკიდებული კიდევ რამოდენიმე სტრუქტურაა,მაგალითად კვლევითი ინსტიტუტი,მადნეულის მარაგი ამოწურულია და იქ დასაქმებულები საყდრისში უნდა გადანაწილდნენ.ხალხის შემოსავლის წყაროა!ექსპერტებს რაც შეეხება,ზუსტად ვიცი,რომელი მხარეც გადაუხდის ფულს,იმათ სასარგებლოდ ლაპარაკობენ და ამიტომ რამოდენიმე "მეცნიერ-ექსპერტმა" რამოდენიმეჯერ შეცვალა ამ საკითხზე თავისი დასკვნა.ჩვენი კულტურის მინისტრი და მისი მოადგილე , ქალბატონი მიზანდარი , ძალიან არაკომპეტენტურები არიან,არამარტო ამ საკითხში,ბევრ სხვაშიც!
tornike
04 თებერვალი 2014 20:36
ჰოდა,აზრზე მოდი და გადადექი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები