თბილისში პარკირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია - კვირის პალიტრა

თბილისში პარკირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

სქუფშოთით დაფიქსირებული რეალობის სიმახინჯეები

კავკასიის რეგიონში პირველად "პალიტრამედიის" მიერ განხორციელებული პროექტი შცოოპსჰოტ უკვე ძალიან პოპულარულია. ყოველდღიურად იზრდება შცოოპსჰოტ-ერთა რაოდენობაც. ისინი საკუთარი სმარტფონებით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიან "პალიტრამედიას" და ფულსაც შოულობენ. საქართველოში "სქუფშოთის" დანერგვის მიზანი ისიც არის, რომ მკითხველი ჩაებას სიახლეთა გამოქვეყნების პროცესში და განვითარდეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა, რაც მედიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველს სტიმულიც აქვს - სმარტფონით გადაღებულ ფოტოსა ან ვიდეოფირში მას საფასურის მიღება შეუძლია.

"გადაიღეთ არასწორად, უცნაურად, სახალისოდ პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები და გამოგვიგზავნეთ სცოოპსჰოტ-ის აპლიკაციის საშუალებით. ჩვენ ავარჩევთ და შევიძენთ რამდენიმე საუკეთესოს," - ასეთი იყო ამბები.გე-ს ერთ-ერთი ბოლო დავალება. დავალების შესრულება ძნელი არ აღმოჩნდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მიღებულმა ფოტოებმა დაგვარწმუნა, რომ თბილისში არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის, არამედ პარკირების მხრივაც უმძიმესი მდგომარეობაა. ფოტოების უმრავლესობაში განსაკუთრებით ჩანს ქვეითად მოსიარულეთა უფლებების არად ჩაგდება.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა,  პარკირებას მოვუვლითო, საკითხი დღემდე გადაუჭრელია. მეტიც - უამრავ ადგილზე არა მხოლოდ პარკირებას, საერთოდ, ავტომობილების მოძრაობას აფერხებს უადგილოდ დადგმული ნაგვის ურნები. ხშირად მათ წააწყდებით ტრასაზე ან პარკირებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, თუმცა ეს არ ამართლებს მძღოლების დაუდევრობას - იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ  არ ანაღვლებთ, სად გაივლის ფეხით მოსიარულე, მთავარია, მანქანა გააჩერონ კომფორტულად, მაგალითად, ცხვირით მიაბჯინონ სადარბაზოს კარს, ჭიშკარს და ა.შ. პარკირების წესების დარღვევის შემთხვევათა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს სქუფშოთერთა გამოგზავნილი ფოტოები.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბაქოს ქუჩაზე, 24-ე საჯარო სკოლის წინ მოქალაქეს ჯიპით მთლიანად გადაეკეტა ქვეითად მოსიარულეთა გასავლელი. ავტომობილის სავალ, ისედაც ვიწრო გზაზე ხალხის გადასვლა კი საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს. მძღოლი სალონში იჯდა მოზარდთან ერთად. ვთხოვე, მანქანა ისე დაეყენებინა, რომ ქვეითად მოსიარულეებს გავლა შესძლებოდათ. გაცხარდა, რას ჰქვია, ჭკუას მასწავლი, როგორც ჩანს, ვერ ხვდები, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, წესრიგი არსად არის დაცული და ჩემგან ითხოვო? ავტომობილის სწორად გაჩერებას და ჩემი, ფეხით მოსიარულის, უფლებების დაცვას გთხოვთ-მეთქი. სულ გაგიჟდა - ჯერ პარკირების საკითხი მოაწესრიგე და ჭკუა მერე მასწავლე. შვილს ველოდები და სკოლასთან მანქანა სხვანაირად როგორ გავაჩეროო? შევეცადე, ამეხსნა, რომ პარკირების მოწესრიგების საკითხზე გიგი უგულავას ან მერიის შესაბამის სამსახურს უნდა მიაკითხოს, მანამდე კი არაფერი დაშავდება, ტროტუარზე მხოლოდ სანახევროდ თუ შეაყენებს მანქანას. შე დალოცვილო, სკოლასთან რომ დგახარ და შენს შვილს ელოდები, მით უფრო არ უნდა ზრუნავდე, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გაიარონ-მეთქი? ამაოდ, ვერც ჩემმა თხოვნამ გაჭრა, ვერც შეჩვენებამ. წესრიგის დამრღვევის მანქანას ფოტოც გადავუღე, თუმცა, რადგან სქუფშოთერად დარეგისტრირებული არ ვარ, ჩემი ფოტო ვერ მოხვდა იმ უამრავ ფოტოს შორის, რომლებიც "პალიტრამედიაში" გამოგზავნეს სქუფშოთერებმა. არადა, "სქუფშოთის" გამოყენებით, შესაძლოა, თითოეულმა ჩვენგანმა  მატიანეც კი შექმნას, რომლის მიხედვით მომავალი თაობები მიხვდებიან, როგორ არ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება პარკირების პრობლემას, სანამ დედაქალაქის მთავრობა ამ საკითხს მოაგვარებს, ნამდვილად შეიძლება ავტომობილების ისე გაჩერება, რომ სხვა მძღოლის უფლებაც დავიცვათ და არც ქვეითად მოსიარულე ჩავაგდოთ საფრთხეში.

ყურადღება!

"კვირის პალიტრის" ახალი დავალება სქუფშოთერებისთვის:

გადაიღეთ ყველაზე სასაცილო, ახირებული და უცნაური სახელწოდების მქონე ობიექტები და გამოგვიგზავნეთ ფოტო. ორიენტირად განცხადებაში მოყვანილი სამი  ფოტო გამოგადგებათ!