"უტვინოები არიან, თორემ რა უნდოდა აღმაშენებლის ძეგლს გზაში?!" - კვირის პალიტრა

"უტვინოები არიან, თორემ რა უნდოდა აღმაშენებლის ძეგლს გზაში?!"

"კვირის პალიტრის" მკითხველს ახალ წელს, ტრადიციულად, ოტია იოსელიანი ულოცავს. ბატონ ოტიას 31 დეკემბერს დილით, როგორც გვითხრა, ჩაის სმის დროს  დავურკეთ..

- ბატონო ოტია, ახალ წელს გილოცავთ.

- მადლობა. დაესწარით მრავალს. საშინელი წელი გვქონდა. არის ცუდი, წყალწაღებული, მაგრამ ეს წელი ისეთი იყო, არ ვიცი, ერთ სიტყვაში როგორც ჩავტიო. არაფერი დაგვმართნია მიდღემჩი.

- რას გულისხმობთ?

- რა არ ვიგულისხმო? მიწა, წყალი, ტყე, მოსავალი, ხვნა, თესვა, ნგრევა, გაკეთებულის აფეთქება. რამდენი ჩამოვთვალო?

- ქუთაისში რაც მოხდა, ქვეყნის პირველი პირის ბრალი არ არისო.

- აბა, სხვა ვინ გაბედავდა მემორიალის აფეთქებას? მიეპარა ვიღაც ჩუმად და აუფეთქა მიშას?

- პუტინი ამბობს, მემორიალი მე უნდა აღვადგინოო...

- თქვა იმიტომ, რომ თქვენ მაგის ფასი არ იცითო. მართალია, არ ვიცით მისი ფასი.  რა არის ეს? ძეგლების ნგრევა სად გაგონილა? ჭკუა თუ არ გყოფნის, ის მაინც უნდა იცოდე, მსოფლიომ რამდენი ომი, ძარცვა და ნგრევა გადაიტანა, მაგრამ ძეგლს არ შეხებია არც მტერი და არც მოყვარე.

იმ ომში მე საჯიშე ბიჭები ჩამიხოცეს და იმიტომ არის ახლა ქვეყანა გამოთაყვანებული. რაც კარგები იყვნენ, დაიხოცნენ. ეს ძეგლია გადმონაშთი და ამ გადმონაშთს მისწორებს მაგი? არ მითხრა მაგაზე მეტი... ნერვებს ამიშლის.

ძეგლი ჩემოდანი კი არაა, იღლიაში ამოიდო და აქეთ-იქით ატარო. უტვინოები არიან, თორემ რა უნდოდა აღმაშენებლის ძეგლს გზაში?! ძეგლს ვუყურო თუ მანქანა ვმართო? ვერ მოიძებნა თბილისში სკვერი, რომ ის ძეგლი იქ დადგმულიყო? ძეგლი ისეთ ადგილას უნდა იყოს, აღქმის საშუალება გქონდეს. უწიგნურიც ვიცი და რეგვენიც, მაგრამ ამისთანა შეზღუდული ხალხი რა არის?! გონების შეზღუდვასაც გააჩნია, ხომ?

არა, ეროვნული უბედურება გვჭირს. გამოთაყვანება დაგვემართა, თქვენ დეპრესიას რომ ეძახით. გამოთაყვანებაა, ერი აზროვნების უნარს რომ დაკარგავს, სტიქიურ მასად გადაიქცევა და ჭამის მეტი არაფერი იცის. არც ხელოვნება, არც რამე ადამიანური, ამაღლებული, არც მშვენიერი.

ტყუილია გაბატონებული, ტყუილი კი ბოროტებაა, ტყუილი რაშიც ჩაერთვება, დასაღუპად არის განწირული. ხალხი გამოთაყვანებულია, თორემ ამ ხალხს გააჩერებდა ერთი დღე?!

ხალხი რომ არის გამოთაყვანებული, მაგას ვტირი, თორემ ხელისუფლება რა არის, ეგ კი ვიცი. შტერი გამოვიდა ერთი ტელევიზიით. ბავშვები შიმშილით მეხოცება. აქ რომ პარლამენტს გადმოიტანენ, ცხელ ხაჭაპურს მოუტანენ ჩემს ბაღანასო. ასე ერთიც რომ დაეცემა, ეს დაღუპავს თუნდაც ქვეყანას.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- ძველი სტილით აღვნიშნავ ახალ წელს. ძველით ახალ წელს დავლევ ერთ ჭიქა ღვინოს, ვერ ვარ კარგად, ისევ მეძახიან ავსტრიაში.

დაქცეულია ქვეყანა და ახალი წლისაგან რას უნდა ველოდო? როგორც ილია იტყოდა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. არაფერი გვაქვს გასახარებელი და სამომავლო. რა უნდა ვუსურო გამოთაყვანებულ ხალხს? ჭკუას მოგებოდეს, მაგრამ ეს სურვილზე არ არის. წიგნში არ იხედებიან და განათლებას ჩვენ არ ვღებულობთ. სამშობლოდან გავრბივართ და ბაღანას ვტოვებთ. როდესაც ამდენი ქართველი გაქცეულია, რა უნდა ვისურვო ამის პატრონმა?

ღვთის მადლით შეიძლება გაუნათდეს კაცს გონება, მაგრამ მაშინ რწმენა უნდა გქონდეს. ეკლესიებს რომ ანგრევ, რაღა ღვთის მადლს ელოდები? ყოველდღე იმის მეშინია, პატრიარქი არ მომიკლან. ღვთის მადლი რომ ყოფილიყო ჩვენზე, აქამდე მივიყვანდით საქმეს?!