თბილისში პარკირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
03-02-2014
თბილისში პარკირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
სქუფშოთით დაფიქსირებული რეალობის სიმახინჯეები

კავკასიის რეგიონში პირველად "პალიტრამედიის" მიერ განხორციელებული პროექტი შცოოპსჰოტ უკვე ძალიან პოპულარულია. ყოველდღიურად იზრდება შცოოპსჰოტ-ერთა რაოდენობაც. ისინი საკუთარი სმარტფონებით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიან "პალიტრამედიას" და ფულსაც შოულობენ. საქართველოში "სქუფშოთის" დანერგვის მიზანი ისიც არის, რომ მკითხველი ჩაებას სიახლეთა გამოქვეყნების პროცესში და განვითარდეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა, რაც მედიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველს სტიმულიც აქვს - სმარტფონით გადაღებულ ფოტოსა ან ვიდეოფირში მას საფასურის მიღება შეუძლია.

"გადაიღეთ არასწორად, უცნაურად, სახალისოდ პარკირებული
სატრანსპორტო საშუალებები და გამოგვიგზავნეთ სცოოპსჰოტ-ის აპლიკაციის საშუალებით. ჩვენ ავარჩევთ და შევიძენთ რამდენიმე საუკეთესოს," - ასეთი იყო ამბები.გე-ს ერთ-ერთი ბოლო დავალება. დავალების შესრულება ძნელი არ აღმოჩნდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მიღებულმა ფოტოებმა დაგვარწმუნა, რომ თბილისში არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის, არამედ პარკირების მხრივაც უმძიმესი მდგომარეობაა.
ფოტოების უმრავლესობაში განსაკუთრებით ჩანს ქვეითად მოსიარულეთა უფლებების არად ჩაგდება.  

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა,  პარკირებას მოვუვლითო, საკითხი დღემდე გადაუჭრელია. მეტიც - უამრავ ადგილზე არა მხოლოდ პარკირებას, საერთოდ, ავტომობილების მოძრაობას აფერხებს უადგილოდ დადგმული ნაგვის ურნები. ხშირად მათ წააწყდებით ტრასაზე ან პარკირებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, თუმცა ეს არ ამართლებს მძღოლების დაუდევრობას - იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ  არ ანაღვლებთ, სად გაივლის ფეხით მოსიარულე, მთავარია, მანქანა გააჩერონ კომფორტულად, მაგალითად, ცხვირით მიაბჯინონ სადარბაზოს კარს, ჭიშკარს და ა.შ. პარკირების წესების დარღვევის შემთხვევათა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს სქუფშოთერთა გამოგზავნილი ფოტოები.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბაქოს ქუჩაზე, 24-ე საჯარო სკოლის წინ მოქალაქეს ჯიპით მთლიანად გადაეკეტა ქვეითად მოსიარულეთა გასავლელი. ავტომობილის სავალ, ისედაც ვიწრო გზაზე ხალხის გადასვლა კი საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს. მძღოლი სალონში იჯდა მოზარდთან ერთად. ვთხოვე, მანქანა ისე დაეყენებინა, რომ ქვეითად მოსიარულეებს გავლა შესძლებოდათ. გაცხარდა, რას ჰქვია, ჭკუას მასწავლი, როგორც ჩანს, ვერ ხვდები, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, წესრიგი არსად არის დაცული და ჩემგან ითხოვო? ავტომობილის სწორად გაჩერებას და ჩემი, ფეხით მოსიარულის, უფლებების დაცვას გთხოვთ-მეთქი. სულ გაგიჟდა - ჯერ პარკირების საკითხი მოაწესრიგე და ჭკუა მერე მასწავლე. შვილს ველოდები და სკოლასთან მანქანა სხვანაირად როგორ გავაჩეროო? შევეცადე, ამეხსნა, რომ პარკირების მოწესრიგების საკითხზე გიგი უგულავას ან მერიის შესაბამის სამსახურს უნდა მიაკითხოს, მანამდე კი არაფერი დაშავდება, ტროტუარზე მხოლოდ სანახევროდ თუ შეაყენებს მანქანას. შე დალოცვილო, სკოლასთან რომ დგახარ და შენს შვილს ელოდები, მით უფრო არ უნდა ზრუნავდე, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გაიარონ-მეთქი? ამაოდ, ვერც ჩემმა თხოვნამ გაჭრა, ვერც შეჩვენებამ. წესრიგის დამრღვევის მანქანას ფოტოც გადავუღე, თუმცა, რადგან სქუფშოთერად დარეგისტრირებული არ ვარ, ჩემი ფოტო ვერ მოხვდა იმ უამრავ ფოტოს შორის, რომლებიც "პალიტრამედიაში" გამოგზავნეს სქუფშოთერებმა. არადა, "სქუფშოთის" გამოყენებით, შესაძლოა, თითოეულმა ჩვენგანმა  მატიანეც კი შექმნას, რომლის მიხედვით მომავალი თაობები მიხვდებიან, როგორ არ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება პარკირების პრობლემას, სანამ დედაქალაქის მთავრობა ამ საკითხს მოაგვარებს, ნამდვილად შეიძლება ავტომობილების ისე გაჩერება, რომ სხვა მძღოლის უფლებაც დავიცვათ და არც ქვეითად მოსიარულე ჩავაგდოთ საფრთხეში.


ყურადღება!

"კვირის პალიტრის" ახალი დავალება სქუფშოთერებისთვის:
გადაიღეთ ყველაზე სასაცილო, ახირებული და უცნაური სახელწოდების მქონე ობიექტები და გამოგვიგზავნეთ ფოტო. ორიენტირად განცხადებაში მოყვანილი სამი  ფოტო გამოგადგებათ!


tiotio
08 თებერვალი 2014 14:08
თუ არ ვცდები, სითი პარკი კერძო კომპანიაა. იქნებ ვინმემ ახსნას, რატომ გადაეცა ხალხის საკუთრება კერძო კომპანიას? მხედველობაში მაქვს ქუჩების ის ნაწილი, რომელიც მათ თეთრი ზოლით შემოსაზღვრეს და ჩვენ ფულს გვახდევინებენ. ევროპელობას რომ ვიჩემებთ, იქნებ რამე გვესწავლა ევროპისგან. აქ მსგავსი პარკინგები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და შესული თანხა ისევ იმ ქუჩების მოვლა-მოწესრიგებას ხმარდება. ჩვენთან კი რა ხდება? ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით დაგებულ ასფალტზე მანქანის გაჩერებისთვის ფულს ვუხდით კერძო კომპანიას, რომელმაც იქ მხოლოდ თეთრი ზოლი გაავლო. ეს ნამდვილი რეკეტია არა მარტო კომპანიის, არამედ სახლემწიფოს მხრიდანაც, რომელმაც ეს უმსგავსოება დაუშვა. თუ სითი პარკი მერიას ეკუთვნის, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, თუმცა მაინც არსებობს ერთი დიდი უხერხულობა. იქნებ თვეში სულ რამდენჯერმე მჭირდება მანქანის გაჩერება ნახევარი საათით. რატომ უნდა გადავიხადო მთელი თვის გადასახადი? ესეც რეკეტია.. კეთილი ინებეთ და დააყენეთ გადახდის აპარატები.
irakli
05 თებერვალი 2014 15:41
ისე იმ მწვანე მანქანის მძღოლს გორგასლის უმაღლესი ხარისხის მედალი ეკუთვნის,მანქანის ასე დაპარკირება არც ისე იოლია. ვისაც არ სჯერა თვითონ სცადოს აბა თუ გამოუვა.
:)
ბირთვისელი
03 თებერვალი 2014 11:49
დასაგმობია ის რომ მანქანებს არასწორედ აჩერებენ მძღოლები მაგრამ მძღოლებმაც რა ქნან სად გააჩერონ მანქანა სითი პარკმა ხომ ქალაქში თავისუფალი ადგილები სადაც მანქანა შეიძლება გააჩერო მთლიანად შეისყიდა? გააჩერებ მანქანას გადახვალ რამოდენიმე წუთით დაბრუნდები და მანქანა აღარ არის გარდა იმისა რომ ჯარიმას გიწერემ მანქანის გადაყვანის ხარჯიც გადასახდელი გიხდებათ. მაინტერესებს რამდენად კანონიერია ასეთი ქმედება.კერძო საკუთრების დროებით თუ მუდმივად ჩამორთმევის უფლება სასამართლოს გარეშე სითი პერკის მიერ რამდენად კანონიერია. ნუთუ არ შეიძლება რომ ხალხს განემართოს რისი უფლება აქვს სითი პარკს და რა უფლებებს არღვევს, გასარკვევია ამ ადგილებში დგომა იკრძალება თუ გაჩერება? თბილისის მაცხოვრებლები გასაგებია შეიძენენ ერთთვიან ბარათს რომელიც ამ ადგილებში გაჩერების უფლებას გაძლევს მაგრამ რეგიონებიდან ჩამოსულებმა რა ქნან სად ირბინონ ერთდღიანი ან აერთსაათიანი გაჩერების ბარათის შესაძენად რატომ არ დგას სითიპარკის ტერიტორიებზე ქვითრის ასაღები ავტომატები? თუკი ბანკებში გაკეთდა და დამონტაჟდა ავტომატები რომლებიც იძლევიან ბარათს თუ მერამდენე ხარ რიგში ასეთივე ავტომატის დამონტაჟება ხომ მათაც შეეძლოთ მაგრამ ეს კომპანია ალბათ მაფიოზურ კლანური მმართველობის ერთერთი რგოლია. ან კიდევ რა მოაწესრიგა სითი პარკმა ქალაქში ძალიან მაინტერესებს? ალბათ ის რომ ხატვა ისწავლეს და შემოხაზეს ის ადგილები რაც მიისაკუთრეს. ყველაფერს მემგონი სჯობს გაუქმდეს სითიპარკი არ აღსდგეს ტექ დათვალიერება და ამის მაგიერ შემოღებულ იქნას საგზაო გადასახადი (გზით სარგებლობის) რომელიც მთლიანად ბიუჯეტში წავა და არა ის გადასახადები რომლებიც ვიღაცის გამდიდრებას უწყობს ხელს.

რედაქტორის რჩევით