"უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები..." - კვირის პალიტრა

"უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები..."

"საშობაოდ ინდაურის ჭუკადაც არავის ვუნდივარ მწერალი"

"პუტინი საერთაშორისო საშინელებაა"

"უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები... მოყვარეს გავეღები, მტერს ჩავეკეტები. ვიჭრიალებ, სულიერების ჩიტი ვიქნები იმ ჩემს ნანატრ გალიაში"...

როგორ არ მიყვარდეს ამ სიტყვების ავტორი... მჯერა, მიუხედავად წლების სიმრავლისა და შერყეული ჯანმრთელობისა, "კარობას" ყოველთვის შეძლებს. სიტყვა აქვს ისეთი, მოყვარეს გულს გაუღებს, მტერს - ჩაუკეტავს. ამიტომაც საახალწლოდ მივდივარ და კიდევ ერთხელ ვუსმენ მერაბ ელიოზიშვილის ტკივილსა და "ჭრიალში" გამოვლილ ხმამაღალ ფიქრებს:

- როგორი წელი გავიდა და... ტკივილიანი. თან მერამდენე ტკივილიანი წელი! მეჩვენება გაყინული ჩემი სახლი, დამწვარი... იქიდან თითქოს მურიას გამოყოფილი აქვს თავი და როდის ჩამოხვალო, მელოდება! ჯერ პასპორტები დაურიგა, ტყუილები აყლაპა და მართლა გაამგელა ოსები, მერე შემოვარდა მგელი, მიაჭ-მოაჭამა ქართლს იქით-აქეთ ლიახვის ხეობის ნაპირები, ჩვენი სოფლები: ხეითი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი... მცხეთამდე ჩემიაო... როგორ არის მცხეთამდე თქვენი... უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო...

პატრონი არა გვყავს დიდი ხანია, არც თავები გვაქვს მაინცდამაინც.

17 ათასი ოსია ცხინვალის რაიონშიო. ეგ რამდენია რუსისთვის, ერთი ბატალიონია, რა. ჩააჩოჩებს ნელ-ნელა და გაიშლება თვითონ მხრებში.

- ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?

- ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო, ნათქვამია. ადგილის მწევარისა რა გითხრათ! ცხინვალში ვცხოვრობდი და იქ არც ერთი მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი არ მინახავს ჩამოსული. მე რა გამეკეთებინა. ოთხი სპექტაკლი დავდგით. "ყველასაგან ყველასათვის" ერქვა ერთს. 19 ანშლაგი იყო ზედიზედ. ბილეთები არ იშოვებოდა. რატომ? ამ სპექტაკლით ვამბობდით: თანაბრად მოეკითხოს ოსსაც და ქართველსაც ავი და კარგი.

- ახლა გვიანაა ამაზე ფიქრი?

- არაფერიც არ არის გვიან! ქართველი კაცი უნდა მოვიდეს ჭკუაზე და ოსმაც თავი გაიხეთქოს, რომ ნაბზარიდან მაინც შეუშვას ტვინში სიმართლე! რუსს ტრასა უნდა, რომ თავისი ტანკებით იჯლიგინოს. ახალგორში რა უნდათ მაგათ? სატირალი არის, მაშ რა არის!

კიდევ უნდა გავიმეორო: რაც იყო რუსი 200 წლის წინ, ის დარჩა. ოს ლიდერებს რა უყვეს მთიულეთის აჯანყებაში? დაიჭირეს, შეკრეს, კატები დაუკლეს, წუნწუხში ამოუვლეს და ისე აჭამეს. ჩვენ რა, ნაკლები გვიყვეს კახეთში? მაგრამ ჩვენ გვიწერია ეს ისტორიაში, მაგათ - არა. ჩვენ გვახსოვს, მაგათ - არა!

- რუსეთის მტრად დანახვა ზოგს წამგებიან პოზიციად ეჩვენება...

- ხომ გაგიგონიათ, ღმერთმა ნუ ქნას რუსის ბუქნაო! შენ რომ არ გინდოდეს, საქართველოს მიწას ახსოვს მაგათი საქმეები. მე რუსი მაინც არა მძულს. ეს რუსმაც უნდა იცოდეს და ქართველმაც, მაგრამ პუტინი რომ არის ასეთი რუსი?! ეს საერთაშორისო საშინელებაა, რევოლვერზე დახატული კა-გე-ბეს ჩინოვნიკია. მხრების თამაშით რომ მიდის ხოლმე - მოჭიდავე ვარო! იმ დღეს აჩვენეს, რამდენი ფალავანი წააქცია. აბა, ახლა პუტინს ვინ წააქცევდა! ორი თავი მაინც ხომ უნდა ებას რუსს, სამი თუ არა, რომ პუტინი წააქციოს და კომუნისტური კბილებიდან დუჟი ადინოს. აბა, ნამდვილ ფალავანს დაეჭიდოს!

- ეგეთ ფალავანს ხედავთ საქართველოში?

- ვაი, რომ ვერა ვხედავ! მაგრამ როგორ იქნება, არ იყოს. თავი ვერ გვაჩვენეს, თორემ ნამდვილად გვყვანან ფალავნებიცა და ბიჭებიც!

ძაღლი დაწოლილი როა თეოზე და რომ არა სჩანს, უცბათ რომ წამოგიხტება და შეგაკრთობს,  ასე შევკრთები ხოლმე რამდენჯერმე დღეში, რომ ვუყურებ, რა ხდება.

უბედურება ისაა, რომ დღესაც კომუნისტებისაგან მოდის მთავრობა... იმან ის შვაი, იმან ის... და ბოლოს შევარდნაძემ შვა სააკაშვილი.

განა ვინმეს ვერჩი... ხელისუფალი ამოღებული ხმალივით უნდა იყოს თავისი ერისთვის. რო დამიჩლუნგდი... რო აღარა სჭრი ისე, სატევარმა რო უნდა გაჭრას, რა ვქნა?

- მომავლის იმედი გაქვთ?

- უმაგისოდ დედამიწა აღარ იარსებებს. ამდენი რღვევისაგან, სიცრუისაგან გადაიბუგება ყველაფერი. ჩემს წიგნში "აღემართენით" ვწერდი: "ცეცხლმა ალი დაკარგა და მწვადის ქარავანი გაებ-გამოება სუფრასა და სუფრას შუა. ცოდვის შვილები ნელ-ნელა ეშხში შევდიოდით, ყანწის ყუნწზე წყვილი ორბი ქართული ცეკვის დიდოსტატებივით ყამარობდნენ ძრავგამორთული ფრთებით. იქნებ ჯობდა ცვილიდან სანთლები დაგვეძერწა, აგვენთო და ერთხმად აღგვევლინა "მამაო ჩვენო"... ეს რატომ გავიხსენე, იცი? მაგ ჭამა-სმას ბევრი გადავაყოლეთ. რუსის საქმე კეთდებოდა მაგით, ჩვენ გვეგონა, ჩვენა ვჭამდით, სინამდვილეში, იმასაც რუსი გვიჭამდა რაც ხელში გვეჭირა და ზედ დესერტად ჩვენს სიცოცხლესაც აყოლებდა.

რას გვეჩიჩქნებიან, რა უნდათ?

- ახალი წლის მისალოცად რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

- მძიმე ჟამი გვიდგას. ჩვენს მიწიერ პატრონებს ჩირადაც არ უღირთ ჩვენი გასაჭირი. საშობაოდ ინდაურის ჭუკადაც არავის ვუნდივარ მწერალი. წიგნი მინდა გამოვცე, მაგრამ მერე... სად გავყიდო? ვის უნდა? 2 ლარი მაინც ხომ უნდა დავადო ფასი, იმისი გადახდაც შეიძლება ვერ შეძლოს გულიანმა მკითხველმა, უგულომ კიდევ რისი ფასი იცის. საგანგებოა თუ უგანგებო, ასეა ჩვენი ცხოვრება. დანასისხლად ვდგავარ იმ მთავრობასთან, რომელსაც ხალხის არ ესმის. თუ არ შეისმინეს, ყაზბეგსაც დავკარგავთ, და კიდევ სხვა ბევრსაც... პატრიარქის სულიერ სიმაღლეს ცხოვრებისეული გამჭრიახობით უნდა აუბან მხარი. უნდა გაიზარდო, გამყარდე. შენი სასიკეთო წინადადებით და საქმით უნდა გაამთლიანო საქართველო. დავიწყოთ და ვაკეთოთ სიკეთე ახალი წლიდან. მოვასწროთ და გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, სანამ არ შემოგვდგომია უკანასკნელი გასაჭირი.